ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავმოყვარეობის, ღირსებისა და ეროვნული კანონების პატივისცემა და დაცვა, – ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რატომ არ აშუქებენ ლიეტუვაში 11-12 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებს ჟიგიმანტასის ადგილობრივი პარტიული საძმაკაცო და მათი პარტიული ტელევიზიები, მეტნაკლებად გასაგებია.
„ჩვენი ჭკუის სწავლების, ჩვენთან ქედმაღლური დამოკიდებულების, დემოკრატიის „შუქურა“ ბალტიისპირეთიდან – საქართველომ არ უნდა მიიღოს ინფორმაცია იმის შესახებ: თუ როგორ აიყვანა მრავალათასიან მომიტინგეთა „ბრბომ“ ლიეტუვას პარლამენტი ალყაში; როგორ მოახდინეს სეიმის შესასვლელი ყველა კარის ბოიკოტირება; როგორ მართავდა ამ დანაშაულებრივ პროცესებს სეიმის დეპუტატთა ნაწილი; როგორ დაარბიეს ლიეტუვას ტელევიზიის ჟურნალისტები და ოპერატორები; თუ რა მძიმე დაზიანებები მიაყენეს სამართალდამცველებს ქვებით, ხელკეტებით, პეტარდების აფეთქებით – რომელთა ნაწილი დღემდეა კლინიკებში მძიმე მდგომარეობაში, მათ შორის დაზიანებული თვალების პრობლემით. მომიტინგეთა დასარბევად გამოყენებული ცრემლმდინარე გაზისა და წყლის ჭავლის, ასევე სხვა სპეციალური პოლიციური საშუალებების თაობაზე იმის შესახებ, რომ სეიმის ირგვლივ კონცენტრირებულ 5 ათას მომიტინგესა და ახლომდებარე ქუჩებში განლაგებული კიდევ რამოდენიმე ათასი ადამიანის დაშლა/დარბევა მოხერხდა მხოლოდ ღამის 2 საათისთვის; თუ როგორ დააკავეს აქციაზე 26 ადამიანი და ა.შ. ვისაც აინტერესებს დამატებითი ინფორმაცია, ეწვიეთ ლინკს.
ჩვენ კი გადავინაცვლოთ უკრაინაში, სადაც ასევე ჰქონდა ადგილი მასობრივ არეულობას, კერძოდ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე უცნობმა პირებმა გამოცემა „ბუკვის“ ჟურნალისტს, ოლექსანდრ კუჟელნის სცემეს, ფაქტზე გამოძიება კიევის პოლიციამ დაიწყო.
„დღევანდელი საპროტესტო აქციის დროს რამდენიმე კაცი ერთ-ერთი ჟურნალისტის მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელებას უშლიდა ხელს და მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. პოლიცია დამნაშავეთა იდენტიფიცირებაზე მუშაობს“, – აცხადებენ კიევის პოლიციაში.
ამის შემდეგ, ევროპელების, უკრაინელების, ტაილანდელების და ა შ. „მწუხარება“, თითის ჩვენება ჩვენი მისამართით – თავზე უნდა გადაახიო, ისევე, როგორც ადგილობრივი პროვოკატორების წამახალისებელი ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც გამოსულია საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებიდან. ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავმოყვარეობის, ღირსებისა და ეროვნული კანონების პატივისცემა და დაცვა. ყველამ საკუთარ თვალებში თავის „დირეებს“ მიხედოს“, – წერს დავით ქართველიშვილი.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართული საპროტესტო აქცია რადიკალური მოძრაობა „ნაციონალური კორპუსის“ მიერ იყო ორგანიზებული. აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებიც მოხდა. არეულობების შედეგად, 7 პოლიციელი დაშავდა.
კომენტარები