საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად, მესამე ვადით, ლერი ხაბელოვი აირჩიეს. სხვა კანდიდატურა არც ყოფილა. ყოფილმა პრეზიდენტმა, გია ნაცვლიშვილმა, არჩევნებამდე მოხსნა საკუთარი კანდიდატურა. როგორც წესი, ოლიმპიური კომიტეტის არჩევნები, ზაფხულის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ იმართება. მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ტოკიოს 2020 წლის თამაშები გადაიდო და მომავალ წელს ჩატარდება. ლერი ხაბელოვს და სეოკ–ის აღმასკომს შეეძლოთ, ეს წესი არ დაერღვიათ. ხაბელოვისთვის ერთი წლის ვადით გაეგრძელებინა აღმასკომს უფლებამოსილება და არჩევნები, 2021 წელს, ოლიმპიადის შემდეგ გაემართა. ლერი ხაბელოვის ოპონენტები ამბობენ, რომ არჩევნების ნაჩქარევად ჩატარება საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება, კერძოდ, მის შედეგებს. არჩევნებმა, შესაძლოა, ვითარება ისე შეცვალოს, რომ ხაბელოვი ვეღარ დარჩენილიყო პოსტზე. სეოკი–ს სესია დეკემბერში იყო დაგეგმილი, მაგრამ გადმოიტანეს აგვისტოში. სეოკ-ის წარმომადგენელთა თქმით, არჩევნების შეცვლის მიზეზი ეპიდემიოლოგების მიერ დაანონსებული კორონავირუსის მეორე ტალღა იყო. მე არც აგვისტოში, არ დეკემბერში არ მიმაჩნია მართებულად არჩევნების ჩატარება. არჩევნები უნდა გამართულიყო გაისად, ზაფხულის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ. ლერი ხაბელოვი სეოკ–ის პირველი პრეზიდენტია, რომელიც მესამე ვადით აირჩიეს, ორ ვადაზე მეტ ხანს, არავინ ყოფილა. ამ არჩევნებმა ეს წესიც დაარღვია და ხაბელოვის არჩევის გამო, სეოკ–ის წესდებაში ცვლილებები შეიტანეს. როგორც იტყვიან, ერთ კაცს მოარგეს ეს ცვლილებები. თუმცა, ლერი ხაბელოვი წავა და წესდებაში ერთი, უსამართლო, დისკრიმინაციული ცვლილება დარჩება. აქამდე, სეოკ–ის აღმასკომსა და წევრ ორგანიზაციებს შეეძლოთ დაესახელებინათ პრეზიდენტობის კანდიდატი. ახლა, მათ ისევ დარჩათ კანდიდატურის წარდგენის უფლება, მაგრამ კანდიდატი, არჩევნებამდე ბოლო 4 წლის განმავლობაში (ერთ ოლიმპიური ციკლი), სეოკ–ის წევრ რომელიმე ორგანიზაციაში უნდა მუშაობდეს პრეზიდენტად, ვიცე–პრეზიდენტად ან გენერალურ მდივნად. მთლად პიერ დე კუბერტენი რომ იყო და 3 წელი რომელიმე ფედერაციის პრეზიდენტიც, არ აგირჩევენ. მკაცრად განსაზღვრა სეოკ–მა–4 წელი და სამი წამყვანი თანამდებობა. ეს ცვლილება ბევრ ღირსეულ ადამიანს გადაუღობავს გზას სეოკი–ის პრეზიდენტობისკენ. უკაცრავად, მაგრამ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტია თუ სიგარის მოყვარულთა დახურული კლუბი? მარტო კლუბის წევრებს რომ აქვთ კლუბის პრეზიდენტობის უფლება? მართლა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. რატომ აწესებენ ასეთ აბსურდულ შეზღუდვებს? ჩემთვის ბევრმა პატივსაცემმა ადამიანმა დაუჭირა მხარი ამ ცვლილებებს, მაგრამ არ გავჩუმდები, რადგან საქმე დაკანონებულ უსამართლობასთან გვაქვს, აშკარა დისკრიმინაციასთან. ასეთ შეზღუდვებს დემოკრატიულ ქვეყნებში ოლიმპიური კომიტეტები არ აწესებენ. ერთსაც კი ვერ ნახავთ.
სესიის დაწყებამდე, სიტყვით გამოვიდნენ სეოკ-ის აღმასკომის წევრი დავით ქევხიშვილი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი, რომლებიც ახალ მიღებულ წესდებას აპროტესტებდნენ და არჩევნების გადადებას ითხოვდნენ. სიტყვით გამოსვლის შემდეგ მათ პროტესტის ნიშნად საარჩევნო სესია დატოვეს.
„ალიას“ დავით ქევხიშვილი ესაუბრება.
– დათო, სეოკ–ის სესია პროტესტის ნიშნად იმ შეზღუდვების გამო დატოვეთ, რომელიც უსამართლოდ დააწესეს, ცვლილებები შეიტანეს სეოკ–ის წესდებაში.
– პირველ რიგში, ვიდრე შეზღუდვებზე ვისაუბრებ, ფორმაზე ვიტყვი, როგორ დაწესდა ეს შეზღუდვები. ცალსახად მიუღებელი იყო ეს აკრძალვები, შარშან, დეკემბერში შემოიტანეს ოლიმპიური კომიტეტის საგანგებო სესიაზე. მაშინ როდესაც ჯერ აღმასკომზეც კი არ იყო განხილული. მე არ ვესწრებოდი ამ საგანგებო სესიას. აღმასკომის წევრებს გავესაუბრე და ყველამ თქვა, ჯერ აღმასკომზე უნდა განეხილათ და მერე შემოეტანათ ეს საკითხიო. რაღაც ფარულად გააკეთეს, შემოიტანეს ბევრი საკითხი ერთად, უმნიშვნელო თუ მნიშვნელოვანი და ეს საკითხი ბოლოში იყო. ხალხმა ვერც მოასწრო გააზრება. ბევრმა ვერც გაიგო წესიერად, რას მისცა ხმა. მაშ, აღმასკომი რაღა საჭიროა, თუ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევის წესზე, აღმასკომის წევრები არ იმსჯელებენ და პირდაპირ სესიაზე გაიტან? რაც შეეხება შინაარსს. ლერი ხაბელოვი ორი ვადით იყო არჩეული პრეზიდენტად და დიდი სურვილი ჰქონდა, მესამედაც გამხდარიყო პრეზიდენტი. ადრე ეწერა, რომ მოქმედ პრეზიდენტს, შეუძლია ხელმეორედ იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე. ახლა სწერია, რომ შემდეგი ვადებით, ორ ვადაზე მეტჯერ შეუძლია მოქმედ პრეზიდენტს კანდიდატურის წამოყენება. ამაზე რატომღაც არავინ ლაპარაკობს. ყველაზე ცუდი რაც არის, კონკურენცია მოისპო ამ ცვლილებებით. ყველაზე ძირითადი და ფუნდამენტური რაც არის, როდესაც კონსტიტუციურ უფლებებზე ვლაპარაკობთ, რაზედაც მე ვამახვილებ ყურადღებას, ეს არის საყოველთაობის პრინციპი. ეს პრინციპი არ მოქმედებს მარტო პარლამენტის ან სხვა პოლიტიკური ორგანოს არჩევნებისას. ეს პრინციპი ზოგადად, კონსტიტუციური პრინციპია და 28–ე მუხლში სწერია, მოქმედებს ყველგან, თუნდაც, კერძო სამართალში. ოლიმპიური კომიტეტიც, „სპორტის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, პირველ რიგში, კანონის მოთხოვნებს, პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს და არა ოლიმპიური ქარტიითა და წესდებით. „სპორტის შესახებ“ კანონში პირდაპირ სწერია ეს ყველაფერი და თუ ეს კანონი ირღვევა, მაშინ უნდა დადგეს კანონის დამრღვევთა პასუხისმგებლობის საკითხი. კანონი ცალსახად ამბობს, რომ უნდა იყოს საყოველთაობისა და დემოკრატიის პრინციპი დაცული. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ ყველას აქვს უფლება, აირჩიოს და იყოს არჩეული. ეს გახლავთ საყოველთაობის პრინციპი. ოლიმპიური კომიტეტის მესვეურნი, იმით აპელირებენ, რომ პასიური საარჩევნო უფლება შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული ცენზის დაწესებით. მაგალითად, ასაკობრივი ცენზის დაწესებით. ამ კონსტიტუციური პრინციპის შეზღუდვას სჭირდება ძალიან დიდი სიფრთხილე. ეს შეზღუდვა არ შეიძლება იყოს ხელოვნური და არ უნდა ემსახურებოდეს სუბიექტურ მიზნებს. ეს ყველაფერი ხელოვნურია იქიდან გამომდინარე, რომ ცალსახად არის დაფიქსირებული შეზღუდვის მიზანი, ეს შეზღუდვები იმიტომ დაწესდა, რომ შერჩეული იყოს ღირსეული და კვალიფიციური კანდიდატიო. ასე პასუხობენ ყველას სეოკ–ის ხელმძღვანელები, ამ შეზღუდვების მხარდამჭერები, ყველას, ვინც ამ შეზღუდვებს აპროტესტებს. ამ პრინციპით დაკანონებული შეზღუდვა არაკონსტიტუციურია. 1997 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ერთ–ერთი საკითხი განხილული, სადაც ცალსახად მიუთითა, რომ საყოველთაობის პრინციპის შეზღუდვა იმ მოტივით, რომ შერჩეული იყოს უფრო ღირსეული და კვალიფიციური კანდიდატი, ყოვლად დაუშვებელი და არაკონსტიტუციურია. ვინ უფრო ღირსეული და კვალიფიციურია, ეს უნდა გადაწყვიტოს ამომრჩეველმა. ეს არის წმინდა სამართლებრივი მხარე, რომლის გამოც ეს ცვლილებები, შეზღუდვები არ შეიძლებოდა მიეღოთ.
ახლა თავად შეზღუდვებზე ვიტყვი. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის კანდიდატობის უფლება ეძლევათ მხოლოდ სეოკ–ის წევრი სპორტული ფედერაციების მოქმედ პრეზიდენტებს, ვიცე–პრეზიდენტებსა და გენერალურ მდივნებს. თანაც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებამდე, ბოლო 4 წელი მუშაობდნენ ამ პოსტზე. თავისთავად, პრეზიდენტობის კანდიდატები შეიძლება გახდნენ სეოკ–ის მოქმედი პრეზიდენტი, ვიცე–პრეზიდენტი და გენმდივანი, ისინიც ამ პოსტებზე უნდა მუშაობდნენ ბოლო ოთხი წელი. ათვლა იწყება ბოლოს გამართული ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიდან. მაქსიმუმ, 20 სპორტული ფედერაციაა, თითოს ჰყავს პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და დავუშვათ, ორი ვიცე პრეზიდენტი. ეს 100 კაცი გამოდის და და ამას დავამატოთ სეოკ–ის მოქმედი პრეზიდენტი, ვიცე–პრეზიდენტი და გენმდივანი. სულ 103 კაცია და უკეთეს შემთხვევაში, ამ ხალხიდან უნდა აირჩეს მუდმივად პრეზიდენტი. თუმცა, 100 ბევრიცაა, რადგან რეალობა სხვა იქნება. ყველა ფედერაციის ხელმძღვანელები არჩევნებამდე 4 წლით ადრე ხომ არ იქნებიან დანიშნულები ამ პოსტებზე ? ყველას 4-წლიანი სტაჟი ხომ არ ექნება? მათგან არა ერთი იქნება ახალი დანიშნული, 2–3 წლის სტაჟის მქონენი, მეტის არა და ისინი ვერ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს. გამოდის, სადღაც, 60–70 კაციდან უნდა აირჩეს–ხოლმე მუდმივად სეოკ–ის პრეზიდენტი.
– კლანურ მმართველობაზე გადავიდა ოლიმპიური კომიტეტი. ერთი კლანის წევრებს აირჩევენ მუდმივად პრეზიდენტად, რომელიც ამ კლანის წევრი, მინიმუმ 4 წელი უნდა იყოს. ერთი წავა, მეორე მოვა, გარეშე ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, პრეზიდენტობის შანსი არ ექნება.
– კი, ბატონო, ეგრეა და ეგ არის, განვითარებას რომ უშლის ხელს. თუ შენ იცი, რომ მომავალში კონკურენტი არ გეყოლება, მაშინ ნებისმიერ შემთხვევაში გახდები პრეზიდენტი. ყველა ფედერაციის ხელმძღვანელი სეოკ–ის აღმასკომის წევრია, ბევრს უნდა პრეზიდენტობა, მაგრამ მოქმედ პრეზიდენტის კონკურენტობას, მასთან დაპირისპირებას, ყველა ერიდება. ასე იყო ბოლო არჩევნებზეც, როდესაც ლერი ხაბელოვი აირჩიეს მესამედ. თუ აღარ მოისურვებ პრეზიდენტობას, საკუთარი გარემოცვიდან შეარჩევ შემცვლელს და მას აირჩევენ. აღმასკომის სხდომაზე პირდაპირ, სახალხოდ ვუთხარი ლერი ხაბელოვს, თუ ამ არასამართლიან ცვლილებებს უკან წაიღებ, მოვალ და საჯაროდ მოგცემ ხმას–მეთქი. მე შენ, ეგეთი არჩეული, არ მჭირდები, მაგ გზით არჩეული, არაფერს გააკეთებ და ვინც საქმის გამკეთებელია, ძალიან ბევრ ადამიანს უზღუდავ ოლიმპიური კომიტეტის სათავეში მოსვლას–მეთქი. მაინც გაიტანა თავისი და დიდი შეცდომა დაუშვა.
– ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს 4 წელიწადში ერთხელ ირჩევენ და ყოველთვის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შემდეგ. ასეა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში. გასაგებია, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები კორონა–პანდემიის გამო გადაიდო, მაგრამ გაისად ჩატარდება. ლერი ხაბელოვისთვის პრეზიდენტობის ვადა გაეგრძელებინა აღმასკომს ერთი წლით და 2021 წელს, ტოკიოს ოლიმპიადის მერე ჩაეტარებინათ არჩევნები და ამ ოდითგან დადგენილ წესს ნუ დაარღვევდნენ. არ შეიძლებოდა?
– ეს ხდება იმის გამო, რომ ხაბელოვი მოსწრებაზეა, საპარლამენტო არჩევნებამდე უნდოდა ჩაეტარებინა სესია და გამხდარიყო პრეზიდენტი. დღეს მისთვის არავის სცალია და არ სცხელა. გააკეთა კიდეც. მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში სახელმწიფო იქცევა ისე, როგორც უნდა მოიქცეს დემოკრატიულ ქვეყანაში. ბევრი ამბობს, სახელმწიფომ რატომ არ მიუთითა, რატომ არ ჩაერიაო. არ უნდა მიუთითოს, სწორედ იქცევა. დღეს ზეწოლა არ არის დელეგატებზე, რომ ღირსეული და სამართლიანი არჩევანი გააკეთონ და ამის გამო, მათ პასუხს არავინ მოსთხოვს. ამის მაგალითი მე ვარ. უბრალოდ, ეს არის კერძო სფერო, სეოკ–ი არასამთავრობო ორგანიზაციაა და სახელმწიფო აძლევს ხალხს საშუალებას, მოდით, ერთხელ და სამუდამოდ, დემოკრატიული არჩევნები ჩაატარეთო. ეს თავისუფლება კი ვერ შევიშნოვეთ და არა მარტო ამ შემთხვევაში, ბევრ სხვა სფეროში.
– სეოკ–ის პრეზიდენტის არჩევის შეზღუდვებს მინდა დავუბრუნდე. თავის დროზე, ბადრი პატარკაციშვილი გახდა სეოკ–ის პრეზიდენტი და მისი პრეზიდენტობის პერიოდს, „ოქროს ხანას“ უწოდებენ ქართულ სპორტის სამყაროში. მაშინ სპორტული ჟურნალისტი ვიყავი, კარგად ვიცი, უზრმაზარი თანხები დაახარჯა ოლიმპიურ კომიტეტს, ფედერაციებს, მათ მენეჯერებს, სპორტსმენებს, მწვრთნელებს… ახლა, ასეთი პიროვნება რომ გამოჩნდეს და გადაწყვიტოს პრეზიდენტობა, ვერ შეძლებს. ბიძინა ივანიშვილმა, მისი ოჯახის რომელიმე წევრს მომავალში სურვილი რომ გაუჩნდეთ, გახდნენ სეოკ–ის პრეზიდენტები და პრეზიდენტის რანგში თავადაც დაახარჯონ ფული ოლიმპიურ კომიტეტს, სპორტის ოლიმპიურ სახეობებს, გზა გადაკეტილი აქვთ. არადა, ბევრ ქვეყანაში, მსხვილი ბიზნესმენები არიან ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტები.
– ეგ ერთი პრობლემაა, შეძლებულ ხალხს აღარ აქვთ შანსი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტები გახდნენ. მეორე და უფრო მნიშვნელოვანის არის, რომ მენეჯერული თვისებების მქონე ადამიანებს აეკრძალათ პრეზიდენტობა. ისეთ მენეჯერებს, რომელთაც ამგვარი მსხვილი ბიზნესმენების მოზიდვა შეუძლიათ სპონსორებად, ერთის კი არა, ათი მსხვილი ბიზნესმენისა. ინტელექტუალური რესურსია დაბლოკილი და არა მარტო ფინანსური. მარტივ მაგალითს გეტყვით. 3 წლის წინ, როდესაც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ვიყავი, ორი გიგანტური სპონსორი გვყავდა, „პსპ“ და „ზედაზენი“ და ფედერაციის შემოსავალი, მილიონ ლარს აჭარბებდა. არავინ ვიყავით ფედერაციაში მილიონერები, მაგრამ დავანახეთ ამ ხალხს, რომ სწორი, გეგმაზომიერი პოლიტიკა გვქონდა და ჩადეს ფული იქ, სადაც უნდა ჩაედოთ, არც ერთ ინდივიდუალური სახეობაში დღემდე ამგვარი რამ არ ყოფილა. აი, ამაზეა საუბარი.
– დათო, ეს აკრძალვა არაკონსტიტუციური რომ არის, ვიცი, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ქარტიასთან და ოლიმპიურ პრინციპებთან რამდენად მოდის შესაბამისობაში?
– ესენი ზუსტად მაგით აპელირებენ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მწვანე შუქი აგვინთო, არ არის წესდებაში ამ ცვლილებების წინააღმდეგი და ოლიმპიური ქარტიასთან შესაბამისობაში მოდისო. კი, ბატონო, კერძო ორგანიზაცია ხარ, არასამთავრობო და რა ცვლილებებსაც გინდა, იმას მიიღებ, თუკი ორგანიზაციის წევრები ამას ეთანხმებიან. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი. ეს კერძო ორგანიზაცია დიდწილად ფინანსდება სახელმწიფოსგან. ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით 5–6 მილიონ ლარს იღებს ბიუჯეტიდან. აქედან გამომდინარე, ასეთმა, ბიუჯეტიდან, სახელმწიფოს ფულით დაფინანსებულმა ორგანიზაციამ, კეთილი უნდა ინებოს და სახელწიფოს საერთო–სამართლებრივ სისტემაში ჩაჯდეს, იმ პრინციპებში ჩაჯდეს, რასაც სახელმწიფო აწესებს. მეორე, მე ადრეც განვაცხადე და ახლაც ვიტყვი. კი, ვამბობ, რომ სახელმწიფო სწორედ იქცევა, როდესაც სეოკი–ს საქმეებში არ ერევა, მაგრამ სახელმწიფომ ასეთი ოლიმპიური კომიტეტი არ უნდა დააფინანსოს, თანხა არ უნდა მისცეს. ბევრს არც არაფერს აკეთებენ ოლიმპიურ კომიტეტში, ბიუჯეტიდან გადარიცხულ თანხას ანაწილებენ ფედერაციებზე. ამას ისედაც აკეთებს მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სპორტული ფედერაციები ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით სამინისტროს გავლით ფინანსდება, სამინისტრო ანაწილებს ფედერაციებზე საერთო თანხის დაახლოებით 80%–ს და იმ დარჩენილ 20%–საც, რომელსაც სეოკ–ი ანაწილებს ფედერაციებზე, სამინისტრო გადაანაწილებს. თუ დამოუკიდებელი და არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ, კეთილი ინებე და მოიზიდე ის თანხები, რაც გჭირდება. თუ მთავრობა გაფინანსებს, არასამთავრობო და სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი როგორღა ხარ?
– დათო, ფაქტია, უსამართლობა დაკანონდა, არაკონსტიტუციური და დისკრიმინაციული ცვლილებები შევიდა სეოკი–ს წესდებაში. გყავთ თანამოაზრენი და აპირებთ ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას?
– მე ახლა კონსულტაციების რეჟიმში ვარ. ვარკვევ, ეს საკითხი საკონტიტუციო სასამართლოს განსახილველია თუ საერთო სასამართლოების კომპეტენციაა. ძირითადად მაინც საჯარო სექტორის, პარლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობას იხილავს საკონსტიტუციო სასამართლო. კარგი იურისტი და კარგი გეგმა სჭირდება ამ ყველაფერს, რომ იმას, რასაც ვამბობ, კიდევ უფრო მკაფიო სამართლებრივი სახე მიეცეს. მე დღეს ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ, არ ვიცი, საერთოდ ამის ამ ფორმით გაკეთება. თუმცა, უსამართლობასთან შეგუებას არ ვაპირებ.
ლევან ჯავახიშვილი, „ალია“ #33
კომენტარები