ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტი ე.წ სახელმწიფო საზღვარზე მოქმედი სამართლებრივი რეჟიმების დარღვევის მზარდი შემთხვევების შესახებ იუწყება და ე.წ სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლებს მოუწოდებს მუდმივად იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი:
„სასაზღვრო ინფრასტრუქტურის არსებული საშუალებები და ობიექტები განლაგებულია, უპირველეს ყოვლისა, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სახელმწიფო საზღვართან და მის მიმდებარედ უკანონო მოქმედებების თავიდან ასაცილებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.
„კა-გე-ბე” დესტრუქციულად მიიჩნევს იმ ინდივიდების ქმედებებს, რომლებიც კონტრაბანდული საქმიანობისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მიზნით, სოფელ სინაგურთან, ე.წ სასაზღვრო საკონტროლო გამშვები პუნქტის დახურვას ლობირებენ.
დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, ე.წ. სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევა ითვალისწინებს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
კომენტარები