ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი გადაცემა “მთავარ აქცენტებში” ამბობს, რომ თამარის მეგობარმა დეა კაპანაძემ უკვე 4 ჩვენება მისცა გამოძიებას და ჩვენებები განსხვავებულია, თუმცა, მათ აქვთ ერთი საერთო:
“ყველა ჩვენებაში დეა კაპანაძე წერს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს, სკოლის ასაკში რამდენჯერმე ჰქონდა ამდაგვარი ქმედება – ჯერ ამბობს, კლასელმა მითხრაო და არ ასახელებს კლასელის სახელს, არ მახსოვსო, მერე ამბობს, კიდევ სხვა ჩვენებაში, თავად თამარმა მითხრაო…”
გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი კი ამბობს, რომ დეა კაპანაძეს პირველ ჩვენებაში თვითმკვლელობაზე არაფერი აქვს ნათქვამი, რაც შეეხება მომდევნო ჩვენებებს, სადაც უკვე სუიციდზე ჩნდება ჩანაწერი, დედა ვარაუდობს, რომ ეს გამოძიების ზეწოლის შედეგია.
“მცდელობა ჰქონდა და მე არ ვიცოდი? მე არაფერი არ ვიცი. სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება. ან რომ ამბობს ახლა თამუნამ მითხრაო, თამუნა ვეღარ უარჰყოფს და მაგიტომ ამბობს?”
თეონა თამაზაშვილი ასევე საუბრობს, დეას მიერ შეცვლილ კიდევ ერთ ჩვენებაზე:
დეას, რომ დავურეკე თამუნა შენთან ხომ არ არის მეთქი – არაო, თამუნამ ასე მითხრა, რომ ბევრი საქმე მაქვს და 2 დღე არ დამეკონტაქტოო და მერე ინტერვიუში ამბობს, რომ 10 დღეო – თამუნა არ ეტყოდა ათი დღე არ მომწეროო, ყოველ დღე კონტაქტობდნენ.
თამუნას დედა და ადვოკატი ასევე საუბრობენ იმაზეც, რომ თამუნას კლასელები მათთან საუბარს გაურბიან და ფიქრობენ, რომ მათზეც მიდის ზეწოლა.
დედა კი ჰყვება, რომ გამომძიებელმა მას უთხრა: – “დავკითხეთ 150 ადამიანი და თამარზე აუგი ერთსაც არ უთქვამს”
თეონა თამაზაშვილი, როგორც ჰყვება, თავადაც ცდილობს დეასთან შეხვედრას, თუმცა ამაოდ. ითხოვა, შსს-ში მაინც შეეხვედრებიათ დეა, მაგრამ უთხრეს, რომ თამუნას მეგობარს თავად არ სურს მეგობრის ოჯახის ნახვა და ვერ დააძალებენ.
კომენტარები