ია ანთაძის ინტერვიუ ექიმ ალერგოლოგ-იმუნოლოგთან, ბიძინა კულუმბეგოვთან (ია ანთაძის პროექტი „საინტერესო ადამიანები“)
– ბატონო ბიძინა, თუ გქონიათ ერთგვარი შემობრუნების მომენტი, რომელმაც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეცვალა თქვენს ცხოვრებაში?
– დიახ, შეიძლება ითქვას, რომ მქონია. დიდი ხნის განმავლობაში მქონდა გადაწყვეტილი, რომ ჩემი ცხოვრება სამედიცინო სფეროსთან დამეკავშირებინა. ხონის მესამე საშუალო სკოლა დავამთავრე და ჩემს სკოლაში იყო ძალიან საინტერესო ტრადიცია: პირველ კლასში, როცა ანბანის ყველა ასოს ისწავლიდი და წერა უკვე იცოდი, დაწყებითი კლასების მასწავლებელი დაფაზე დაწერდა ასეთ ფრაზას: „რა გინდა, რომ გამოხვიდე“. ჩვენ, პირველკლასელები, ერთი ან ორი სიტყვით ვწერდით, რა გვინდოდა, რომ გამოვსულიყავით. ეს ყველაფერი ტყავის ლამაზ ჩანთაში ინახებოდა და მე-11 კლასის ბოლო ზარზე ყველა თაობის ნაწერები იხსნებოდა. თერთმეტი წლის შემდეგ კითხულობდნენ ჩვენი პირველი კლასის ხელნაწერს.
– არ გახსოვდათ, რა დაწერეთ?
– არ მახსოვდა და, როგორც წესი, უმრავლესობას არ ახსოვს, იქ რა დაწერა. ყველას სასაცილო პასუხი ჰქონდა: „კოსმონავტი“, „ტრაქტორისტი“ და ასე შემდეგ… აღმოჩნდა, რომ მე დამიწერია „ექიმი“. ეს რამ განაპირობა, არ ვიცი, რადგან ექიმობის საოჯახო ტრადიცია არ მქონია. როცა სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, ზუსტად ნამდვილად არ ვიცოდი, რა მიმართულებით უნდა წავსულიყავი. პროფესიული დამკვიდრება, პროფესიულ სცენაზე ასვლა ძალიან რთულია ჩვენს ქვეყანაში და, სხვათა შორის, არამარტო ჩვენს ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო ბატონი ნუგზარ უბერი, პედიატრი. ამ ადამიანმა დიდი როლი ითამაშა, რომ მე ექიმი გავმხდარიყავი. ის იყო დეკანი, ჩემი მენტორი და მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა.
– მასთან შეხვედრა მიგაჩნიათ შემობრუნების წერტილად?
– დიახ, ბატონმა ნუგზარმა განაპირობა, რომ მე მყარად გადავწყვიტე, არ წავსულიყავი უფრო მაღალხელფასიან სამსახურში, რომელიმე ფარმაკოლოგიურ კომპანიაში. არ მინდა, ვინმეს გული გავუტეხო, მაგრამ, უნდა ჩავთვალოთ, რომ 30-32 წლამდე ხელფასი არ გექნებათ, თუკი ექიმობა გადაწყვიტეთ. სხვა პროფესიაში კი შეიძლება 8-10 წლით ადრეც გქონდეთ მაღალანაზღაურებადი სამსახური. ამიტომ, ამ ადამიანის გაცნობა, მასთან ურთიერთობა იყო ის შემობრუნება, რის გამოც მე ვარ იქ, სადაც ვარ.
– როდესაც თქვენ შესახებ მასალას ვსწავლობდი, ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ თქვენი პროფესიული ცხოვრება კონკიას ზღაპარს ჰგავს – ნულიდან დაიწყეთ და გზადაგზა არაერთხელ გაგიმართლათ, რადგან გარემოებები თქვენთვის სასარგებლოდ დალაგდა; გზადაგზა კი სწორი ადამიანები გხვდებოდნენ და გეხმარებოდნენ. ცხადია, თქვენც ბევრი იშრომეთ. ხართ თუ არა სრულად კმაყოფილი იმ გზით, რომლითაც დღემდე მოხვედით?
– მე ვფიქრობ, რომ ადამიანი მიღწეულით კმაყოფილი არ უნდა იყოს – ეს მისთვის დამღუპველი იქნება. ყოფილა შემთხვევა, თვითტკბობაშიც ჩავვარდნილვარ: რა კარგია, ეს რომ მოვარჩინე; რა მაგარია, ის რომ აღმოვაჩინე… მაგრამ შინაგანად მაქვს ეს პრინციპი, რომ კმაყოფილი არასოდეს ვარ.
– განვლილი გზით თუ ხართ კმაყოფილი, ეს მაინტერესებს – და არა იმ კონკრეტული ადგილით, სადაც დღეს იმყოფებით.
– ამაზე ბევრი მიფიქრია. შეიძლება, ზოგი რამ სხვანაირად რომ მომხდარიყო, ბევრად სწრაფად წასულიყო პროცესი. მაგრამ ჯამში რა კონდიციასაც მივაღწიე პიროვნული და პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, მაინც კმაყოფილი ვარ.
– მიგაჩნიათ, რომ დრო დაგეკარგათ?
– ზოგ რამეს ახლა ვანაზღაურებ. მაგალითად, უცხო ენაზე ახლა დავდივარ. რაღაც კუთხით, თავიდანვე რომ მქონოდა ხელშეწყობა, მატერიალური ბაზისი, ახლა ბევრად წინ ვიქნებოდი.
– თუ გახსოვთ, თქვენი პროფესიული საქმიანობის დასაწყისში როგორ გაიარეთ ორი მთავარი ეტაპი: გამოცდა წარმატებით და გამოცდა წარუმატებლობით?
– ამაზე ბევრი არ მიფიქრია, ეს პერიოდი გავიარე ისე, როგორც გავიარე. შეცდომები ნამდვილად იყო. თქვენ იცით, სოციალური ქსელი როგორი ხარისხით არის შემოჭრილი ჩვენს ყოფაში. ათასი ჯგუფია, ათასი კომენტარია… ზოგს შენ ვერ წვდები, მაგრამ ვიღაც ფოტოს გადაუღებს კომენტარს და გამოგიგზავნის: „ბიძინა, შენზე ამას ამბობენ.“ ექიმი შეუცდომელი და, ამ თვალსაზრისით, ბოლომდე თავისუფალი ვერ იქნება. ჩვენი პროფესია ურთულესია. მაგრამ მე მაქვს ერთი პრინციპი. როცა სხვა ექიმისგან პაციენტი ჩვენთან ხვდება, ხშირად ვაწყდები ასეთ ფაქტს: ბევრი წამალი აქვს გამოწერილი, მაგრამ დიაგნოზი არ უწერია. მე ყოველთვის ვაფიქსირებ ჩემს აზრს, ჩემს დიაგნოზს. როცა პაციენტები თუნდაც ტელეფონზე დამირეკავენ და მეტყვიან: ხუთი წლის წინ თქვენთან ვიყავი და ახლაც დახმარება მჭირდებაო, ყოველთვის ვთხოვ, წამიკითხონ ჩემი ძველი დიაგნოზი. ხანდახან იმ დიაგნოზს რევიზია სჭირდება, მაგრამ ჩემი პრინციპია, რომ დიაგნოზის გარეშე არ გავუშვა ადამიანი. ასე რომ, ეს გზა წარმატებაზეც გადიოდა, შეცდომებზეც… ყველაფერი ერთმანეთს ავსებს, დასკვნების გაკეთების საშუალებას მაძლევს და, რაც მთავარია, მაძლევს იმის საფუძველს, რომ ხვალ უკეთესი ვიყო, ვიდრე დღეს ვიყავი. მე სწორედ ეს მინდა.
– რამდენადაც ვიცი, ბავშვობიდან მოყოლებული, სულ ერთი გზით მოდიხართ და მთელი თქვენი გამოცდილება ექიმის პროფესიას უკავშირდება. მაინც, თუ გაქვთ რაიმე სხვა გამოცდილება, რომელიც, შეიძლება, შეუსაბამოდაც კი მიგაჩნიათ თქვენთვის?
– ჩვენი პროფესია იმდენ ჩართულობას მოითხოვს… დათვლილია (ვინ დათვალა, ან რამდენად შეესაბამება რეალობას, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი), ექიმი თავისი სფეროს საყოველთაო სიახლეებს რომ არ ჩამორჩეს, საკუთარ დარგში დღეში საშუალოდ 11-მდე პუბლიკაციას უნდა გაეცნოს. ეს არარეალურია და ამიტომაც არსებობს გამარტივებული წვდომა, ფასიანი პლატფორმები, რომლებზეც ხელი ჩვენც მიგვიწვდება. იმის მიუხედავად, რომ ექიმობა, ასე ვთქვათ, სრულ „ჩაყვინთვას“ საჭიროებს, შეიძლება, ადამიანს მრავალმხრივი ინტერესი ჰქონდეს. მე ჩემს კოლეგებს პატივს ვცემ – ზოგი საკუთარი ნახატების გამოფენას აწყობს, ზოგი საფორტეპიანო კონცერტს მართავს… ეს ძალიან კარგია. მაგრამ, მათგან განსხვავებით, მე სხვა თანდაყოლილი ნიჭები ნამდვილად არ მაქვს.
– კულინარიის?
– არა, ძალიან მწყრალად ვარ. ერთადერთი – და ეს ჩემს ცხოვრებაში სიახლეა – დაახლოებით ორი თვეა, ვეგანური კვების რეჟიმს შევუდექი. ჩავთვალე, რომ ჯანსაღი კვების პრინციპები მე თავად უნდა გავიზიარო, რომ სხვებსაც ვურჩიო.
ჩემი კვების რეჟიმი ამ შემთხვევაში ძალიან შევცვალე. მეც ვერევი ამ საკითხში. ამ პროდუქტების, ინგრედიენტების, ბიო, ორგანული – ეს არცთუ ისე მარტივი და არცთუ ისე იაფია, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, აი, ბოლო ორი თვეა.
ცხოველურზე, ჯერჯერობით, უარს ვამბობ, ამ მხრივ წავედი.
– თქვენი ოჯახის წევრებს დისკომფორტი ხომ არ შეექმნათ ამის გამო?
– ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად მუდმივი ცხოვრება არ მიწევს. მშობლები იმერეთში ცხოვრობენ, ხონში, მე კი, უკვე ოცი წელია, თბილისში ვარ. ამიტომ, ეს დისკომფორტი არ არსებობს. პირიქით, დედა ძალიან კმაყოფილია ჩემი ამ გადაწყვეტილებით, რადგან ჯანმრთელობას, ასაკთან ერთად, მეტი ყურადღება სჭირდება.
– როგორც ვხვდები, თქვენთვის ექიმობა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს თქვენი ცხოვრების წესია. რა განსხვავებაა იმ ადამიანს შორის, რომლისთვისაც ექიმობა პროფესიაა და იმ ადამიანს შორის, რომლისთვისაც ექიმობა ცხოვრების წესია?
– გიდასტურებთ, რომ ჩემთვის ექიმობა ცხოვრების წესია. დიახ, არსებობს პროფესია და არსებობს მოწოდება. ადამიანი შეიძლება მოწოდებით იყოს საკუთარი პროფესიის ნაწილი და არ იყოს თავის პროფესიაში მხოლოდ პროცესის მონაწილე. მე ვფიქრობ, ექიმობა მოწოდება უნდა იყოს. უნდა გიყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებ; უნდა გიყვარდეს პაციენტი და, როგორც ამბობენ, პაციენტი და ექიმი თუ ერთ მხარეს არის, დაავადება მეორე მხარეს რჩება. ჩემი მეგობრები ხშირად მეკითხებიან – მოსაწყენი არ არის შენი სამსახური, დილიდან რომ საღამოს 8-9 საათამდე პაციენტებს უზიხარო? მე ვეუბნები, იმდენად მიყვარს ეს საქმე, დილა რომ თენდება, მიხარია იქ წასვლა, სადაც მივდივარ-მეთქი. არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, რომ მატერიალური ანაზღაურება საზღვრავდეს, სად უნდა ვიყო და რა უნდა ვაკეთო. არაერთხელ მითქვამს – ყოველთვის, ყველა ეტაპზე მყოფნის ის, რაც მაქვს. თუმცა, ექიმური წარმატების ნაწილში მნიშვნელოვანია, ექიმის ანაზღაურება იყოს იმდენად მაღალი, რომ მას ოჯახთან მიმართებაში საფიქრალი არ ჰქონდეს.
– ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში ამბობდა ავიცენა (ექიმი და ფილოსოფოსი): ექიმი მდიდრულად უნდა იყოს ჩაცმული, ძვირფასი ბეჭდით და საუკეთესო ცხენით უნდა დადიოდეს, რომ მუდამ ავადმყოფზე ფიქრობდეს და არა ყოველდღიურ საზრუნავზეო.
– უნდა გიყვარდეს ეს საქმე. ალტრუიზმის გარდა, სხვა რამ არ უნდა გამოძრავებდეს და მერე ეს გიფასდება, რასაკვირველია. ჩვენს ქვეყანაში კი არის სკეპტიკური დამოკიდებულება ექიმების მიმართ, მაგრამ მინდა, რომ დავარღვიოთ ეს სტერეოტიპი. ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ჩვენი განვითარების მასშტაბები ისეთივეა, როგორიც ჩვენი საზოგადოების განვითარების დონეა. თუმცა, ვფიქრობ, ჩვენი ზოგიერთი დარგი მსოფლიო სტანდარტებს არ ჩამოუვარდება.
ფოტო ირაკლი გედენიძისა
სრული ვერსია იხილეთ „საინტერესო ადამიანები“
კომენტარები