გამოცემა “თაიმერი” აქვეყნებს 70 წლის ქალის, დოდო ჯოხაძის ისტორიას და წერს რომ იგი 13 წელია ზუგდიდში, „მაცხოვრის კარის“ სასაფლაოზე, ერთადერთი ვაჟის საფლავთან ცხოვრობს.
2009 წლის 4 დეკემბერს, სოფელ ჩხორიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც 32 წლის დავით (ჯაჯა) ჯანჯღავას სიცოცხლე ემსხვერპლა.
შვილისთვის საფლავის გაკეთება თავდაპირველად, საკუთარი სახლის ეზოში სურდა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც ზუგდიდში, ქალაქთან ახლოს არსებულ სასაფლაოზე დაკრძალა, სადაც დოდო ჯოხაძე ვაჟის დაკრძალვიდან დღემდე, დასთან, როზა ჯოხაძესთან და რვა მიცვალებულის საფლავთან ერთად ცხოვრობს.
– 2009 წლის 4 დეკემბერს შეიცვალა ჩემი ცხოვრება… ჩემი შვილი სოფელ ორულუში, ღონისძიებაზე იყო წასული, იქიდან რომ დაბრუნდა, დაურეკეს მეგობრებმა და სადღაც წაყვანა სთხოვეს. ჩემს შვილს წასვლა არ უნდოდა, ალბათ გული უგრძნობდა, მაგრამ მათ არ დააყენეს და გაბრაზებული წავიდა მათთან. მე კი დამიბარა, მალე დავბრუნდებიო. უკვე ღამის 10 საათი შესრულდა და რომ არ დაბრუნდა, დავურეკე, ვიღაცამ აიღო ტელეფონი. გამიკვირდა, ყურმილი ჩემმა დამ გამომტაცა და უთხრეს ავარიის ამბავი. მაშინვე საავადმყოფოში წავედით. იქ, იმ ბიჭების მშობლები დაგვხვდნენ, ვისაც გაჰყვა ჩემი შვილი. ყვიროდნენ: “ჩვენი შვილია მკვდარი, ჩვენი შვილიო”, ვითომ, მე მაწყნარებდნენ (მათ დღემდე ვმტრობ). მე შიგნით არ შემიშვეს, ამბავი ჩემს ძმას უთხრეს და ასე გავიგეთ. საავადმყოფოდან გამომიშვეს და თურმე, ჩემი შვილს ცხედარი (გასაკვეთად) ექსპერტიზისთვის გადაასვენეს, სადაც ის მეორეჯერ მომიკლეს, დაუკითხავად გაკვეთეს ეს ყველაფერი.
ნათესავებისგან ძალიან დიდი წინააღმდეგობა შემხვდა, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილება არ შევცვალე. ჩემი შვილი სასაფლაოზე იმ პირობით დავასაფლავე, თუ მეც მასთან ერთად ვიცხოვრებდი მის საფლავთან. მას შემდეგ, აქ, სასაფლაოზე, ჩემს დათოსთან და გარდაცვლილ ნათესავებთან ერთად, მე და ჩემი და ვცხოვრობთ.
დიახ, ერთ წელზე მეტი ღია ცის ქვეშ ვცხოვრობდით. მერე ჩემი შვილის მეგობრების დახმარებითა და ჩემი ფიზიკური შრომით, საფლავი საცხოვრებელ სახლს დავამსგავსეთ. აქ, უკვე წყალიც და ელექტროენერგიაც გვაქვს. სველ წერტილებს რაც შეეხება, მხოლოდ საპირფარეშოა. აქვე, ახლოს, ჩემი ძმა ცხოვრობს და მასთან დავდივართ ხოლმე დასაბანად.
სასულიერო პირები თავიდან, მირჩევდნენ, რომ არ გამეკეთებინა, რადგან ეს მიუღებელი იყო. საბოლოოდ კი, მათ, ჩემს გადაწყვეტილებას პატივი სცეს. “მონასტერში ხომ ცხოვრობენ დედები და ესეც მისი შვილის გვერდით ცხოვრობსო”, უთქვამს ერთ-ერთ მამაოს.
დილით ადრე ვდგები. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვანთებ სანთელს და ლოცვებს ვკითხულობ, შემდეგ კი ჩემს შვილს ყავას ვუხარშავ და საფლავთან ვუდგამ. მერე, როგორც ოჯახში ხდება ხოლმე, სხვა საქმეებსაც ვაკეთებ. როცა მიცვალებულების ხსენების დღეა, დათოს მეგობრები, ახლობლები და ნათესავები მოდიან და ერთად აღვნიშნავთ ხოლმე.
არანაირი შიში არ გვაქვს. დასაფლავების დღიდან არაფრის მეშინია. ვგრძნობ, რომ ჩემი შვილი ჩემს გვერდითაა და რისი, ან ვისი უნდა მეშინოდეს?!
გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებ, გამორიცხულუილია! არასდროს, რადგან დათოს გარდა, არ მყავდა შვილი! ყოველთვის ვამბობდი, “სადაც ჩემი შვილი იქნება, მეც იქ ვიქნები”-თქო. სამწუხაროდ, ცხოვრებამ ასეთი ბედი მარგუნა, მაგრამ შევეგუე. მე ჩემი შვილის გვერდით ვარ, ძალიან ხშირად ველაპარაკები და თავს ვიმშვიდებ.
ყველაზე მეტად მენატრება ჩემი შვილი და სიკვდილის ნამდვილად არ მეშინია. მეც ძალიან მაინტერესებს, ჩემი სიკვდილის შემდეგ, რა იქნება აქ. ალაბთ, დაიხურება ეს კარი და მოაკითხავენ ხოლმე საფლავს.
წყარო – თაიმერი
კომენტარები