გვერდი “ჩვენი ზესტაფონი” აქვეყნებს ია კუპრაშვილის წერილს:
“ახალი გათხოვილი ვარ, ორთვიანი საქორწინო მოგზაურობიდან დავბრუნდით და რამდენიმე დღით რაჭაში, კერძოდ – ნიკორწმინდაში, დედამთილ-მამამთილს ჩავაკითხეთ.
17 წლისა ვარ (რა მეჩქარებოდა და ასთე მეგონა სწორი და კაი).
ჰოდა, ჩემი დედამთილი მიდის სხვა სოფელში, პანაშვიდზე და დამიბარა, ლობიოს წყალი შეასხიო.
– კააი-მეთქი და გაიხურა ჭიშკარი თუ არა, დავიკაპიწე სახელოები ამ ქალაქელმა გოგომ და დავიწყე წყლის შესხმა ლობიოზე.
სახლის უკან კაი 2 ჰექტარი სიმინდის ყანა იყო და სიმინდებს შორის ლობიო იყო დათესილი (გახმა
მაგის ძირი). ეზოში მოვუშვი ონკანი, ავიღე თოხი და წყალს გავურუე ანუ პატარა თხრილს ვაკეთებ, სადაც წყალმა უნდა იდინოს და ლობიო მოვრწყო. ნანახი მქონდა, როგორ ხდებოდა.
გავთხარე მთლიანი ეზო, მერე სახლის გვერდით და როგორც იქნა, მივიყვანე ყანამდე. და დავიწყე კვლებს შორის არხის გაყვანა. თან ეს წყალი მოჩუხჩუხებს, მიხარია, თავი გავართვი საქმეს და დედამთილის დავალებას ვასრულებ.
წარმოიდგინეთ, რომ სიგრძეში ეს ყანა ასე, 700-800 მეტრია. რამდენ ხანს მოვუნდებოდი ერთი კვალის მორწყვას. თან, – ნწ, ნწ, როგორ გაუხმიათ უწყლოდ, რომ არ ჩამოვსულიყავი, რა ეშველებოდათ-მეთქი, – თავს ვაქნევ, ოჯახის გადამრჩენელი.
ნუ, კაი 4-5 კვალი მოვრწყე, ყანის ბოლოში ვარ, მოსაღამოვებულია და ვნანობ, რომ მთელი ყანის მორწყვას ვერ მოვასწრებ. მესმის
დედამთილის კივილი. – მააარიიი…
აი, განწირული ხმით ყვირის. გავაგონე ყანის ბოლოდან.
– მოოოდიიი, სადანა ხააარ…
ამოვირბინე, შევედი სამზარეულოში და რას შეხვალ? ხანძარია.
ისეთი კვამლი დგას, არაფერი ჩანს. ხმითა და ხელის ცეცებით მივაგენი დედამთილს, ვტაცე ხელი და მოვათრევ, უნდა გადავარჩინო.
ეს მიძალიანდება.
– რა ქენი, ადამიანო, როგორ გააჩინე ხანძარი-მეთქი, თან ვსაყვედურობ, თან ვაწვები უკნიდან, რომ გარეთ გავიყვანო.
ამ დროს შემოდის ჩემი ქმარი…
გაზზე მდგარ ქვაბს (ქვაბს რააა, დამდნარ თუჯს) სტაცა ბუხრის საჩხრეკი და გაისროლა ეზოში.
ნუ, ცოტა მივწყნარდით, კვამლი გავიდა.
– სად იყავიო, დედამთილი მეკითხება.
– ლობიოს ვრწყავდი-მეთქი.
– რად უნდა ლობიოს მორწყვაო, – გადაირია ქალი.
– შენ არ მითხარი, ლობიოს წყალი შეასხი-მეთქი?
– გაზზე რომ მოსახარშად დავდგი, იმაზე გითხარი, წყალი ჩაგემატებინაო
– აა, რომ გეთქვა, დაასხი, მივხვდებოდი, მარა შეასხი ვერ გავიგე, რაჭული არ ვიცი-მეთქი
– ლობიოს მორწყვა ხომ იცი, სამაგიეროდ? ჯერ ერთი, ეს კახეთი კი არაა, რომ ლობიოს მორწყვა უნდოდეს, აქ რაჭაა და მიწა სულ სველია, თანაც, სექტემბერია, ხვალ ლობიოს აღებას ვაპირებ, უკვე შემოსულია და რა დროს მორწყვააო”
კომენტარები