23 სექტემბერს, გენერალურ პროკურატურაში, მედიის წარმომდგენლებისთვის თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერები გასაჯაროვდა. ამის შემდეგ, საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და თამუნას დედას, თეონა თამაზაშვილსაც, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში დაიჯერებს მისი შვილის თვითმკვლელობის ვერსიას, თუ პროკურატურა სატელიტის ფოტოს დადებს, სადაც თამუნას ავტომანქანა 18-22 ივლისს მაწევანის ტყეში იქნება დაფიქსირებული:
“ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ მოცემულობას, რომ ოჯახი და ადვოკატები დარწმუნებულნი არიან, რომ აქ არის ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელებული მკვლელობა ხან საკალმახესთან, ხან – “ვილა ალგეთთან”… დედის განცხადება, სადაც ამბობს, რომ თუ იქნება სატელიტის ფოტოები, თვითმკვლელობას მაშინ დავიჯერებო, პირდაპირ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ ვერსიების ლოგიკურობას. როგორ შეიძლება დედის პოზიცია რამე ფორმით ამყარებდეს იმ ვერსიებს, რაც აქამდე ადვოკატსაც ჰქონდა წარმოდგენილი? ადვოკატი მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ დარწმუნებულია, მანქანა იქ არ იდგა და გოგონა მოკლეს. მისი ეს პოზიცია ჯერ კიდევ მაშინ დაფიქსირდა, როდესაც პირდაპირ ეთერში უჩვენებდნენ მანქანიდან ცხედრის გადმოსვენების კადრებს. პირველი მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებაც კი არ იყო დასრულებული, როცა მან კატეგორიულად განაცხადა, რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობას და ყველა მისი შემდგომი ნაბიჯი ამ პირველი ვერსიის შესაბამისად გრძელდება. დედის ეს განცხადება, ჩემი აზრით, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადვოკატის პოზიციას, რომ ეს უეჭველი მკვლელობაა. ეს თუ მკვლელობაა, მაშინ რა ფოტოც არ უნდა იყოს, ეს როგორ გააბათილებს მის ვერსიას? ადვოკატის პოზიცია დამაჯერებელი და მყარი რომ იყოს, მაშინ ის ვერც ერთ მტკიცებულებას ვერ მიიღებს სარწმუნოდ. თავიდანვე უნდა იყოს ობიექტური მიდგომა, ჭეშმარიტების დადგენაზე თუ ვსაუბრობთ”.
ამბები.ჯი
კომენტარები