დენისა და გაზის შემდეგ, წყლის აბონენტად დარეგისტრირებაც გაძვირდება. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.მისი თქმით, ახალ აბობენტად დარეგისტრირების საფასურის ზრდა ხდება იმისთვის, რომ შემდეგ წყლის ტარიფი არ გაიზარდოს.
ცნობისთვის, თბილისში დენის და გაზის ახალ აბონენტად დარეგისტრირება უკვე გაძვირდა. კერძოდ, 2020 წლის იანვრიდან გაზის ახალ აბონენტად რეგისტრაცია 400-დან 800 ლარამდე გაიზარდა, უფრო ადრე, 2019 წლის სექტემბრიდან კი, დენის ახალ აბონენტად რეგისტრაცია 600 ლარი გახდა.
„წყალმომარაგების ნაწილშიც ინიცირებულია და საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია, შესაბამისად, ამასაც უახლოეს პერიოდში მივიღებთ. თუმცა, წყალმომარაგების შემთხვევაში ცოტა განსხვავებული მიდგომაა, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე. იქ არის რადიუსები, რა რადიუსიდანაც არის საჭირო წყლის მილების გამოყვანა, წყალარინების სისტემასთან დაერთება და ა.შ. ეს შეეხება მხოლოდ ახალ აბონენტებს“,– განაცხადა დავით ნარმანიამ.
კონკრეტულად, რა ეღირება წყლის ახალ აბონენტად დარეგისტრირება, სემეკის თავმჯდომარე არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს იქნება მცირედი სხვაობა და არა არსებული ტარიფის გაორმაგება, როგორც ეს გაზის შემთხვევაში მოხდა.
bpn.ge
კომენტარები