პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “პალიტრანიუსთან” ამბობს:
“ძალიან იძაბება უკრაინაში ვითარება, უკრაინულ მედიას თუ გადავხედათ, ინტენსიური გახდა შეტყობინებები იმის შესახებ, რომ რუსეთი და მისი მარიონეტები მუდმივად არღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, კრემლის პროპაგანდა საუბრობს იმაზე, რომ უკრაინული არმია ემზადება დომბასში ძალის გამოყენებით დეოკუპაციისთვის და იქვე აყოლებენ, რომ დომბასი არის რუსული სამყაროს განუყოფელი ნაწილი და მოვლენების სისხლიან განვითარებას არ დაუშვებენ.
გარდა ამისა უკვე გარკვეული მოქმედებები და გადაადგილებები დაიწყო სამხედრო შენაერთების, რუსეთში სერიოზული, დამრტყმელი ძალები გადასროლილი იქნა რუსეთ-უკრაინის საზღვართან. ამით შეშფოთებულები არიან, არა მხოლოდ უკრაინაში, მთლიანად დასავლეთში. ინტენსიურადაა ჩართული, როგორც ამერიკის ადმინისტრაცია, მაკრონი-მერკელიც მუდმივად ხაზზე არიან. რუსეთი საკმაოდ მკვახედ პასუხობს და ამბობს, რომ საკუთარ ტერიტორიაზე სრული უფლება აქვს ნებისმიერი მიმართულებით გადაადგილოს სამხედრო ვითარება.
დენთის სუნი ტრიალებს, პირდაპირ გეტყვით, ეს ვითარება მაგონებს 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდს, როდესაც ტრაგიკულად განვითარდა ჩვენი ქვეყნისთვის მოვლენები.
ჩვენ უნდა გვესმოს, რომ რუსული პოლიტიკა არის ძალიან მარტივი, ისინი ქმნიან ტერიტორიულ პრობლემას ამა თუ იმ ქვეყანაში, ცდილობენ მართონ მთლიანად ქვეყანაში სიტუაცია 2 ძირითადი ამოცანით: 1. მუდმივად უქმნიან ქვეყანას ილუზიას, რომ გასაღები მათთან არის და რამე რომ იყოს, თუ ჭკვიანად ვიქნებით, ისინი გადაგვიწყვეტენ ამ პრობლემას და 2. ამით აფერხებენ შესაბამისი ქვეყნების ინტეგრაციას დასავლურ სამყაროში. დასავლური სტანდარტებით, უხერხული მომენტები იქმნება, იმ ქვეყნის ინტეგრაციისთვის ნატოში, ევლოატლანტიკურ სივრცეში, თუ ევროკავშირში, რომელ ქვეყანასაც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს, ამ პრობლემებიანად ქვეყნის აკიდება მათთვისაც სერიოზულ რისკებს უკავშირდება.
ეს გრელდება მანამდე, სანამ პროცესი ხდება შეუქცევადი, ასე მოხდა 2008 წელს საქართველოში და რუსეთმა გადაწყვიტა, ერთხელ და სამუდამოდ ჩაებეტონებინა ის მოცემულობა, რაც მანამდე საქართველოსთვის უფრო სატყუარად ჰქონდა, ვიდრე რეინტეგრაციისთვის. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას აქვს კრემლში მჯდომი კეთილი ბიძიას ილუზია, რომელმაც, თუ ჭკვიანად ვიქნებით შეიძლება ბარტყები გადმოგვიყაროს.
მე ვფიქრობ, იგივე ვითარებაა დღეს დომბასის ირგვლივ, თუ იქ დიდი ომი გახურდა, გასაგებია, რომ რუსეთი იგივე გეგმით იმოქმედებს, რა გეგმითაც მოქმედებდა ცხინვალის რეგიონში და განვითარება იყოს ძალიან დრამატული.
და ბოლოს, მე მაინც მინდა ჩვენ ხელისუფლებას ვუთხრა, ნუ ექნებათ იმის ილუზია, რომ დათვს მოეფერები და ყველაფერი კარგად იქნება, დაგვინდობს და ჩვენც ვიქნებით წყნარად. ესე ვერ იქნება, მტაცებლის ბუნებაა, რაც უფრო დაუწვები, რაც უფრო ლიალური იქნები, ამას გითვლის სისუსტებში და მეტი აგრესიით იქნება შენ მიმართ.
ჩვენზე პირდაპირ თუ ირიბად დომბასში განვითარებული მოვლენები სერიოზულ გავლენას მოახდენს.”
კომენტარები