ჟურნალისტი, შორენა მარსაგიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“დღეს 27 სექტემბერს ოცდამეშვიდედ დაეცემა სოხუმი.
ოცდამეშვიდედ გასკდება გული და კიდევ ერთხელ ვიტყვით უკვე უიმედო ფრაზას – ჩვენ დავბრუნდებით.
არადა შეუძლებელია არ დაბრუნდე და სხვას დაუტოვო შენი წილი საქართველო, რომელიც ენგურსგაღმაა. შეუძლებელია აფხაზეთს არ დაუბრუნდნენ დევნილები, რომელთა ნაწილი სახლში დაბრუნების მოლოდინში გარდაიცვალა.
ომმა რამდენი შეიწირა, მათი რაოდენობა არავინ იცის.
ბოლომდე არც იმ ჯოჯოხეთის შესახებ ვიცით, რაც 27 წლის წინ ქართველებს ქართულ მიწაზე მხოლოდ იმიტომ მოუწყვეს, რომ ქართველები იყვნენ.
არც ის ვიცით სად არიან დამარხული ისინი, ვინც სოხუმი არ დატოვა და ბოლომდე იბრძოლა.
სოხუმის უკანასკნელი მცველების საფლავებს ახლა სხვა ჯიშის ხალხი თელავს ფეხით. ..
დღეს დაწყევლილი 27 სექტემბერია.
დღეს ოცდამეშვიდედ დაეცემა სოხუმი და ენგურსგაღმა საქართველო ჩვენი აღარ იქნება.
თუმცა მანამდე იქნება გაგრა, აფხაზეთი რეალურად 1992 წელს დავკარგეთ. მაშინ როცა საქართველოს კარიბჭე _ გაგრა მოწინააღმდეგის ხელში აღმოჩნდა.
27 წლის წინ ეს ყველაფერი ოფიციალურად გაფორმდა….
დღეს, 27 სექტემბერს ოცდამეშვიდედ დაეცემა სოხუმი. დღეს, 27 სექტემბერს კიდევ ერთხელ ვიტყვით უკვე უიმედოდ ქცეულ ფრაზას – ჩვენ დავბრუნდებით.”
კომენტარები