დღეს არჩილ ტატუნაშვილს 40 წელი შეუსრულდებოდა. იგი 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს, 23 თებერვალს კი ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას თითქმის ერთი თვის განმავლობაში აჭიანურებდა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს და 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. იგი გარდაცვალების შემდეგ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
„როცა იზოლატორში შეუყვანიათ, ბიჭებს ესმოდათ აჩიკოსა და ოსების საუბარი. აჩიკოსთვის უკითხავთ, ოჯახში ვინ გყავს, ვინ და ვინ შემოდიხართ აქეთ, ომში და ჯარში ხომ იყავიო. უპასუხია, ჯარში კი, მაგრამ ომში არ ვყოფილვარო.
მერე მიუტანიათ რუკა და აიძულებდნენ, სამაჩაბლოზე ეთქვა, “სამხრეთ ოსეთიაო”, რაზეც აჩიკოს უთქვამს, არც ყოფილა და არც იქნებაო.
მერე საქართველოს დროშა მიუტანიათ და უბრძანებიათ, ფეხით შედექიო. ამასაც არ დათანხმებულა. ამას ჩემი შვილი არასდროს გააკეთებდა! სხეულზე მთელი ადგილი არ დაუტოვეს, ყველგან წამების კვალი ჰქონდა. 26 დღე ველოდით მის ცხედარს. ტკივილს, ალბათ, ის მატანინებს, რომ ასე ღირსეულად მოიქცა. აჩიკოს ვაჟკაცობამ და გმირობამ მთელი მსოფლიო შეძრა. მას ყველაზე ძვირფასი რაც ჰქონდა – სიცოცხლე, სამშობლოს ღირსეულად შესწირა“,- იხსენებდა ტატუნაშვილის დედა.
კომენტარები