მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს დავასრულე ჩემი რამდენიმე წლიანი თანამშრომლობა მარჯანიშვილის თეატრთან, სადაც ცხადია ლევან წულაძისა და ეკა მაზმიშვილის წასვლის შემდეგ ცოცხალი თეატრალური პროცესის გაგრძელების იმედი არ მაქვს და, შესაბამისად, არც დარჩენის სურვილი.
ჩემთვის დაუვიწყარი იყო ლევან წულაძესთან ერთად შექსპირის ტექსტის ადაპტაციაზე მუშაობა, რომელიც მარჯანიშვილის დასმა საიუბილეო ფესტივალზე ითამაშა ლონდონში, შექსპირისავე “გლობუსში”.
ლევან წულაძის “როგორც გენებოთ” – ბრწყინვალე სპექტაკლი იყო და ალბათ საუკეთესოც იმ მრავალ შექსპირში, რომელიც ლეგენდარულ “გლობუსში” წარმოადგინეს… ასევე მახსენდება მოლიერის “ტარტიუფზე” მუშაობა და პიესების კითხვის კვირეულები… მათ შორის, კითხვა-დისკუსიები, “9 პიესა ომზე” – გაეროს ქალთა ორგანიზაციის მეშვეობით განხორციელებული, სადაც ახალი ავტორების ხმები გაისმა…
მართალია, არც ლევან წულაძეს და არც ეკა მაზმიშვილს დაფდაფებისთვის არ შემოუკრავთ თავიანთი წასვლის დეკლარირებით, მაგრამ რეალობა ისეთია, როგორიც არის: კულტურის იმ კლანურ-რეპრესიული და უიდეო, უვიცი პოლიტიკის პირობებში, რაც დღეს არის, მათი დარჩენა თეატრში შეუძლებელი აღმოჩნდა. და ბუნებრივია, ჩემიც.
მითუმეტეს, კულტურის სრულიად უკულტორო კომისრის მმართველობის პირობებში. მის მძვინვარე უკულტურობაზე მარჯანიშვილის თეატრისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ კი ალბათ თავადვე იტყვიან თუ მოუნდებათ.
ცხადია, ჩემი სოლიდარობა მათ. და მადლობა მარჯანიშვილის თეატრს. პიესებს კი სხვაგან წავიკითხავთ და სხვა სივრცეებისთვის დავწერთ…“
კომენტარები