ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“დღეს ძალიან კარგი კაცი გარდაიცვალა – ირაკლი ღარიბაშვილი. სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. გარდაიცვალა ძალიან ტრაგიკულად და მოულოდნელად – საკუთარი შვილის დაბადების დღეს. ასეთ ხალხს ბევრი არ იცნობს ხოლმე, მაგრამ საქმეებს სწორედ ბევრისთვის და ძალიან დიდს აკეთებენ – ქართული საბიბლიოთეკო სამყარო ირაკლისგან სულ დავალებული იქნება. ძალიან უცნაურად გავიცანი. მე რომ ეროვნულ ბიბლიოთეკის დირექტორად დავიწყე მუშაობა, მალე, გაუგებარმა ხალხმა სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობა გასაყიდ ნაგებობათა სიაში განათავსა. ირაკლიმ დამირეკა და შევხვდით. მე და ლევან თაქთაქიშვილი. ადამიანს სიკვდილის ფერი ედო, კანკალებდა. იოლად მიხვდებოდით, რას ნიშნავდა მისთვის ის უნიკალური კედლები, ის წიგნთსაცავი, ის ადამიანები, იქ რომ მუშაობდნენ. რამდენიმე ახალგაზრდა ედგა გვერდით, მეტი არავინ ამ ბრძოლაში. ვილაპარაკეთ. იმ საღამოსვე კახა ბენდუქიძეს ვესტუმრე ამ ამბით. კახა მაშინ საჯარო სამსახურში აღარ იყო, მაგრამ სადღაც დარეკა და შენობა ამოიღეს გასაყიდთა ნუსხიდან. მეორე დღეს ისევ ირაკლისთან მივედით. ეს ამბავიც იმ სიხარულის გასახსენებლად მოვყევი – თითქოს თვითონ გადარჩა სიკვდილს, თვალები გაუბრწყინდა და კუთხე-კუნჭული მოგვატარა. ის ბიბლიოთეკა მისი გადარჩენილია და ვფიქრობ, რომელიმე დარბაზი აუცილებლად იმსახურებს ირაკლის სახელს, ამ ღვაწლს თაობებიც რომ გაეცნონ.
ჩვენ კი ისედაც ყოველთვის გვემახსოვრება.”
კომენტარები