ა/ო “ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისათვის” სახელით: ნანა კაკაკაძე, გელა ნიკოლაიშვილი და თემურ ლომაია, წერილს ავრცელებენ:
“ვინ უკეთ შეასრულებს შარლ მიშელის დავალებას?
ამაზე დიდი შეჯიბრია გაჩაღებული ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, ისეთივე „საინტერესო“ და „მიმზიდველი“, როგორიც „ნეტარხსენებული“ კომუნისტების დროს სოციალისტური შეჯიბრი იყო გაჩაღებული გარდამავალი წითელი დროშის მოსაპოვებლად.
ძველი თაობის მოქალაქეებს კარგად ემახსოვრებათ – მიიღებდა პარტიის ცენტრალური კომიტეტი მოსკოვში „ბრძნულ“ გადაწყვეტილებას და მერე ტარდებოდა სოციალისტური შეჯიბრი, თუ ვინ უკეთ შეასრულებდა და ვინ რა ჯილდოს მიიღებდა კომუნიზმის მშენებლობის გზაზე მიმავალი პარტიის მესვეურებისგან. ხოლო თუ მოსკოვიდან ცკ-ს რომელიმე (თუნდაც რიგითი) წევრი ინებებდა თბილისში ჩამობრძანებას და ქართველი კომუნისტებისთვის „ბრძნული“ დავალებების მიცემას, მაშინ ხომ გაორმაგებული ძალებით ხდებოდა ცკ-ს გადაწყვეტილებების შესრულებაზე ზრუნვა.
იყო ასეთი ლოზუნგები: „პარტია ჩვენი მესაჭეა!“, „გულით აღვიქვით, საქმით ვუპასუხებთ!“ „ლენინური იდეებით წინ – კომუნიზმისკენ!“ „ძირმომპალი კაპიტალიზმი უფსკრულისკენ მიექანება!“ და ა. შ.
დღეს ჩვენი პარტიები დავობენ იმაზე, ვინ უფრო მეტად მედასავლეთეა, ვინ უფრო მაგრად აგინებს ოკუპანტს, ვინ უფრო ასიამოვნებს პოლიტიკურ პატრონებს, ვის უფრო ეჩქარება ნატოში და ევროკავშირში შესვლა და ა. შ. თანამედროვე ცკ-ს ემისარი ბ-ნი მიშელი ამ პარტიებმა თავიანთი ზედმეტი თავგამოდებით კინაღამ გაანაწყენეს, მაგრამ როდესაც დაინახეს, მგონი ეს კაცი მართლა ბრაზდება, წავა, ყველაფერს მამა-მარჩენალს ეტყვის და მერე ჩვენ რა გვეშველებაო, მაშინვე თავზე ნაცარი წაიყარეს, ერთმანეთის მიყოლებით დალაგდნენ და ეკრანის მეორე მხარეს ამაყად მჯდარ ბატონს სათითაოდ უპატაკეს, ჩვენ ყველაფერზე თანახმები ვართ, შენი ხმალი და ჩვენი კისრებიო. ახლა იმის გარკვევას ცდილობენ, რა იგულისხმა კონკრეტულად ამ ბრძენმა კაცმა დაბარებულ ამნისტიაში.
როგორც „იმ ძველ, კარგ დროში“, დღესაც ყველაფერი პოლიტიკურ კონიუნქტურას ექვემდებარება, ისევ ცკ-დან მიღებული ინსტრუქციებით ხდება სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღება, დღესაც აქლემის ქურდი ნემსის ქურდს ასამართლებს, დღესაც კომუნიზმისკენ (ევროკავშირისკენ!) მივექანებით ფართო ნაბიჯებით, დღესაც ყველაფერი ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და თავისუფლების სახელით კეთდება.
დღესაც ვხედავთ ახალი „პატრონების“ მხრიდან უსამართლობისა და კრიმინალების მხარეს დგომას. რეალურად კი, ისევე როგორც კომუნისტურ საქართველოში ხალხის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება, რაც ისევე იწვევს ხალხის პარტიებისგან დისტანცირებას და ფლუსტრაციას, როგორც ეს მოხდა კომუნისტების მიმართ.
სწორედ ეს ყველაფერია იმის მიზეზი, რომ დღეს რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, იმის ნახევარიც კი აღარ დაუჭერს მხარს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ ლამაზ ლოზუნგებს და დაპირებებს, როგორც ეს იყო 2008 წელს ჩატარებული რეფერენდუმის დროს. როგორც 20-იანი წლების მოქმედი იდეური ბოლშევიკები და რევოლუციონერები ჩაანაცვლეს 70-80-იან წლებში კონფორმისტმა, კორუფციონერმა და კარიერისტმა კომუნისტებმა, რომლებმაც იმდროინდელი საზოგადოების იდეური საფუძვლის – კომუნიზმის უტოპიური იდეების სრული დევალვაცია მოახდინეს, ასევე დღევანდელი ქართველი პოლიტიკოსები მეთოდურად ახდენენ იმ დასავლური იდეების სრულ დევალვაციას, რომელიც ასე მიმზიდველი ჩანდა 80-90-იანი წლების ქართული საზოგადოებისთვის. როგორც 70-იან 80-იან წლებში საბჭოთა მოქალაქეებისთვის (მათ შორის კომუნისტებისთვის) მხოლოდ აუცილებელ, ლამაზ, მაგრამ უშინაარსო ფრაზებად რჩებოდა კომუნისტური ლოზუნგები, დღევანდელი ქართველი მოქალაქეებისთვისაც თანდათან კარგავენ შინაარსს მომხიბვლელი ფრაზები – „ადამიანის უფლებები“, „დასავლურობა“, „ევროპულობა“, „ევროატლანტიკურობა“, „დემოკრატიულობა“ და ა. შ.
კომენტარები