ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.
– სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა ირაკლი ღარიბაშვილს, ივანიშვილის გარემოცვას. რაც ხელისგულზე დევს, აქედან ჩანს, რომ ზურაბიშვილს პროდასავლური პოზიცია უკავია და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების მომხრეა. ხელისუფლების წევრთაგან პროდასავლური საზოგადოების ერთგვარ და ერთადერთ ლიდერად გამოჩნდა. რამდენად სანდოა ამ ხალხისთვის სალომე ზურაბიშვილი? მისი დაპირისპირება მთავრობასთან რეალურია თუ ბიძინა ივანიშვილის გეგმის ნაწილი?
– ერთია ზურაბიშვილის რიტორიკა და მეორე – მისი რეალური ქმედებები. იმ შეზღუდული უფლებამოსილებით, რაც პრეზიდენტს გააჩნია, შეუძლია რაღაცების გამოსწორება. თუმცა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ზურაბიშვილის პოზიციას. ზურაბიშვილი გრძნობს თუ ხედავს, რომ ბიძინა ივანიშვილს რა მომავალი ელის და არ უნდა, საფლავში ჩაჰყვეს. შესაძლოა, ივანიშვილის არასახარბიელო მომავლის შესახებ, ევროპაშიც უთხრეს, მიაწოდეს უტყუარი ინფორმაცია. გავითვალისწინოთ, რომ ის საფრანგეთის მოქალაქეა, საკმაოდ მაღალი რანგის ფრანგი დიპლომატი იყო. კი, ბიძინა ივანიშვილმა ჯერ პარლამენტის დეპუტატი გახადა, მერე პრეზიდენტად დასვა და მისი მარიონეტი იყო ორივე პოსტზე. მე მაინც მგონია, რომ ზურაბიშვილი არ აპირებს „ქართული ოცნების“ გემთან ერთად ჩაძირვას. მარტო ზურაბიშვილი არ მიატოვებს ბიძინა ივანიშვილს. მის წინააღმდეგ როდესაც სრულად ამოქმედდება სანქციები, როდესაც დასავლეთი სრულად გარიყავს, საკუთარი მონებიც გაექცევიან, რომლებიც დღეს მის მზეს ფიცულობენ. მათ ევროპაში აქვთ ბიზნესი, ევროპაში სწავლობენ მათი შვილები და შვილიშვილები და რუსეთი გულზე დიდად არ ეხატებათ. დღეს ივანიშვილის შიშით დგანან მის გვერდით, რადგან ძალაუფლება აქვს და ამ ძალაუფლებას რომ დაკარგავს, ყველა გამოეცლება ხელიდან. პირველ ლახვარს ბელადს მისი უერთგულესი მონები ჩასცემენ. ახალი ხელისუფლება როდესაც მოვა, დღეს ლოცვებში რომ მოიხსენიებენ ბიძინას, იმ ხალხს პროკურორები კალამს ვერ გააგდებინებენ ხელიდან, ყველაფერს ივანიშვილს დააბრალებენ.
კომენტარები