მარნეულის რამდენიმე სოფელში სადისტრიბუციო კომპანიისთვის ადგილობრივი პროდუქციის ჩაბარების პროცესი მიმდინარეობს. ადგილობრივი პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანიისთვის ჩაბარების პროცესს სამართალდამცველები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები აკონტროლებენ. მათ შორის, მოქალაქეებს ურიგებენ პირბადეებს და სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდებენ. პროცესს ქვემო ქართლის გუბერნატორი და მარნეულის მერიც ესწრებიან.
ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი:
„დღეს გაცილებით უფრო კარგად იმართება პროცესი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადაზიდვის მიმართულებითაც, პროდუქციის გატანის მიმართულებითაც და დაავადების გამოწვევების ქცევის წესებისა და დისტანციის მიმართულებით გაცილებით წინ ვართ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მხარეს, ვინც აწესრიგებს და მართავს სიტუაციას. აქ არიან ძალოვანები, სამართალდამცველები, მერიის სამსახურები და, რა თქმა უნდა, ხალხი. ახლომახმუდლოში ნორმალურად მიდის პროცესი და რაც არის მარაგები, გადაინაცვლებს თბილისის მიმართულებით.
სადისტრიბუციო კომპანია თავის ვალდებულებებს ასრულებს, მაგრამ გამოწვევა იყო უფრო დიდი. მათი ძალისხმევით, რამოდენიმე ათეული ტონა ტვირთი გადაიზიდა სადისტრიბუციო სივრცეებში. ჩვენ შეთანხმებულად მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება, რომ ორგანიზებულად გაგვეკეთებინა ადგილობრივი მოსახლეობის კოლონები მათივე სატრანსპორტო საშუალებებით და მათივე პროდუქციით, გაგვეცილებინა პატრულით, აღგვეჭურვა და შეგვემოსა ეს ხალხი ისე, რომ ჩასულიყვნენ, მიეღოთ სადისტრიბუციო კომპანიებს მათივე პროდუქცია, გაკეთებულიყო ანგარიშსწორება ისე, რომ ისინი მანქანიდან არ გადმოსულიყვნენ და ასეთი მართვადი პროცესით, 30 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება წავიდა და მთლიანად გუშინ 100 ტონაზე მერი ტვირთი გავიდა მუნიციპალიტეტიდან. დღესაც იგივე სქემით ვიმუშავებთ“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
დღეს მარნეულის დაახლოებით ათი სოფლიდან ას ტონამდე პროდუქციის გატანა იგეგმება.
კომენტარები