დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსლში წერს:
„შიდაოპოზიციური და ხელისუფლება/ოპოზი იის თანამშრომლობის, პასუხიმგებლობის, ისტორიული ვალდებულების რთული პოლიტიკური წელი დაიწყო.
2024-ის ბოლოსკენ საპარლამენტო არჩევნების, პარლამენტის და საკრებულოების წარმომადგენელთა მიერ პრეზიდენტის არჩევის და ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების ეტაპზე გადასვლის – 9 პირობის შესრულებისთვის თანამშრომლობის წელი იწყება.
პოლიტიკასა და სამოქალაქო საზოგადოებაში ზოგს მეტი იმედი და მოლოდინი გვქონდა, რომ კანდიდატის სტატუსამდე წელს მივაღწევდით. შესაბამისადაც ვიქცეოდით – ვმუშაობდით პარტნიორებთან და იმედით ვავსებდით საჯაროდაც ჩვენს საზოგადოებას.
ზოგსაც მიაჩნდა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში კანდიდატის სტატუსი არ გვემუქრებოდა. ამ ნიჰილიზმს საჯაროდაც გამოხატავდნენ ხანდახან, პარტნიორებს ასეთი ხელისუფლების მიერ კანდიდატობის სათავისოდ გამოყენების საფრთხეებზეც ესაუბრებოდნენ არჩევნების კონტექსტში. რაკი უფრო არ ელოდნენ სულ ბოლო მომენტამდე სტატუსის მიღებას, ვერმიღებაზე პასუხისმგებლობაში ხელისუფლების მხილებისთვის ემზადებოდნენ. ამაზე იყვნენ კონცენტრირებულნი.
გაგვიმართლა ყველას – იმედიანებსაც და იმედგადაწურულებსაც.
” სანამ მიშა ციხეშია, კანდიდატობას არც გვაღირსებენ( ზოგი ღიად წერდა კიდეც – არც მინდა)” – მორიგი შეცდომა აღმოჩნდა. ერთი-ორი საქართველოს გულშემატკივარი(მიშასიც) დასავლელი პოლიტიკოსიც შეცდა.
ახალი გამოწვევის წინაშეც დავდექით. აქა-იქ კვლავ ჩნდება ოპოზიციაში შეცდომის გამეორების ნოტები – ამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას ბრიუსელი მაინც არ დაიწყებს, ამიტომ ჯერ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და მერე დავიწყოთ მუშაობა იმ 9 პუნქტზე, დაჩქარებული წესით შევასრულოთ ის 9 პირობაო.
ეს მიდგომა არის შეცდომაში გაჯიუტება. 9 პირობის შესრულებისთვის ბრძოლა და ხელისუფლების ჩათრევა მძიმე დიალოგში უნდა დავიწყოთ ახლავე. არ შეიძლება საარჩევნო კალკულაციით ქვეყნის სტრატეგიული ამოცანების მიმართ დამოკიდებულება.
დღეს ოპოზიციური ამომრჩეველი ნამდვილად აღემატება სახელისუფლებოს. მაგრამ პოლიტიკური ოპოზიციური ფლანგი ერთი დაღმავალი საშუალო, ერთი მომცრო და უამრავი პატარა ჯგუფითაა წარმოდგენილი. ამ პატარების საარჩევნო გამსხვილების და სწორი კონფიგურაციის გარეშე ბარიერს მიღმა აღმოჩნდებიან ეს პატარები და ანტისახელისუფლებო ხმები გადაიქცევა სახელისუფლებო მანდატებად. მარტივად რომ ვთქვათ, ოპოზიციის არასწორი კონფიგურაციის შემთხვევაში ოცნება ამომრჩეველთა უმცირესობით კვლავ სახელისუფლებო უმრავლესობაში დარჩება. 2021 წ. თვითმმართველობის არჩევნები ამის მწარე მაგალითია – პატარებმა ცალ-ცალკე ” გმირულად” დაძირეს ერთმანეთი – ვერც ერთმა ვერ მიაღწია 3 პროცენტამდეც კი ქვეყნის მასშტაბით.
არ გვაქვს ხელისუფლების ცვლილება გარანტირებული სწორედ ოპოზიციის ერთგვარი უმწიფარობა/ გადამწიფების სიმბიოზის გამო. სურვილი და იმედი კი მაქვს, რომ სწორი ოპოზიციური საარჩევნო კონფიგურაცია მოიძებნება არჩევნებში გასამარჯვებლად.
ქვეყანამ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების პროცედურებისკენ ნაბიჯები უნდა გადადგას ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში და საარჩევნო შედეგის მიუხედავად.
“ყველაფერი ან არაფერი” არის პოლიტიკურად არასწორი.
ქართველი ხალხი დასავლურია. ამიტომაც ჩვენს ცუდ ხელისუფლებებსაც ვაშინგტონი/ბრიუსელი მიათრევს თავისკენ – უკეთესი ხელისუფლების მოლოდინში.
რაც მეტი დასავლეთია საქართველოში, რაც უფრო მეტად ვართ ჩართულ/ჩათრეული დასავლურ სივრცის კარიბჭესთან, მით მეტია პროდასავლური საზოგადოების( პროცენტებს სულაც არ ვგულისხმობ ამჟამად) ღირსი ხელისუფლებების დამკვიდრების და მონაცვლეობის შანსი.“
კომენტარები