პროფესორი გია ნოდია როინ მეტრეველის გარშემო აგორებულ სკანდალს ასე ეხმაურება:
„ბექა ყორშიას სიუჟეტის ერთ-ერთი საუკეთესო ფრაგმენტი ის იყო, როცა აკადემიის პრეზიდენტი მადლიერებით იღებს კომპლიმენტს, რომ ის 1960-იანი წლების შემდეგ არ შეცვლილა. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების და მისი აქტიური მომხრეების ძირეული ემოცია – ის დრო იყო კარგი; მას თუ ვერ დავიბრუნებთ, უნდა დავუახლოვდეთ მაინც.
ის, რომ ამ პოლიტიკას საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე (და ამ ნანგრევების დატაცებით) გამდიდრებული მილიარდერი ატარებს, საჯაროდ გერმანული უნივერსიტეტების მაგისტრები იცავენ, ხოლო ფილოსოფიურ ლეგიტიმაციას ედმუნდ ბერკის ლიბერალურ კონსერვატიზმში ეძებენ, ჩვენი ვითარების ღრმა ირონიულობას გამოხატავს (პოსტმოდერნისტებო, გიხაროდენ!).
როგორც საბჭოთა პერიოდში მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელმა, არ შემიძლია, ერთი ასპექტიც არ აღვნიშნო. დღევანდელი მეცნიერებათა აკადემიისთვის როინ მეტრეველი სრულიად ადექვატური ლიდერია. მისი არჩევით (არა მგონია, ეს მათთვის ვინმეს დაეძალებინა) პატივცემულმა აკადემიკოსებმა ნაფტალინი თავად დაიყარეს თავზე და ხმამაღლა განაცხადეს: ჩვენ ზედმეტები ვართ და არაფერი გვეშველება!“
კომენტარები