ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.
– ბატონო დათო, ყველა იმას ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილი ბოლო ორი სტრიქონის გამო დაიწერა, სადაც ამბობს, რომ 21 მარტს შეხვდა ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს. თან ამას ამბობს, ამერიკის მიერ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩათრევის კონტექსტში. ეს ივანიშვილის მხრიდან მინიშნებაა, რომ მასსა და დეგნანს შორის, მართლა იყო საუბარი რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე?
– მაგ წერილის შინაარსი და არსი იყო ის, რასაც აქამდე მიშა ყაველაშვილი და „ქართული ოცნებიდან“ სხვა „განდგომილები“ ლაპარაკობდნენ და წერდნენ საქართველოს ომში ჩათრევის შესახებ. ივანიშვილის ამ წერილით უნდა დადასტურებულიყო და ყველას გაეგო ირიბად, რომ ეს ყველაფერი ბიძინას აზრი იყო, ეს ომში ჩათრევის გამო ატეხილი აჟიოტაჟი. აქამდეც ვარაუდით ვიცოდით და ახლა დადასტურებულად ვიცით, რომ ივანიშვილის დავალებას ასრულებდნენ ეს „მშვიდობის მტრედები“, ამერიკას რომ აბრალებდნენ, რუსეთთან ომისკენ გვიბიძგებსო. უბრალოდ, ცუდი ის არის, რომ ამ ადამიანმა ვერ გაიგო, რომ თავისი პირადი ინტერესები და თავისი პირადი საქმეები, სახელმწიფო საქმეები არ არის. ბიძინა ივანიშვილი არ არის საქართველო, ის არ არის ქართული სახელმწიფო, რომ ყველაფერი მისი ინტერესების გარშემო ტრიალებდეს. სამწუხაროდ, მას ასე წარმოუდგენია ყველაფერი და ის სიტუაცია, რაც ქვეყანაში არსებობს დღეს, აქედან გამომდინარე, ზუსტად ასახავს მის შეხედულებებს. მთელი სახელმწიფო სტრუქტურები ამ ადამიანის ინტერესებზე მუშაობენ, დანარჩენები კი გვიმტკიცებენ, ოლიგარქი არ არისო. ოლიგარქია მეტი კი არაფერია. მისი გარემოცვა, მისი ქვეშევრდომები ცდილობენ, მას არაფერი პრობლემა არ შეექმნას და საქართველო წყალსაც წაუღია. ეს არის მთელი მათი მოთხოვნა. თუ შეეკამათები და ერთადერთი, გაცვეთილი პასუხი აქვთ – თქვენ „ნაცები“ ხართო, მეტი არაფერი. გამოდის, რომ რაც ამ 30 წლის მანძილზე, ავად თუ კარგად, თითო-თითო აგურით, სისხლის ფასად სახელმწიფოს მშენებლობა მიდიოდა, ეს ყველაფერი თურმე ყოფილა შეცდომა, რადგან ივანიშვილს არ აწყობს. საქართველოში არ უნდა იყოს ერთი სტრუქტურაც კი, რომელიც დამოუკიდებლად იარსებებს, დამოუკიდებელად იმოქმედებს. ამერიკა და ევროკავშირი, რაკიღა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს არ იცავენ და ოლიგარქიას ეწინააღმდეგებიან საქართველოში, არიან საქართველოს მტრები, ასე ესმით ამათ. ფაქტობრივად, პირდაპირ ეუბნებიან უცხოელ პოლიტიკოსებს, თუ ივანიშვილი წინააღმდეგ წახვალთ, გამოგაცხადებთ საქართველოს მტრებად და ავის მოსურნეებადო. ეს უკვე სიგიჟეა. არ ვიცი, ამის იქით სადღა უნდა წავიდეს „ქართული ოცნება“, მაგრამ უარესიც არ გამიკვირდება, რადგან უსაზღვრო ფანტაზია და უტიფრობა გააჩნიათ. რაც მოსწონს ივანიშვილს, იმაზე უნდა უკრან ტაში ჩვენი მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა, მათმა ელჩებმა, მასთან მეგობრობა უნდა იყოს ყველაზე სანუკვარი ოცნება, საქართველოს მოქალაქებისთვის თუ უცხოელი პოლიტიკოსებისთვის. ვისაც ბიძინა ივანიშვილის ეს ავტოკრატიული მმართველობა არ მოსწონს, მას ოლიგარქს ეძახის და საქართველოში ამ მახინჯი მმართველობის დასრულების მომხრეა, იმას ქვეყნის მტრად გვიცხადებენ, ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს და ათას სიბინძურეს აბრალებენ. ერთს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობას, მეორეს – საქართველოსთვის ევროკანდიდატის სტატუსის მინიჭების ჩაშლას და სხვებსაც დააბრალებენ რაღაცებს. რა ომში ჩათრევა? რა სისულელეა?! აი, ეს არის, რაც გვაქვს. ამ მოჯადოებული წრიდან თუ არ გამოვედით, როგორც გვითხრა, ერთ-ერთმა მისმა ლაქიამ, ლაშა ნაცვლიშვილმა რომ ყველგან ივანიშვილიაო, მართლა ამ დღეში აღმოვჩნდებით, ყველგან ივანიშვილი იქნება.
– ივანიშვილმა ამ წერილით ისიც დაადასტურა, რომ როგორც ვიცოით, მართლაც არსად წასულა, პოლიტიკაშია და ყველაფერს მართავს.
– რეალურად თუ შევხედავთ, ივანიშვილი პოლიტიკაში არ ერევა, რადგან საქართველოს პოლიტიკა არ გააჩნია, ის, რასაც მართლა პოლიტიკა ჰქვია. სახელმწიფოს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს, ახრჩობს, სახელმწიფოებრივი შეგნება განადგურების პირასაა. სახელმწიფო მოხელეები ირჩევიან არა საქმის ცოდნითა და მსახურების სურვილით, არამედ ივანიშვილის მონობის, მისი აზრების გაზიარების ხარისხით. მისი აზრები კი სრულად აცდენილია სახელმწიფოებრივ აზროვნებას და ამიტომ ვართ ამ დღეში. რა თქმა უნდა, არ ერევა პოლიტიკაში, მას არ აინტერესებს საგარეო ვექტორი, არ აინტერესებს არაფერი. მისი ინტერესის სფეროშია, რომ ქვეყანაში იყოს სადამსჯელო სტრუქტურები-პროკურატურა, შს სამინისტრო, სუს-ი, მისი მორჩილი სასამართლო. ეკონომიკაში რასაც უნდა „გააპრავებს“, რასაც უნდა „გაალევებს“, კონტრაბანდა იქნება, ბანკების არალეგალური საქმიანობა თუ სხვა. რაც უნდა, როგორც უნდა, ისე უნდა აკეთოს და არც უნდა შეეხო. მეტიც, თუ ხედავ მის უკანონო საქმიანობას, თუ რაიმე გაიგე ამის შესახებ, კითხვებიც არ უნდა დასვა. კითხვებს დასვამ და ეგრევე დაგესევიან ივანიშვილის მადიდებლები. საკუთარი ძალაუფლებისა და განდიდების გარდა არაფერი აინტერესებს. ვინც ამ სტრუქტურაში ჯდება, ის კმაყოფილია, რადგან ბევრის გაკეთების უფლებას აძლევს, უფრო სწორედ, ბევრის გაფუჭებისას – კანონის დარღვევით გამდიდრებისა და ფუფუნებით ცხოვრების უფლებას აძლევს. ყველაფერი უნდა ექვემდებარებოდეს ივანიშვილის ინტერესებს და ამიტომ, ყველგან პრობლემებია. ჩვენს პარტნიორებს ივანიშვილის ეს ქმედებები არ მოსწონთ, რადგან საქართველოს ნამდვილი მეგობრები არიან და არა კონკრეტული ადამიანებისა, ივანიშვილი იქნება ის, სააკაშვილი თუ გარდაცვლილი შევარდნაძე. იმიტომ გავიდა ღია პოლიტიკიდან, რომ ის ვალდებულებები, რომლებიც სახელწიფოს გააჩნია, მასზე არ გადასულიყო. სახელმწიფოში როდესაც პირველი პირი ხარ, უცხოელი პარტნიორები გთხოვენ იმ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რომელიც შენმა მთავრობამ აიღო თუ შენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ. ის, რომ მთავრობა შეიცვალა, ეს არაფერს ნიშნავს, სახელმწიფოს მემკვიდრეობითობა ახასიათებს. ეს არ მოსწონს მას და უნდა, რომ მხოლოდ მისი კერძო ინტერესები გაითვალისწინოს ყველამ, შინ თუ გარეთ. აქედან გამომდინარე გვიმტკიცებენ, რომ პოლიტიკაში აღარ ერევა.
კომენტარები