ახალციხეში, აცრის შედეგად გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ტრაგედია მთელმა საქართველომ გაიზიარა. 27 წლის მედდას, რომელიც სოფელ ქვემო ენთელში ცხოვრობდა და ყოველდღე ფეხით 20 კილომეტრს გადიოდა, რომ კლინიკაში კოვიდით დაავადებულ პაციენტებს დახმარებოდა, „ასტრაზენეკათი“ აცრის შემდეგ, ანაფილაქსია განუვითარდა და გარდაიცვალა.
მეგის ორი შვილი, 7 წლის სალომე და 9 წლის საბა დარჩა.
ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება მეგი ბაქრაძის მულისშვილი, მაია მანჩხაშვილი:
„მეგის უმცროსი შვილი ჯერ ვერ ხვდება. რა მოხდა, ცაშიაო, იძახის. ბიჭს კი ვერაფერს ვეუბნებით, დიდი კაცივით მიიღო დედის გარდაცვალება. თავზე დასტრიალებს, ლოცვებს უკითხავს და ვერავინ ველაპარაკებით. მგონი, მას უკეთ ესმის ეს ტრაგედია, ვიდრე ჩვენ…
მეგი ყველაზე დაუღალავი და ენერგიული ადამიანი იყო, ვისაც კი ვიცნობდი. ძალიან დაღლილიც კი არასდროს ჩერდებოდა. ბავშვების მოვლას, სამსახურს, სახლის საქმეს, ყველაფერს ისე ასწრებდა, გონზე ვერ მოხვიდოდი, რა როდის გააკეთა. ხელიდან აცლიდა საქმეს ყველას.
მათი სახლიდან ჩხუბის ხმა არასდროს გამოსულა, ყველაზე მხიარული ოჯახი ჰქონდათ. ყველაფერი უხაროდათ. მეგი ხომ მუდამ პოზიტიურ განწყობაზე იყო, სულ ხუმრობდა, სულ იცინოდა… მისი მოწყენილი სახე არასდროს გვინახავს…
დაახლოებით ორი წლის წინ ავარიაში მოჰყვნენ მეგი და მისი ქმარი. ბორჯომთან ტრანსპორტი დაეჯახათ. მაშინ გადაგვირჩინეს. მეგის ტვინის შერყევა ჰქონდა და ბევრ ადგილას დაბეჟილობები. თავი სტკიოდა ხშირად მას მერე, მაგრამ სერიოზული არაფერი ჰქონდა.
კომენტარები