„ალიას“ ესაუბრება „სტრატეგია აღმაშენებელი“-ს მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, მედიცინის დოქტორი სერგო ჩიხლაძე:
– არსებული კოვიდვაქცინებიდან რომელს მეტად ენდობით და გაიკეთებდით თავად, თუ არა?
– კი, რა თქმა უნდა, გავიკეთებ, სამივეს ვენდობი, ეს არის ფიაზერი, მოდერნა, ასტრაზენეკი. ერთმნიშვნელოვნად ვენდობი. არც ანტივაქსერთა ჯგუფს მივეკუთვნები და კვლევებით რაც არის გამოქვეყნებული, დადასტურებული სანდობაა 94-95-96 პროცენტი – ეს არის მტკიცებულება.
– არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ვაქცინების მიმართ, ექიმთა ნაწილი აცხადებს, რომ იგი მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობის გამო დამტკიცდა, თორემ მათი კვლევა არ არის დასრულებული. მტკიცებითი მედიცინის ცენტრის ექიმები, საუბრობენ იმაზეც, რომ იგი საერთოდ არ შეიძლება გავუკეთოთ ხანდაზმულებს, რადგან კვლევაში მონაწილეობა არ მიუღიათ ხანდაზმულ ადამიანებს. არც ეს ექიმები არიან ანტივაქსერები. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა გაუკეთონ, თუ არა ვაქცინა ხანდაზმულ ადამიანებს?
– აქ საკითხავია უკვე, ვის როგორი ინტერპრეტაციას ექნება ამ კვლევების მიმართ. საუბრობდნენ, რომ 85 წელს გადაცილებულ ადამიანებში გამოიწვია გართულებები და სიკვდილიანობაზეც იყო საუბარი, შემდეგ არ დადასტურდა ეს ინფორმაცია და თქვეს, რომ ფატალური შემთხვევები არ იყო ვაქცინის შედეგი. მე არ ვიცნობ კვლევებს, რომელიც დადასტურებულად ამბობს, რომ რომელიმე მათგანი იწვევს რამე ტიპის გართულებას. ამჟამად რა კვლევებიც გვაქვს, მისი მიხედვით, კი, უნდა ავიცრათ, იმ პრიორიტეტულობით, როგორც არის მსოფლიოში მოწოდებული – სამედიცინო პერსონალი, ასაკოვნები, მერე ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და ა.შ.
– გვითხრეს, რომ ვაქცინის პირველი ნაწილი თებერვლის ბოლოს გვექნება უკვე, რამდენად სარწმუნო გგონიათ ეს ინფორმაცია?
– რაც გავრცელდა, ბოლო ინფორმაცია, იმის მიხედვით 29150 დოზა შემოაქვს სახელმწიფოს თებერვლის თვეში, ეს არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა, ეს არის პირველი პარტია. ეფექტი რომ მივიღოთ, 4 მილიონი დოზა უნდა შემოვიდეს, მინიმუმ 2 მილიონი ადამიანი რომ აიცრას. ერთი საკითხია, რომ ვაქცინა უნდა შემოვიდეს და მეორე საკითხია, რომ დროის შემჭიდროვებულ ვადებში უნდა მოხდეს მთელი ეს პროცესი – შემოსვლა, განაწილება, ვაქცინაცია.
– ბევრს საუბრობდნენ ცივ ჯაჭვზეც, ჯერ გვითხრეს, რომ ვაქცინის შესანახი ცივი ჯაჭვი არ გვქონდა, მერე უცებ გვითხრეს, რომ გვაქვს, მაგრამ 4 დიდ ქალაქში მხოლოდ – როგორი უნდა იყოს ლოჯისტიკა?
– ეს არის ის კითხვა, რაც გვაქვს მთელი ამ დროის განმავლობაში. დიდი რაოდენობით დოზა რომ გვქონდეს, როგორ ვანაწილებთ, როგორ გვაქვს მუშა სტრუქტურა აწყობილი? ლოჯისტიკა და მენეჯმენტი ძირითადი თემებია და ამაზე მუშაობა დაწყებული უნდა იყოს უკვე. საუბარი იმაზე, რომ კვირაში უნდა აიცრას 70 ათასიდან 100 ათას ადამიანამდე, რაც არასდროს მომხდარა საქართველოში და ასჯერ მეტია აქამდე არსებულ შესაძლებლობაზე. სად განლაგდება ეს პუნქტები, როგორ იქნება აღჭურვილი, პერსონალი როგორ იქნება გადამზადეული და მერე ჩართული, მოხალისეები იქნებიან საჭირო, აუცილებელია საინფორმაცია კამპანია და ა. შ. რამდენად არის ამისთვის მომზადებული სახელმწიფო? ეს საჯაროდ არ ჩანს. ჩინოვნიკებიც განცხადებებიც ურთიერთგამომრიცხავია, ერთი ამბობს, რომ არ გვაქვს ამის საშუალება, მეორე ამბობს, რომ გვაქვს, მაგრამ რაღაც ქალაქებში, მესამე სხვას ამბობს… ეს იმაზეც მიგვანიშნებს, რომ მათ შორის კოორდინაცია და ინფორმაციის გაცლა არ ხდება, რაც, თავის მხრივ მეტყველებს იმაზე, რომ საამისოდ მაღალი მზაობა ჯერჯერობით არ გვაქვს.
– ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა გეგმიურ შემოწმებებს ვერ გადის, ცნობილია ზუსტად, რამდენი ადამიანი ალერგიული? უმეტესობა სიმპტომებს მკურნალობს ადგილობრივად და მორჩა. ამ პროცესის მართვას როგორ აპირებენ? წინასწარ ავუღებენ ანალიზებს? თუ მოქალაქის ნათქვამს დაეყრდნობიან?
– ეს არის ზუსტად მენეჯმენტის ნაწილი, როდესაც ვინმეს ვცრით, სიები, პროგრამული უზრუნველყოფა პარალელურ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს. მაგალითად, უნდა ვიცოდეთ, თბილისში რამდენ ადამიანს ვცრით და ვის ვცრით… სამედიცინო მუშაობის შემთხვევაში, ამის გაკეთება ბევრად ადვილია, მათი აღრიცხვიანობის კუთხით, მაგრამ როცა ზოგადად, მოსახლეობაზე გადავდივართ, უკვე უნდა იყოს შედგენილი და ვიცოდეთ, რომელ რაიონებში იქნება პუნქტები, ვის გავუკეთებთ აცრას, რამდენს გავუკეთებთ, ვის ვის შემდეგ, ვინ სად არის „მიწერილი“, ვინ არის პასუხისმგებელი, ვინ მიაწვდის ინფორმაციას, ოჯახის ექიმი, პოლიკლინიკის ექიმი, მოხალისე, სამედიცინო ცენტრი იქნება, ქოლცენტრი, თუ ა. შ. მაგალთად, მე, სერგო ჩიხლაძე, რომელ პუნქტზე ვიქნები მიმაგრებული, სად უნდა მივაწოდო ინფორმაცია, ან ვინ უნდა მოვიდეს, რომ ჩემი ინფორმაცია მიიღოს? კოლოსალური შრომაა ჩასატარებელი. ასობით ასეთი ტექნიკური დეტალია, რომელიც უკვე დამუშავების პროცესში უნდა იყოს.
– ჩვენ გვითხრეს, რომ პირველ რიგში, აიცრებიან ექიმი და თქვეს ისიც, რომ პირველ რიგში, აიცრებიან ის ექიმები, რომლებსაც კოვიდპაციენტებთან აქვს შეხება. თუმცა, გასული თვეების მანძილზე, მხოლოდ ის გვესმოდა, რომ უამრავი ექიმი დაინფიცირდა. მაინც ვისი ვაქცინაცია მოხდება, რა პრინციპით აირჩევა? და უნდა ჩაუტარდეთ თუ არა ვაქცინაცია იმ ექიმებსაც, (საუბარია პირველ ნაწილზე), ვისაც გადატანილი აქვს კოვიდ-19?
– ჩვენც ეს ინფორმაცია გვაქვს, რომ პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი უნდა აიცრას, მაგრამ, მე არ დავყოფდი, კოვიდთან შემხებლობაში და არ შემხებლობაში მყოფებად ექიმებს, ნებისმიერი ექიმი შეიძლება იყოს კოვიდიანთან შეხებაში, პაციენტი რომ მოდის, შუბლზე არ აწერია გადატანილი აქვს, არა აქვს, უსიმპტომოდ აქვს შეიძლება… მთლიანად უნდა იყოს საუბარი სამედიცინო პერსონალზე. ექიმი, ექთანი, სანიტარი, დამხმარე, ტექნიკური პერსონალი – ეს დაახლოებით 67 ათასი ადამიანია, ამის 65 პროცენტი უნდა აიცრას, რაც არის დაახლოებით 47-48 ათასი ადამიანი.
– ვაქცინაციის გეგმის დროულად გამოქვეყნებას უამრავი ექიმი ითხოვდა, მათ უკომენტარებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები და წერდნენ, რომ არაფრის მომცემია ვაქცინაციის გეგმა. საქმე იქამდე მივიდა, რომ აშშ-ს ელჩმა პირდაპირი, ღია განცხადებით მოუწოდა ჯანდაცვის მინისტრს, სწრაფად გამოექვეყნებია ვაქცინაციის გეგმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში, ვაქცინაციის წინასწარი გეგმა გამოქვეყნდა – თუ გაეცანით და გაქვთ თუ არა შენიშვნები?
– პირდაპირ რომ ვთქვა, ეს არ არის ცუდი გეგმა, ამ გეგმაზე ჩემი ნაცნობი კოლეგებიც მუშაობდნენ და ძალიან კარგი გეგმაა. ეს ისაა, რაც შეიძლება ექსპერტებმა შესთავაზონ სახელმწიფოს, მაგრამ გეგმა და კონცეფცია ერთია და ის საკითხები, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი, ტექნიკური დეტალები, ის უკვე განხორციელების პროცესში, განმახორციელებელმა, სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. გეგმაში ვერავინ ჩაგიწერს, სად რამდენი პუნქტი უნდა იყოს, მაგალითად ან სად რამდენი ადამიანი უნდა აიცრას. ორ ნაწილად გავყოთ, არის გეგმა და რეკომენდაციები, რომელიც ნანახი მაქვს და საკმაოდ კარგია, მაგრამ მეორე ნაწილია პრაქტიკული განხორციელება როგორ მოხდება და ამ ნაწილში მაქვს ის შეკითხვები, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდი.
– ჩვენ გვითხრეს, რომ ფაიზერის ვაქცინა, რომელიც საკმაოდ დაბალ ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს, მაქსიმუმ 6 საათი ძლებსო, რას ნიშნავს ეს? რამდენ გრადუს ტემპერატურაზე ძლებს გახსნიდან 6 საათი? და რა ემართემა ამ დროის გასვლის შემდეგ?
– მინუს 70 გრადუს ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს და ლაპარაკია იმაზე, რომ გახსნის შემდეგ, (მოგეხსენებათ, არ არის დაყოფილი დოზებად, ისხნება და მერე ნაწილდება) რამდენიმე საათში უნდა მოხდეს ვაქცინირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაღაცა პერიოდის შემდეგ, ის შეიძლება აღარ იყოს ვარგისი. მენეჯმენტში ესეც შედის – დროულად უნდა მოხდეს, მაცივრიდან ამოღების შემდეგ, ადამიანებისთვის ინექციის გაკეტება. ამიტომ არის საჭირო უზრუნველჰყოფა ადამიანთა ნაკადის, დროული მისვლა, რათა პროცესი არ წარიმართოს ქაოტურად, მოდი, ახლა ამას ავცრი, მერე მეორეს ძებნას დავუწყებ და ა.შ. – ეს არ უნდა მოხდეს. მენეჯმენტის და ასაცრელთა ნაკადის ორგანიზებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წინასწარ უნდა იყოს გრაფიკი, მე მივალ დილას ცხრა საათზე, მაგალითად, თქვენ 9 საათსა და 15 წუთზე, ვიღაცა 9 საათსა და 30 წუთზე და ასე.
– მას შემდეგ, რაც ბათუმში ტესტირების პასუხების დროული და ზუსტი მიწოდებაც რომ ვერ უზრუნველყვეს და ვის ვისი პასუხი როდის მისდიოდა, ვერ ვიგებდით, მე, ცოტა არ იყოს, ეჭვი მეპარება, კვირაში 100 ადამიანის ვაქცინაცია ისე მოახერხონ, რომ ელემენტარულად მონაცემი არ აერიოთ. ამას მით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პირველი ინექციიდან, 21-ე დღეს მეორე ინექცია უნდა გაკეთდეს.
– ამიტომ ვამბობ, რომ ახლა უკვე უნდა იყოს დაწყებული ამისთვის მზადება. გასაგებია, რომ ჩვენთან მილიონობით დოზა ერთ დღეში არ შემოვა და ეტაპობრივად შემოვა, სწორედ ამიტომ, მოქნილობა ჯერ კიდევ შეგვიძლია, შეგვიძლია კარგად მოვემზადოთ და დავხვდეთ მომზადებული. საჭიროა, მთავრობამ მეტი გამჭირვალობა გამოიჩინოს და ყველა ამ კითხვაზე, ახსნა-განმარტებები მოგვცეს, რათა ექსპერტებს, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, მოსახლეობას ნდობა გვქონდეს და არ დაგვრჩეს კითხვები.
– შეზღუდვებთან დაკავშირებითაც გაიყო აზრი, ზოგი თვლის, რომ უნდა დარჩეს, ზოგი თვლის, რომ უნდა შემსუბუქდეს, ზოგი თვლის, რომ ყველა შეზღუდვა ერთად უნდა მოიხსნას – თქვენ რას ფიქრობთ?
– შეზღუდვები უნდა შემსუბუქდეს, რა თქმა უნდა. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ყველაფერი უნდა გაიხსნას უკონტროლოდ. ლაპარაკია საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, სახმელეთო ტრანსპორტზე განსაკუთრებით და ლაპარაკია ბიზნესის გარკვეული სექტორების დოზირებულად, ეტაპობრივად გახსნაზე, მონიტორინგის პირობებში. შეზღუდვების მოხსნა აუცილებელია ქვეყნის როგორ ეკონომიკისთვის, ისე ჯანდაცვის სისტემისთვისაც. ჩვენ თუ ეკონომიკა დავკარგეთ, ეკონომიკა თუ გაკოტრდა, ჯანდაცვაც გაკოტრდება – მით უმეტეს, რომ დიდი კლინიკები უკვე სერიოზული პრობლემების წინაშე არიან. სახელმწიფო ამისთვის გვჭირდება, რომ ეს შუალედები იქნეს მოძებნილი, ძნელია, ადვილი არ არის, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები, საკვები ობიექტები ეტაპობრივად უნდა გავხსნათ, ეს არის ჩემი პოზიცია და აქვე ვიტყვი იმასაც, რომ აუცილებლად უნდა დავიწყოთ ფიქრი სასწავლო პროცესის აღდგენაზე – საუბარია საბავშვო ბაღებზე და სკოლებზე. უნივერსიტეტების გახსნის მომხრე თავადაც არ ვარ, უნივერსიტეტებში გავრცელების მეტი შანსია, სკოლებში და ბაღებში რეგულაციების დაცვის მეტი ალბათობაა. საერთაშორისო კვლევებიც ამას უჩვენებს – ქვეყნების უმრავლესობაში შეღუდვების მოხსნა პირველ რიგში სკოლებს ეხება და მკაცრი შეზღუდვების გამოცხადებისას კი, ბოლო უნდა იყოს სკოლა. სკოლების და ბაღების გახსნის შემდეგ, ეპიდსიტუაციაზე დაკვირვების შედეგად, უკვე გახდება შესაძლებელი იმის თქმა, როდის შეიძლება უნივერსიტეტების გახსაც.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები