ლევან ჯავახიშვილი
აჭარის მთავრობაში დიდი შფოთი და არეულობაა. 2022 წელს, სახელმწიფო აუდიტმა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქვემდებარე, საგზაო გზების დეპარტამენტი შეამოწმა და არაერთი დარღვევა აღმოაჩინა. მათ შორის ისეთები, რომლებშიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. „ალია“ აუდიტის სამსახურის დასკვნას უცვლელად გთავაზობთ:
„ეკონომიკური საქმიანობა 28 ოქტომბერი, 2022 აჭარისა/რ-ის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა 2020-2021 წლების ბიუჯეტის შესრულების ნაკლოვანებები – დეპარტამენტს 2020-2021 წლებში ჯამურად ბიუჯეტიდან აუთვისებელი დარჩა 12,231,675 ლარი. ცალკეულ შემთხვევებში ვერ იქნა უზრუნველყოფილი ბიუჯეტის დროულიდ აზუსტებადა თანხის სხვა პროექტებზე გადანაწილება, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სწორი დაგეგმვა, რაც მიუთითებს ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვასა და პროექტების დაგეგმვის ხარვეზებზე. შრომის ანაზღაურება შრომის ანაზღაურებაში არსებული დარღვევები – დეპარტამენტის მიერ შრომის ანაზღაურების სახით გადახდილი თანხებიდან 5,680 ლარის 13 ტრანზაქცია თაღლითობის რისკის შემცველია და მიუთითებს შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მხრიდან არამართლზომიერი ქმედების რისკებზე. სახელმწიფო შესყიდვები არათანაბარი კონკურენციის პირობებში განხორციელებული შესყიდვები – პრეტენდენტთა შერჩევის ეტაპზე არსებული ხარვეზების მიუხედავად დეპარტამენტმა გააფორმა, ჯამში, 987,535 ლარის ღირებულების სამი ხელშეკრულება. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას სატენდერო დოკუმენტაციაში დაუსაბუთებელი მოთხოვნების არსებობა წარმოშობს შესყიდვის კონკრეტულ პრეტენდენტებზე მისადაგების და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის და შესრულების ხარვეზები – ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღების ეტაპზე სათანადოდ არ განხორციელდა ინსპექტირება, რის შედეგადაც, მიღებულ იქნა ხარვეზიანი პროექტები. ამასთანავე, დაუზუსტებელი საპროექტო დავალება და ხელშეკრულებაში სათანადო ცვლილებების გარეშე საქმიანობის წარმართვა არ შეესაბამება ტენდერით და ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებაში არსებული ნაკლოვანებები – წარმოდგენილი დოკუმენტაციით 90,936 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება ვერ დგინდება, მათ შორის ასფალტბეტონის და გრუნტის ნაყარში გატანის სამუშაოებზე, მიუხედავად ამისა, შემსყიდველის მიერ დადასტურებულია სამუშაოები და გადახდილია თანხა. შედეგად, აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო რწმუნება რამდენად შეესაბამება შემსყიდველის მიერ დადასტურებული სამუშაოები რეალურ შესრულებას. ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოს ნაკლოვანება – დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებზე არასათანადო კონტროლის შედეგად, ხელშეკრულების დარღვევით, სამუშაოებს აწარმოებდა ქვეკონტრაქტორი, რამაც განაპირობა, ჯამში, 1,748,112 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების დაგვიანებით შესრულება. ტრანსპორტის ხარჯები მძიმე ტექნიკის ტექმომსახურებაში არსებული ნაკლოვანებები – დეპარტამენტში არსებული შიდა კონტროლის სისუსტის შედეგად, მძიმე ტექნიკის მომსახურების ხელშეკრულების შესრულებაში დაშვებულ იქნა უზუსტობანი, რის გამოც ბიუჯეტიდან ზედმეტად იქნა გადახდილი 7,363 ლარი“.
დასკვნის მიხედვით, სახეზეა ბიუჯეტიდან თანხების უყაირათოდ ხარჯვა, შრომის ანაზღაურებაში არსებული დარღვევები, არათანაბარი კონკურენციის პირობებში განხორციელებული შესყიდვები საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვის რისკები, 12 მილიონზე მეტი ლარით ბიუჯეტის გარღვევა, ფინანსური რესურსების არაეფექტიანი მართვა, თაღლითობის რისკისშემცველი ტრანზაქციები და სხვა. „ქართული ოცნების“ კულურებში საუბრობენ, რომ ეს დასკვნა, თავისთავად გადაიყოლებს დეპარტამენტის თავმჯდომარეს, მამუკა თურმანიძეს და მისი ხელქვეითების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება. თუმცა, ეს არ არის მთავარი. საავტომობილი გზების დეპარტამენტი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს უწყებაა, მინისტრი კი ჯაბა ფუტკარაძე გახლავთ. თავის მხრივ ფუტკარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ფავორიტია. შესაბამისად, ბევრი ვარაუდობს, რომ ეს დასკვნა დარტყმა იყო თორნიკე რიჟვაძისთვის. ადრე მის ქვემდებარე სახელმწიფო უწყებებებს ადრე ამდენ ვერ უბედავდნენ და მით უმეტეს, ფავორიტი მინისტრების სამინისტროების თუ მათი დეპარტამენტების შემოწმების შედეგად, ამ ტიპის დასკვნა აუდიტს დღემდე არ დაუდია, სადაც ერდროულად რამდენიმე სისხლის სამრთლის დანაშულის ნიშნები იკვეთება. წყარო „ქართული ოცნებიდან“ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ჯაბა ფუტკარაძეს მოხსნიან, რიჟვაძეს კი უკვე წყალი აქვს შეყენებული. წყაროს თქმით, რიჟვაძეს კახი კალაძე და მამუკა კობახიძე მფარველობენ, მისი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობიდან გადაყენება დიდი ხანია უნდა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს. შესაბამისად, საგზაო დეპარტამენტში აუდიტის გაგზავნას მას უკავშირებენ. „ქართულ ოცნებაში“ ღიად საუბრობენ, რომ კალაძის და კობახიძის პოზიციები მორყეულია და ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციები ძლიერდება. შესაბამისად, ღარიბაშვილი ეცდება რიჟვაძე გაუშვას პოსტიდან და მის ადგილას საკუთარი ფავორიტი დასვას. თუ რიჟვაძე გადადგა, ავტომატურად გადადგება აჭარის მთავრობა. ახალ მთავრობაში კი დღევანდელი მინისტრებიდან ვერ მოხვდებიან ჯაბა ფუტკარაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ზვიად შავაძე და განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი,მაია ხაჯიშვილი. ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, შესაძლოა, დარჩეს პოსტზე. თუ ჯაბა ფუტკარაძე მინისტრი აღარ იქნება, შესაძლოა, მას მხოლოდ პოსტის დატოვება არ აკმარონო. წყაროსვე ინფორმაციით, მამამისი, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, ზაურ ფუტკარაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერიოზულ სეგმენტს აკონტროლებს, შხამქიმიკატების, ტრაქტორებისა და სოფლის მეურნეობისთვის საჭირო სხვა საშუალების შემოტანის ექსკლუზიური უფლება აქვს ბოძებული რიჟვაძისგან, უპრობლემოდ იგებს ტენდერებს და ერთ პირთან გაფორმებული არაერთი კონტრაქტითაც ითვისებს სახელმწიფო თანხებს. „ატკატები“ კი სოფლის მეურნეობის მინისტრთან და მისი გავლით, თორნიკე რიჟვაძესთან მიდის. წყაროს თქმით, მალე აუდიტის სამსახური სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვა და სხვა უწყებებში შევა და ბევრი რამ მერე გაირკვევა.
აჭარლების დიდი პრობლემაა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე, რომელიც უკვე 15 წელი დეპუტატატია. ბოლქვაძის ოჯახის წევრებს, ნათესავებს ათეულობით მილიონი ლარი აქვთ მიღებული ტენდერების გზით და „ატკატები“ პირდაპირ მიდიოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეებთან, ამჟამად კი თორნიკე რიჟვაძესთან – აცხადებს „ალიას“ წყარო. 2011–2021 წლებში, ანზორ ბოლქვაძის ოჯახის წევრების კომპანიებმა, მოგებული ტენდერებიდან მიიღეს 4. 888. 851 ლარი, უკონკურენტი ტენდერებიდან, სადაც მხოლოდ ბოლქვაძის ოჯახის წევრების კომპანიები მონაწილეობდნენ, 1.408.289 მილიონი ლარი, გამარტივებული შესყიდვებით კი 3.109.939 ლარი. ანზორ ბოლქვაძის ნათესავების კომპანიები არ ჩამოუვარდებიან მისი ოჯახის წევრების კომპანიებს ამ საქმეში. ბოლქვაძის ნათესავების კომპანიებმა, იმავე პერიოდში, ტენდერებიდან 8.660. 419 ლარი მიიღეს, უკონკურენტო ტენდერებიდან 3.422. 736 ლარი, გამარტივებული შესყიდვებით კი 399.274. ანზორ ბოლქვაძის ოჯახის წევრების კომპანიები ხომ თავისთავად მისია და ოჯახის წევრებზე აქვს გაფორმებული, აჭარაში ამბობენ, რომ მისი ნათესავების ყველა კომპანიაში 50%–იანი წილი ბოლქვაძისაა, მაგრამ ეს არსად ფიქსირდება, ასე ვთქვათ, გარედან არის წილში. სრული იდიოტი თუ იფიქრებს იმას, რომ ამ მილიონებს ბიუჯეტიდან ანზორ ბოლქვაძის ნათესავები და ოჯახის წევრები აჭარისა და საქართველოს ხელისუფლების გავლენიანი პირების ჩარევის გარეშე ღებულობს. მთელი აჭარა იმას ლაპარაკობს, რომ ბოლქვაძე „ატკატებს“ თორნიკე რიჟვაძის მამას, დავით რიჟვაძეს აძლევს თითოეული ტენდერიდან თუ გამარტივებული შესყიდვიდან, თანხის ნიწილი საქართველოს მთავრობაში მიდის, თანხის მცირე ნაწილს კი „ქართული ოცნების“ ფონდში რიცხვს. ანზორ ბოლქვაძეს „აჭარელ ოლიგარქს“ ეძახიან ადგილობრივები და ამით იმას უსვამენ ხაზს, რომ მთელ საქართველოში თუ ბიძინა ივანიშვილია ოლიგარქი, აჭარაში ჩვენი გვყავს, ანზორ ბოლქვაძეო. ერთადერთი ადამინი აჭარაში, რომელიც ანზორ ბოლქვაძეს გადაეღობა, ხულოს არჩეული მერი, გოჩა მელაძე იყო, იმ დროს კი ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე გახლდათ. გოჩა მელაძე არ აჯეჯილებდა ბოლქვაძეს საკუთარ ნებაზე, არც საკადრო პოლიტიკაში ახედებდა და არც სახელმწიფო შესყიდვებისას აძლევდა პრივილეგიებს მასთან დაკავშირებულ კომპანიებს. ანზორ ბოლქვაძემ მოახერხა და არჩეული მერი, გოჩა მელაძე აიძულა, განცხადება დაეწერა და წასულიყო თანამდებობიდან. ეს 2017 წელს მოხდა. მელაძეზე ზეწოლა კი თბილისიდან განხორციელდა. მელაძეს მიაყოლეს მისი კადრებიც. ხულოს ახალი მერი, ვახტანგ ბერიძე ანზორ ბოლქვაძის ნების გარეშე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვერ ღებულობს, მას სრულად ემორჩილება, – აცხადებს „ალიას“ წყარო და ამატებს, რომ ხულოს მერიაში და მერიის ქვემდებარე უწყებებში საკადრო პოლიტიკასა და სახელმწიფო ტენდერებს ანზორ ბოლქვაძე სრულად განკარგავს.
კომენტარები