გიორგი ჯავახაძე, ალია
ბოლო ორ კვირაში ოპოზიციის მომხრეებისთვის მესიჯბოქსი რამდენჯერმე შეიცვალა, ერთადერთი, რაც უცვლელია, ეს არის ანონსის ანონსი, უკვე მერამდენედ ვისმენთ, რომ ოპოზიციას გეგმა აქვს და ამ გეგმას მალე გაგვაცნობს… უწყვეტი პროტესტი კი გაწყდა, მაგრამ ოპოზიციის მომხრეებს და აქტივისტებს, როგორც გვიყვებიან, ეუბნებიან, რომ ოპოზიციას ფული არა აქვთ…
ქოცური ნარატივი ნაცურად – რა მესიჯები ვრცელდება ოპოზიციის ამომრჩევლებში
ანონსის ანონსი – ენმ-ი და ენმ-ი
“ბოლო პერიოდში, მეტი და მეტი ადამიანი ითხოვს მელიას გადადგომას ენმ-ის თავმჯდომარეობიდან. ერთი პერიოდი, კულუარულად იყო საუბარი, რომ ლევან ხაბეიშვილს უნდა ეტვირთა ლიდერობა და ნიკა მელია, ასე ვთქვათ, გვერდით გაეწიათ, იმასაც კი ჰყვებოდნენ, ხაბეიშვილმა მელიას აგინაო… მაგრამ, მერე ახალი მესიჯბოქსი გამოვიდა, არ მოხერხდა ნიკა მელიას ჩაწევა, რადგან ფინანსებზე მაგას აქვს წვდომა და თავისი კადრებით ფესვები აქვს გადგმული უკვე პარტიაშიო. ეგ რა არის, თავის დროზე, მიშას ლევან ვარშალომიძე უნდოდა პარტიის მეთაურად, მაგრამ მელიამ დაარწმუნა, მე უკეთ გამოგადგებიო, ამასაც ჰყვებიან, ახლა კი ისე გამოვიდა, ლევან ვარშალომიძე, როგორც ჩანს გაბუტულიაო. როგორც ჩანს, ყველა ჯოხი მელიაზე გადატყდება, არადა, თუ ვინმეს სურდა “ენმ”-ის ძველი გვარდიის წინ წამოწევა, ამისათვის დროც და რესურსიც ოხრად ჰქონდათ. მოკლედ, ისეთი სუნი ასდის უკვე ამ ამბავს, რომ ყველა მარცხს ნიკა მელიას შეაწმენდნენ, აკი, სააკაშვილმა ჯერ კიდევ კარგა ხნის წინ განაცხადა, აქციების ორგანიზებაში მე არ ვმონაწილეობო, თაკო ჩარკვიანი უკვე იძახის, მე ხომ ვამბობდიო, “ენმ”-ის ამომრჩეველში ნიკა მელიაზე ჭორ-მართალი ისე ვირუსულად ვრცელდება, უკვე გარჩევა ჭირს. ზოგი ღიად და ზოგი ჩუმად საუბრობს იმაზე, რომ მელია ხაზარაძემ “იყიდა”… რად უნდა ხაზარაძეს მელია? სახლში დაიდგამს? თავის მხრივ ხაზარაძე ვინ “იყიდა” და ვისთვის “აყიდინეს” ხაზარაძეს მელია, ეგ უნდა თქვან, მაშინ. ყველამ კარგად ვხედავთ, რომ მელია სათოფეზე არ ეკარება სააკაშვილს, შუამავლების საშუალებითაც არ საუბრობენო, ამბობენ, ხოდა, მაშ, რანაირადაა მელიას ბრალი არსებული სიტუაცია?
თუ მელიას არასწორად მიჰყავს პროცესი, პარტიის დანარჩენი ლიდერები და საავადმყოფოში მყოფი ლიდერთა ლიდერი რას აკეთებენ? რატომ ხმას არ იღებენო. ახლა იმაზე დაიწყეს საუბარი, მელია თავმჯდომარეობიდან უნდა გადავაყენოთო – ვინ ცვლის შუა ომის დროს მთავარსარდალს? თან დაგეგმილი ომის წინ. ივანიშვილმა ამ “ომის” წინ უაღრესად აგრესიული ლიდერები დაააყენა მთავარსარდლებად, პრემიერად – ღარიბაშვილი და პარტიის თავმჯდომარედ – კობახიძე და მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდის დროს გამოჩნდა, რომ ეს აგრესიული კამპანია არც ისე კარგად მუშაობდა, მაინც ბოლომდე მიჰყვა დაწერილ გეგმას, რადგან ყველამ იცის, რომ შუა ომის დროს, მთავარსარდლის ცვლილება, “მეფის” რეიტინგზე კარგად სულაც არ აისახება. მე არ ვიცი, რატომ მიჰყვება სამსხვერპლოზე ნიკა მელია ამ კამპანიას, მაგრამ ერთი ვიცი, ახლა თუ ოპოზიციამ ერთმანეთზე გადაბრალება დაიწყო და კიდევ გაიხლიჩა, ჩათვალონ, ომი პირწმინდად წააგეს. უკვე ისედაც სასაცილოს ემსგავსება არსებული სიტუაცია და ეს ანონსის ანონსი უკვე სახუმარო განწყობას იწვევს – რა გახდა ერთი სამოქმედო გეგმა და მისთვის მიყოლა? ხვალ ვიტყვი, ზეგ ვიტყვი, მაზეგ ვიტყვი, მოდი, არ ვიტყვი, საიდუმლოდ დავტოვებ – რა ჯადოსნური გეგმაა ასეთი, რომ მისი “რეცეპტის” გამხელა არ შეიძლება ხალხისთვის? თქვან, მაშინ, რომ არ აქვთ გეგმა და მათი გეგმა ისაა, რომ გეგმა არ აქვთ.” – გვიყვება “ალიას” ერთ-ერთი პოლიტიკოსი.
გეგმა ნომერი №555- სასამართლო პროცესი
ოპოზიციის ამომრჩეველი 23 ნოემბერს განსაკუთრებულად ელოდა და ამას არც მალავდა, ღიად ამბობდნენ, რომ 23 ნოემბერს მიშა გარეთ უნდა ყოფილიყო და ერთად უნდა დაელიათ ჭიქა ღვინო, ერთად უნდა აღენიშნათ მისი გათავისუფლება, მაგრამ ამასობაში მიშა გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს და ოპოზიციამ თქვა, ჩვენ მაგარი გეგმა გვქონდა, ქვას რომ ხეთქავს, ისეთი, 30 წელია რომ არავის ჰქონია, ისეთი გეგმა გვქონდა, მაგრამ, აბა, გადაიყვანეს მიშა კლინიკაში, გავიმარჯვეთ და მოდი, წამოვწვეთ, ცოტა წავუძინოთო. მოკლედ, 23 ნოემბერს ოპოზიციამ გამარჯვება აღნიშნა და მიშას მადლობა უთხრა.
“კიდევ ერთი მესიჯი, რომელიც ოპოზიციის ამომრჩევლებში ვრცელდება, არის – მიშას გაამართლებენ და გამოუშვებენ, აგერ ნახავთ! -კარგი, დავუშვათ, გაამართლეს ამჟამინდელ პროცესებზე, ის 6 წელი უკვე მისჯილი აქვს და რას აპირებთ? – ვეკითხები, მიყურებენ და მპასუხობენ: – რა დააშავა 6 წელი რომ იჯდეს და აგრძელებენ მისი გაკეთებული საქმეების ჩამოთვლას. ამ ადამიანებმა ერთი რამ ვერ გაიგეს – თუ მიჰყვები სამართლებრივად და მშვიდობიანად პროცესს და არ გინდა რევოლუცია, მაშინ, საამისო გეგმა და ბერკეტები უნდა დაასახელო და რატომ ვერ გაიგეს? იმიტომ, რომ ოპოზიცია ხალხს არ ელაპარაკება. ძაღლადაც არ აგდებს, გამოიყვანს, გეგმას გაგაცნობო და მერე ეტყვის, ჩემი გეგმა ისაა, რომ გეგმას მერე გაგაცნობო.
სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, კიდევ არაერთი “გეგმა” ვრცელდება, მაგალითად, ერთი ის, რომ მიშას კარს თავად ძალოვნები გაუღებენ, ან ხალხი სასამართლოდან გამოსულ მიშას, ბადრაგს აღარ გაატანს უკან.
საგულისხმოა ისიც, რომ ოცნების მესიჯბოქსის მიხედვით, მიშას სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს და ჰოი, საოცრებაც, ოპოზიციის ზოგი ლიდერიც, ამ ფსიქიკურ პრობლემებს უსვამს ხაზს, თუმცა, იქვე გვეუბნებიან, მიშა ემიჯნება მისი შვილის ინტერვიუდან იმ ნაწილს, სადაც ედუარდ სააკაშვილი ამბობს, ზოგჯერ ტელევიზორს როცა ვუყურებ, მგონია, მართლა ურჩევნიათ მოკვდეს მიშა, ასე მუხტი აიწევაო… როცა შვილის ნათქვამს გაემიჯნა მიშა, მაშინ ფსიქიკურად ჯანმრთელი იყო და როცა სხვა თემაზე საუბარობდა – ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა? ან, თუ ასე ცუდადაა მიშა, ვინ ავრცელებს მის წერილებს და რამდენად სწორი ინტერპრეტაციით ვრცელდება? მიშამაც დაიწყო ანონსის ანონსი?
სასამართლოსთან მოდით, სიტყვით მოგმართავთო და იქვე, იგივე წერილში მერე ამბობს, ჩვენთვის სამი კვირა გადამწყვეტიაო? – რისი გადამწყვეტი? რა მოხდება ამ სამ კვირაში? რეალურად, რომელია მნიშვნელოვანი აქედან? სასამართლო პროცესის დროს, სასამართლოსთან შეკრებილი ხალხი, თუ მომდევნო სამი კვირა? იქნებ, არც ერთი? რაზე კეთდება სინამდვილეში ფსონი? ან მიშა რატომ იფიცება საავადმყოფოდან, რომ მე სახელმწიფოს მართვაში არ ჩავერევი და სკამი არ მინდაო?
სხვათა შორის, სწორედ თქვენთან, “ალიაში” წავიკითხე წინა ნომერში, რომ ივანიშვილი და სააკაშვილი ხელისუფლების გადაბარებაზე თითქმის შეთანხმებულნი არიან და ივანიშვილს სურს, სააკაშვილისგან მიიღოს გარანტია, რომ ის უშულოდ არ იქნება თანამდებობაზე და კოალიციურ მმართველობას ოცნების გუნდის ნაწილი და ოპოზიცია გაიზიარებს. თქვენი რესპონდენტი ამბობდა, ახლა, ამ ერთ პასუხს ელის ბიძინა მიშასგან, რომ მას არ ექნება პრეტენზია პრემიერობაზეო და მენიშნა, უპასუხა მიშამ ღიად, არ მინდა თანამდებობა, მეც შენსავით ჩრდილოვანი მმართველი ვიქნებიო. მე არც ერთის ამომრჩეველი ვარ და არც მეორესი – ამიტომ, მე უკვე მაქვს კითხვა – ამ პატარა ქვეყნისთვის ორი ჩრდილოვანი მმართველი ძალიან ბევრი ხომ არ იქნება? ვნახოთ. ასე მგონია, ყველა კითხვა-პასუხი სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ამოიწურა და ახლა უკვე მოქმედების დროა.” – გვიყვება ყოფილი ძალოვანი.
ეს ის მესიჯბოქსებია, რომლებიც ამ მომენტში ტრიალებს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველში. როგორც ხედავთ, ხალხი თვლის, რომ “ოცნების” მომხრეებში ხომ ბიძინას მესიჯბოქსი ტრიალებს და ოპოზიციურ ამომრჩეველში კი, მესიჯბოქსები ვრცელდება ბიძინასთვის – რამდენად ბრძენია ხალხი, მართლაც ყველგან ბიძინაა, თუ არა, გამოჩნდება.
კომენტარები