კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:
„ვინმე ოთარ ჯირკვალიშვილს დაუწერია კონსტანტინეზე – „დიდოსტატი” დაუყოვნებლივ ამოიღეთ სასწავლო პროგრამიდანო“. აი, არ მოსწონს და რა ქნას. ამაზე გამახსენდა ცოტნეს ერთი პოსტი, ფორმაში რომ იყო, იმ დროიდან: როდესაც გია ნოდიამ დაწერა, რა მწერალია კონსტანტინე, რისი თქმა უნდა, ვერ მივხვდიო, ცოტნემ უპასუხა: პირფაჩარა გია ნოდიამ შემოგვთავაზა ეს დიდებული “სიბრძნე” და ათასზე მეტი გინება შეიწერაო. ეს ჯირკვალიშვილი არ არის პირიმნაირი, „პირნუდაა“. მერე გამახსენდა, ანალოგიური ვიღაც გაბუნიამაც დაწერა, თან მწერალს გადასწვდა, სტალინთან დააკავშირა მძულვარედ და ბოღმიანად. მე კი არ ვიცოდი რა შეუქმნია ფასეული ან ამ ჯეელს: გაბუნიას ფოტოს დავხედე და საერთოდ არ მეცნო. ჭირვეული, ანჩხლი ბავშვი იყურებოდა ამ ფოტოდან, პოპულარული გერმანული ლიტფიგურის, პატარა ცახესის მსგავსი. ესენი ცხადია, ერთი კლასტერიდან არიან. ესეც ფაუსტური პროქტოფანტაზმაა, რაც ამათ ჭირთ – თითქოს კონსტანტინეს ჟანგბადი ეწურება და ხელოვნურად აცოცხლებენ. ეშმა როგორ არ გაიცინებს!
ეხლა კი მეტი სერიოზულობით – ეს ჩემი მომავალი წიგნიდანაა ამონარიდი:
“ზვიადის „საქართველოს სულიერი მისია“ ცალკე წიგნად გამოვიდა 1990 წელს. მისი რედაქტირება გავაკეთეთ მე და ჟურნალისტმა ვახტანგ ბახტაძემ. ამ კრებულში ასევე შევიდა საბჭოთა პერიოდში ლექციად წასაკითხი მოხსენების თეზისები „კონსტანტინე გამსახურდია და ქრისტიანობა“. ავტორს იგი არ წააკითხეს. ეს თეზისები ზვიადმა იმიტომ შეიტანა, რათა მომავალში გამოყენებული ყოფილიყო კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედების დასაცავად. მწერალს როგორც სტალინიზმის, ისე პოსტსტალინიზმის პერიოდში გაშმაგებით ესხმოდა თავს კრიტიკოსთა, უფრო სწორად მაძაგებელთა (ის რაც, ინგლისურ ენაში არის detractor) და განმაქიქებელთა სამი თაობა. ისე მოხდა, რომ ეს უმძიმესი ესტაფეტა დამოუკიდებლობის შემდგომ საქართველოშიც გადაიბარეს, როდესაც პერიოდულად ისევ ხდებოდა ორკესტრირებული შეტევები მწერალზე, ხან საეკლესიო ობსკურანტების, ხანაც დასავლურ განათლებაზე და ლიბერალიზმზე პრეტენზიის მქონე პირების მხრიდან. არც ერთ მწერალს ქართულ ლიტერატურაში არ ჰყოლია იმდენი მტერი, რამდენიც კონსტანტინეს. რასაკვირველია ამ ყველაფრის უკან დგას რუსული ჰიბრიდული ომის სპეცსამსახურულ-პროპაგანდისტული სამზარეულო, რომლის ამოცანაა ქართველი ერი დაარწმუნოს ერთ რამეში – რომ მას სრულფასოვანი პროზა არ გააჩნია. პოეზია კი ბატონო, ასე თუ ისე გაქვთო, რა თქმა უნდა, პუშკინთან და ბლოკთან ვერც ის მოვაო, მაგრამ მაინცო…. იქვე დამცინავად დააყოლებენ, თქვენს ხალხს სიმღერაში და ცეკვაში ხომ ვერავინ შეედრებაო. ქართველი სნობი რუსული კულტურული კოლონიის ბოსტანს ვერ სცდება, რის გამოც მათი ერთი ნაწილი ამ დამოკიდებულებას ვერ აცნობიერებს და ბრმა იარაღი ხდება, მეორე ნაწილი კი სწორედაც რომ აცნობიერებს. სხვათა შორის გია ჭანტურიამ, ვიდრე ზვიად გამსახურდიას მტრების რიგებს შეუერთდებოდა, (და ვინც სხვათა შორის, კონსტანტინეს მწერლობაზე მაღალი აზრისა იყო…) ერთი საყურადღებო, დამაფიქრებელი აზრი გამოთქვა, და როგორც მახსოვს, ეს იყო 1988 წლის დასაწყისში, რაც ამ საკითხს მეტად საინტერესო რაკურსიდან დაგვანახებდა:
„ერს, რომელიც ყურადღებას მხოლოდ პოეზიას და სიმღერას აქცევს და პროზას უგულებელჰყოფს, გაუჭირდება დამოუკიდებლობის მიღწევა და საკუთარი სახელმწიფოს აშენება“.
დიახ, მტრები უგულებელყოფენ ცურტაველს, საბანისძეს, მერჩულეს, სულხან-საბას, ჭონქაძეს, ილიას, ყაზბეგს, ბარნოვს, კლდიაშვილს, გრიგოლს, მიხეილს, კონსტანტინეს, გურამ რჩეულიშვილს …. ეს კლასიკაა. თანამედროვენი უფრო აქეთ თქვენ გააგრძელეთ. და თან რამხელა ეპატაჟისტია კონსტანტინე, რომ ამდენს გაყეფებთ დღემდე.
P.S. კიდევ ერთხელ რომ გადავხედე ამ პოსტს, სადღაც გულმა რეჩხი მიყო, იქნებ მამათა და შვილთა ბრძოლის მსგავსია, მაინც ახალგაზრდებია, მთლად გრიგოლ ორბელიანივით ნუ გასასტიკდები, რაღაცამ თითქოს მითხრა. არა, ესენი არ არიან შვილები. ესენი შვილები კი არა, თავიანთ პაპისპაპათა რეინკარნაციებია, იმათი, რომლებიც ალბათ ახალგაზრდა ილიას ეუბნებოდნენ, რომ გამოსავალი სწორედაც გარუსებაშია. უბრალოდ დღეს რუსობა მოდაში აღარაა, სასარგებლოიდიოტობას კი ძნელად თუ ეშველება. ამიტომაც ერთხელ უკვე გავისტუმრე მთელი ამათი კლასტერი „ზმეინისკენ“ მცურავ რუსულ სამხედრო ხომალდთან ერთად.“
კომენტარები