ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დიღმის ოლიმპიურ სოფელში მდებარე საველე ჰოსპიტალი 500-მდე პაციენტს მოემსახურება. მან აღნიშნა, რომ საწოლების უმეტესი ნაწილი ჟანგბადით აღჭურვილი იქნება. სამინისტროს ცნობით, ადგილზე დამონტაჟებულია ორი 5- ტონიანი ცისტერნა, რომელიც საწოლებს ჟანგბადით მოამარაგებს.
“აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, რათა საველე ჰოსპიტალი გამოვიყენოთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, პაციენტებისა და ექიმების ინტერესებიდან გამომდინარე, იმ ექიმების, რომლებიც უკვე ძალიან დიდი ხანია ჩართულები არიან ამ პროცესში და მათი გადატვირთულობის ზღვარი არის მაღალი, სწორედ მათი კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის კოვიდის მართვა დარჩეს ჰოსპიტალურ სექტორში და არ გახდეს საჭირო საველე ჰოსპიტალის გამოყენება. უბრალოდ ჩვენ განვახორციელეთ ყველაზე უკიდურესი გეგმა, რომლისთვისაც საქართველო დღეს უკვე მზად არის“, – თქვა ტიკარაძემ და აღნიშნა, რომ სამინისტრო მაქსიმალურად შეეცდება, საქართველოს არცერთ ქალაქში, საველე პირობებში პაციენტის მომსახურების საჭიროება არ დადგეს.
“48 საათის განმავლობაში ჯანდაცვის სექტორმა შეძლო მობილიზება გაეკეთებინა საკმაოდ რთული ინფრასტრუქტურის და დარწმუნებული ვართ, რომ ისევე როგორც თბილისში, სხვა რეგიონებშიც საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ამის რესურსს გამოვნახავთ“, – ამბობს მინისტრი.
კომენტარები