ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 5 შვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახის დასახმარებლად, დომენიკ მანგომ ფულის შეგროვების კამპანია 1 თვის წინ დაიწყო. ის ოჯახისთვის სახლის ასაშენებლად 1 თვით ლაგოდეხში საცხოვრებლად ჩავიდა და საზოგადოების როგორც ფინანსური, ისე ფიზიკური დახმარებით, ოჯახს დიდი ხნის ოცნება აუხდინა და სახლი აუშენა.
დომენიკ მანგო knews.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ოჯახისთვის სახლის ასაშენებლად დაწყებული კამპანია რომ ეს იყო ერთ-ერთი მასშტაბური ფაქტი, რაშიც მილიონნახევარზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ის ამბობს, რომ ლაგოდეხში ოჯახის დიასახლისის დაბადების დღეზე ჩავიდა და საზოგადოების ერთიანობით, ოჯახთან და მოხალისეებთან ერთად ყოველდღიურად ფიზიკურად შრომობდა სახლის ასაშენებლად, პარალელურად კი მეტი გამჭვირვალობისთვის წერდა ვიდეოებს, სადაც საზოგადოებას დახარჯული თანხის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას და საზოგადოებას დახმარებისკენ მოუწოდებდა.
მისი თქმით, ზუსტად 36 დღეში, ოჯახს, რომლის ერთ წევრს ცერებრალური დამბლა აქვს, სახლის გასაღები საზეიმოდ გადასცა. თუმცა ამ ისტორიას თავიდან სხვანაირი დასაწყისი აქვს და ამაზე თავად კამპანიის ინიციატორი ისაუბრებს.
,,უკვე სამი წელია ტრადიციულად დავდივარ ხოლმე შემოვლაზე მთელი საქართველოს მასშტაბით. მანქანებს ვავსებთ სათამაშოებით და მივდივართ ყველა სოფელში და ქალაქში სადაც დაგვიძახებენ ბავშვების და ოჯახების გასახარებლად.
წინა ახალ წელს როცა ერთ-ერთი ასეთი შემოვლა გვქონდა, შემომივიდა ზარი ამ ოჯახისგან, რომ ბავშვებთან მივსულიყავი და საჩუქრები მიმეტანა. რომ მოვედით ლაგოდეხში, ტელეფონზე ვერ დავუკავშირდი ამ ოჯახს, რადგან უკვე ეძინათ. თუმცა დამახსოვრებული მქონდა ეს ნომერი რომ აქ მისასვლელი ვიყავი. დაახლოებით 1 თვის წინ ზარი იყო ტელეფონზე. ტირილით და განწირული ხმით მირეკავდა ქალი. მოვუსმინე და აღმოჩნდა, რომ თურმე ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმი 20 წლის თამუნას, რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს და არის 27 კილოგრამი, არასწორად მკურნალობდა. ექიმმა გოგონას გამოუწერა დიდი დოზით დამაძინებელი წამლები და ფაქტობრუვად ხელოვნურ კომამდე მიიყვანა ბავშვი.
სწორედ ამ საკითხზე დამირეკა ოჯახის დიასახლისმა და ბავშვების დედამ, ნინომ. ის ითხოვდა დახმარებას. სწრაფად ვიშოვე მანქანა რომ ჩამოვსულიყავი თბილისიდან ლაგოდეხში და ადგილზე მოსულს ბავშვი დამხვდა მძიმე მდგომარეობაში. ამის შემდეგ ოჯახი ჩავიყვანეთ თბილისში, ეპილეფსიის ცენტრში და იქ ექიმებმა თქვეს, რომ კიდევ ორი დღე რომ გაეგრძელებინა გამოწერილი წამლები, გოგონას გადარჩენა ვეღარ მოხერხდებოდა. მათ მოხსნეს ყველა წამალი რაც დანიშნული ჰქონდა და მხოლოდ ეპილეფსიის წამალი დაუტოვეს.
ამ პროცესში ის ოჯახი გავიცანი, მოვისმინე მათი ისტორია და აღმოჩნდა, რომ ისინი 20 წელია ხან ერთი ნათესავის სახლში ცხოვრობს, ხან მეორე. 5 შვილიანი ოჯახია და ბევრი ტანჯვა აქვთ გამოვლილი. ამას ემატებოდა სახლის არქონის პრობლემაც. დავფიქრდი მაშინვე ამაზე და ვთქვი, რომ რატომ არ უნდა გაკეთდეს რამე ამ პრობლემის მოსაგვარებლად, როცა არსებობს შესაძლებლობა. მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩავიდოდი ლაგოდეხში და იქ ვიცხოვრებდი ოჯახთან ერთად, სანამ სახლი არ აშენდებოდა”,- განუცხადა Knews.ge-ს დომენიკ მანგომ.
ლაგოდეხში ჩამოსვლის შემდეგ მანგომ საზოგადოებას ოჯახი და მათი პრობლემები გააცნო და გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ის აღნიშნავს, რომ იმდენად დიდი იყო მოსახლეობის ჩართულობა, რომ ხალხს რითაც შეეძლო იმით იღებდა მონაწილეობას. მისი თქმით, იყო შემთხვევები, რომ ანგარიშზე ბოლო 17 თეთრიც დაურიცხიათ.
,,ჩამოსვლისთანავე მოვუწოდე საზოგადოებას, ჩემს გამომწერებს და ამ პროცესში 2 მილიონზე მეტი ადამიანი ჩაერთო. დავგეგმე, მოვუწოდე საზოგადოებას და ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ სახლის მშენებლობა. 1 აგვისტოს ჩამოვედი ლაგოდეხში და დღემდე, 36 დღეში ნანგრევებიდან, რომ ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, შევძელით მართლა საოცრება და ავაშენეთ სახლი. ეს არის დიდი შრომის შედეგი, მუხლჩაუხრელი, გაუჩერებლად, ყოველდიურად შუაღამემდე ვიდექით და ვაკეთებდით ამ საქმეს. თბილისიდანაც ჩამოდიონენ და გვეხმარებოდნენ. ფინანსურად გვეხმარებოდა საოცრად ბევრი ადამიანი, დაახლოებით 100 000 მოქალაქე მაინც იქნება საბოლოო ჯამში, ვინც თავის პურის ფულს აკლებდა და გვირიცხავდა. ასე შევაგროვეთ თანხა და მივედით იქამდე, რომ დღეს უკვე დასრულებულია სახლის მშენებლობა”,- აღნიშნა Knews.ge-სთან საუბრისას დომენიკ მანგომ.
მისი განმარტებით, დასრულებულ სახლში, რომელსაც გაუკეთდა რემონტი და ავეჯით და ტექნიკით აღიჭურვა, ოჯახი უკვე ცხოვრობს. ყველაზე მთავარი კი, რასაც ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს, არის ოჯახის 20 წლის წევრის სიცოცხლის გადარჩენა.
,,ახალი სახლი 95 კვადრატია და 3 საძინებლიანი. რაც მთავარია, 20 წლის თამუნა სიკვდილს გადავარჩინეთ. არასწორად დანიშნული წამლების მოხსნამ ბავშვი გამოაცოცხლა. რაც მთავარია, ახლა ოჯახს რაიმე განსაკუთრებული საჭიროებები არ აქვს. მაგალითად, ტანსაცმელი ორგანიზაციამ ,,ქალები სამართლიანობისთვის” ჩამოგვიტანა ოჯახისთვის. ერთი დიდი სამარშრუტო ტაქსი იყო გავსებული. იმდენი ტანსაცმელი გვაჩუქეს, მეზობლებსაც დავურიგეთ. სასკოლო ნივთები სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოგვიგზავნეს, ახლაც მოაქვთ ფოსტით კიდევ გზავნილები.
რაც შეეხება ბინის აღჭურვას, ავეჯით და ტექნიკით მე ვუზრუნველყავი და ამით დასრულდა თანხის შეგროვების კამპანია. ჩვენ დავდეთ პრეცენდენტი ისეთი, როგორიც ძალიან იშვიათობაა. თუ კი ამას გადამდები ხასიათი ექნება და სხვებიც გაიმეორებენ ასეთ რამეს, ჩვენს ქვეყანაში შემსუბუქდება გაჭირვება. მადლობა ყველა ადამიანს, ვინც დაგვეხმარა და ჩვენთან ერთად იდგა ოჯახის პრობლემის მოგვარებისთვის.”
წყარო : KNEWS.GE
კომენტარები