ქვეყანაში, რომ მძიმე სოციალური პრობლემები დგას, ეს შეუიარაღებელი თვალით, აქამდეც კარგად ჩანდა, თუმცა, ყველაფერი უფრო ნათელი, მას შემდეგ გახდა, რაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, პირველკლასელების კვებაზე პასუხისმგებლობა, მერიამ საკუთარ თავზე აიღო. ჩატარებული კვლევების თანახმად, სკოლის მოსწავლეთა 35% არასდროს იკვებება (ფაქტობრივად შიმშილობს) სკოლაში, დანარჩენ 65%-ს კი, ბევრად მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა ურჩევნია. როგორც აღმოჩნდა, პირველკლასელთა ოჯახებმა, შვილების კვებისთვის განკუთვნილი თანხის მიზნობრიობა შეცვალეს და მოსწავლეებისთვის გამოყოფილ თანხას, ერთჯერადი კვებისთვის შესაძენ მზა საკვების ნაცვლად, პირველადი საჭიროების სურსათის შესაძენად იყენებენ.
ცხადია, ოჯახებში, სადაც მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება, მარილის, შაქრის, ბურღულეულის, ან პურის ყიდვა ბევრად პრიორიტეტულია, ვიდრე, ერთჯერადად მოსწავლის გამოკვებვა მზა საკვებით, იქნება ეს ცომეული, ტკბილეული, თუ სხვა.
“ჩვენ, რასაკვირველია ვატარებთ მონიტორინგს აღნიშნული პროგრამის მიმდინარეობის ხარისხთან დაკავშირებით. მშობლებისგან მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, გავარკვიეთ, თუ რა ძირითად პროდუქტებს ყიდულობენ ისინი. გარდა ცომეულისა, პირველკლასელთა ოჯახები ყიდულობენ შაქარს, მარილს, ბურღულეულს და ა.შ. ეს ნათლად გვაჩვენებს იმ სურათს, თუ რამდენად მძიმეა სოციალური მდგომარეობა მოსახლეობაში და როგორ ვერ იკვებებიან ბავშვები სასწავლო პროცესის დროს და ზოგადადაც”, – განაცხადა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ხარჩილავამ.
არსებული რეალობა და მოცემული ფაქტები ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროგრამის დანერგვა არა მხოლოდ წალენჯიხაში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. პირველკლასელთა კვების პროგრამის მიმდინარეობის ანალიზმა და ჩატარებულმა კვლევებმა უფრო მეტად გახადა თვალსაჩინო, რომ მოქალაქეებს სოციალურად მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება და ასეთი ოჯახებისთვის, დამატებით სირთულეს წარმოადგენს, სკოლაში ბავშვის გამოკვებაზე ზრუნვა.
აღნიშნული მოცემულობის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვიტა, მეორეკლასელთა კვებაც უზრუნველეყო. როგორც “თაიმერმა” გაარკვია, მერიამ მიმდინარე წლის აპრილში, ერთხელ უკვე მიმართა საქართველოს მთავრობას, მეორეკლასელთა კვებისთვის 208 000 ლარის გამოყოფის მოთხოვნით, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ სასწავლო პროცესი, ზუსტად, ერთ თვეში განახლდება, სახელმწიფოს მხრიდან, აღნიშნული პროგრამა, არც დადასტურებულია და არც უარყოფილი.
“წალენჯიხის ბიუჯეტის სიმწირიდან გამომდინარე, ჩვენ, არ გვაქვს ფინანსური შესაძლებლობა, პირველკლასელთა კვების პროგრამა გავაგრძელოთ და შემდეგი კლასებშიც მოსწავლეები ვუზრუნველყოთ კვებით. ამიტომ, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას გამოეყო 208 ათასი ლარი, უკვე მეორეკლასელთა კვებით უზრუნველსაყოფად. მინდა დინამიკა წარმოიდგინოთ: თუ, ბაღებში მშობლებს შვილების კვება გარანტირებულად უზრუნველყოფილი აქვთ, სკოლებში ისინი დგებიან მკაცრი, ულმობელი სოციალური ფონის წინაშე, რადგან მათ არ აქვთ შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა შვილების კვებით უზრუნველსაყოფად. ჩვენ გავუწიეთ შესაბამისი დახმარება პირველკლასელებს, მაგრამ იგივე პროგრამაში მეორეკლასელების ჩართვის შესაძლებლობას, წალენჯიხის ბიუჯეტი არ გვაძლევს”, – აღნიშნა წალენჯიხის მერმა.
გიორგი ხარჩილავა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვითარების სიმძიმიდან გამომდინარე, ისინი იძულებულნი არიან, ხელმეორედ მიმართონ საქართველოს მთავრობას, რათა მეორეკლასელთა კვების უზრუნველსაყოფად საჭირო თანხა, უმოკლეს ვადებში იქნას გამოყოფილი, რათა პროგრამის ამოქმედება, სასწავლო პროცესის დაწყებისთანავე მოხდეს.
“ერთხელ უკვე მივმართეთ მთავრობას აღნიშნული მოთხოვნით, მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირი პასუხი ჯერ არ გვაქვს. დრო არ ითმენს, სასწავლო წელი მალე დაიწყება, ამიტომ, განმეორებით მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, ამ, მოკლე ვადაში გამოყოს შესაბამისი თანხა, რათა ჩვენ, ამ ბავშვებს გავუგრძელოთ კვების პროგრამა და ამასთან, მივცეთ მათ ნორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა და საშუალება. ბავშვების კვების საკითხის მოგვარება არის უმთავრესი პრობლემა და სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ამაზე”, – განმარტა გიორგი ხარჩილავამ.
შეგახსენებთ, რომ პირველად საქართველოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ, დანერგა და წარმატებით ახორციელებს პირველკლასელთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამას, რომელიც უმოკლეს ვადაში ამოქმედდა და წალენჯიხის მოსახლეობისთვის მაღალი მნიშვნელობა შეიძინა.
კომენტარები