ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება სამხედრო პოლიტოლოგი, უსაფრთხოების ექსპერტი, ვახტანგ მაისაია.
– ბატონო ვახტანგ, ბევრი ფიქრობს, რომ რუსეთში მომხდარი ტერაქტის მიზანი, როდესაც დარია დუგინა ააფეთქეს, თავიდანვე მისი უკრაინისთვის გადაბრალება იყო. ეს ხელ-ფეხს გაუხსნიდა რუსეთის არმიას უკრაინაში, როგორც ტერორისტულ სახელმწიფოში ყველა სახის აგრესიის ჩასადენად. შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთის მეორე ომის დასაწყებად, რუსეთი, კერძოდ „ეფესბე“ ჩრდილო კავკასიაში, მოსკოვში კორპუსებს აფეთქებდა და ტერაქტებს ჩეჩნებს აბრალებდა. შემდგომში ეს გახდა კიდეც ჩეჩნეთში შეჭრის საბაბი. იმ დროს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი იყო და ჩეჩნეთის მეორე ომის მოგების წყალობით გახდა კიდეც რუსეთის პრეზიდენტი. რას იტყვით ამ მოსაზრებაზე?
– ერთის მხრივ, რუსულმა რადიკალურმა დაჯგუფებამ „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო ამ ტერაქტზე პასუხისმგებლობა, მეორეს მხრივ,“ფეესბე“ აცხადებს, რომ უკვე გახსნა საქმე და ტერორისტი უკრაინის მოქალაქე, ნატალია ვოვკია. ჯერ ტერაქტი არ იყო გახსნილი, რომ მთელი რუსეთი უკრაინისკენ იშვერდა ხელს, მათ სურდათ ალექსანდრე დუგინის მკვლელობა და შეცდომით, მისი ქალიშვილი მოკლესო. სიმართლე გითხრათ, ველოდებოდი, რომ ამ ტერაქტში უკრაინულ კვალს აღმოაჩენდა გამოძიება და უკრაინელი ეჭვმიტანილებიც ეყოლებოდათ, მაგრამ იმას არ ველოდი, რომ ერთ დღეში „გახსნიდნენ“ ტერაქტს და უკრაინელს ქალს დააკავებდნენ. არ მჯერა „ეფესბეს“ ოფიციალური გამოძიებისა, იმ ვერსიისა, რომ ტერორისტი უკრაინელი ნატალია ვოვკია. იმიტომ კი არა, რომ უკრაინელები ამას არ ან ვერ გააკეთებდნენ. უბრალოდ, მათ ისინი ტერაქტის გზით ვინმეს მოკვლას გადაწყვეტენ, დონეცკისა და ლუგანსკის არაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებს ააფეთქებენ. რუსეთის პოლიტიკური ლიდერების მკვლელობის უფლებას უკრაინელებს დასავლეთიც არ მისცემდა. აქ სხვა რაღაცაა. რუსეთში მოქმედმა მარგინალურმა რადიკალურმა ჯგუფებმა დაიწყეს წინ წამოწევა და ურთიერთ ანგარიშსწორება. გასული საუკუნის 90-იანი წლები ხომ გახსოვთ? ერთმანეთს კრიმინალური დაჯგუფებები უსწორდებოდნენ, დღე არ გავიდოდა, ტერაქტი არ მომხდარიყო და ვინმე მანქანაში, საკუთარი სახლის სადარბაზოსთან თუ ოფისთან არ ჩაეცხრილათ. უამრავი ხალხი შეეწირა მაშინ ამ ამბებს. ქონების გადანაწილება ამ გზით მოხდა მაშინ რუსეთში. თუმცა, ბოლოს სპრცსამსახურებმა ყველა დაჯგუფება ან მოსპეს, ან დაშალეს. ვისაც სხვაგვარად ვერ ერეოდნენ, კლავდნენ. ოთარ კვანტრიშვილი გამახსენდა, რომელის იმჟამინდელი რუსული კრიმინალური სამყაროს უპირობო ლიდერი იყო და სხვაგვარად რომ ვერ გაანეიტრალეს, ჩაცხრილეს. დღეს კრიმინალური ავტორიტეტების ნაცვლად, რადიკალური პოლიტიკური, ექსტრემისტული ჯგუფები გამოვიდნენ ასპარეზზე. ნახეთ, მთელი ლიბერალური პოლიტიკური სპექტრი დასავლეთშია, აუთვისებელი დარჩა პოლიტიკური სივრცე. თან ომია და პუტინს სჭირდება მარგინალ-რადიკალები, რომლებიც გაამყარებენ საზოგადოებრივ ცნობიერებას ნაციონალისტური იდეებით და ამ ჯგუფებმა უკვე დაიწყეს ერთმანეთთან კონკურენცია. იქ „სკინჰედები“ არიან, ლიმონოვის ნაციონალურ-ბოლშევიკური, ულტრა-რევოლუციური და კიდევ სხვა დაჯგუფებები. იქვე არის დუგინის ულტრა-რადიკალური დაჯგუფება. ჯერ დუგინი ისედაც იყო ამ ნაციონალისტური დაჯგუფებების ლიდერთა შორის უპირობო ლიდერი. მას შეეძლო ეკონტროლებინა ყველა ეს დაჯგუფება, მთელი მათი რესურსი ეკონტროლებინა, სერიოზული სახელისუფლებო ბერკეტები მოეპოვებინა. ამ საფრთხის გამო, ამ ჯგუფებს არ აწყობდათ ალექსანდრე დუგინის უფლებამოსილების გაზრდა, რაც მისი სახელმწიფო ტელევიზიის გენდირექტორად დანიშვნაში გამოიხატა. ბევრს არ აწყობდა დუგინის ოფიციალური აღზევება და აქ ისიც ვთქვათ, რომ მას ამის გარდა, სერიოზული არაფორმალური გავლენა აქვს. დუგინი მართლა იგივეა რუსეთისთვის, რაც გებელსი იყო ნაცისტური გერმანიისთვის. კი, დუგინი რუსეთის პროპაგანდის მინისტრია პოსტის გარეშე და თავის უფლებამოსილებას „ევრაზიული მოძრაობიდან“ განახორციელებს თუ სახელმწიფო ტელევიზიის ოფისიდან, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი მისი არაოფიციალური გავლენა და პუტინთან მისი სიახლოვეა, რაც არაერთხელ დადასტურდა. ეს უკვე პოლიტიკური ტერორიზმია, რაც რუსეთში ხდება. რაც ჩამოვთვალე, მათ გარდა, ხელისუფლების დანაწილების პროცესში მონაწილეობენ. „ვაგნერის“ ჯგუფია, მის გარდა კიდევ 5 მასზე ძლიერი ან არანაკლები კერძო სამხედრო კომპანიის დაჯგუფებაა, რომლებიც სხვა და სხვა ოლიგარქებისა და რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების გავლენის ქვეშ არიან. ამ ხუთივე დაჯგუფებას აკონტროლებს რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო, ე.წ. ემჩეესი. ამ სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შორის არის დიდი კონკურენცია. „ემჩეესის“ შეფი, თავის ორ მოადგილესთან ერთად მოკლეს, 4 წლის უკან და გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპნენო, გამოძიებამ დაადგინა. ამის მერე, „ემჩეესის“ დაჯგუფებამ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის, გრუ-ს შეფი მოკლა, მანქანაში ჩაცხრილეს. და რა იყო ამის მიზეზი? „ემჩეესს“ დაუქვემდებარეს სამხედრო კომპანიები და თავდაცვის სამინისტროს დამბალანსებელი გახდა. ერთგვარი, გენშტაბის პარალელური სტრუქტურა შეიქმნა „ემჩეესში“. თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ვერ შეეგუა ამას და გამართა დიდი სისხლის ღვრა. საგარეო დაზვერვის შეფს, ნარიშკინს ესროლეს საკუთარ მანქანაში, მაგრამ გადარჩა. „ეფესბეს“ შეფს პატრუშევს საკუთარი დაჯგუფება ჰყავს, ვლადიმერ ევტუშენკოვს საკუთარი კერძო სამხედრო კომპანია აქვს და ამაზე არავინ არაფერს ამბობს.
– ეს ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ევტუშენკოვია?
– კი, ის ევტუშენკოვია ნამდვილად. მოკლედ, პოლიტიკური ანგარიშსწორება რადიკალურ ჯგუფებს შორის, დიდი ხნის დაწყებულია და უკრაინასთან ომის ფონის ბრალია, რომ დუგინის ქალიშვილის მკვლელობას ამხელა რეზონანსი მოჰყვა და სხვები ჩაიფარცხა.
– რატომ გადაწყვიტეს ალექსანდრე დუგინის მკვლელობა და არა სხვა პოლიტიკური ფიგურა?
– იმიტომ, რომ ყველაზე გავლენიანი ფიგურაა რადიკალურ დაჯგუფებათა ლიდერთა შორის, ყველა სხვა ლიდერს ყელში ეჩხირება. უკვე ვთქვი, რომ დუგინს შეუძლია, ყველა დაჯგუფების, მათი ფინანსური, გასამხედროებული დაჯგუფებებისა და სხვა რესურების კონტროლი. შესაბამისად, მათი ლიდერების კონტროლი ან მოშორება და მათი სხვებით ჩანაცვლება. ეს უნდა ვინმეს? მილიარდობით დოლარზეა ლაპარაკი, ერთი დაჯგუფების შემთხვევაში. ეს ჯგუფები რომ დაპირისპირებულები იყვნენ ერთმანეთთან, სირიაშიც გამოჩნდა, როცა „ვაგნერის“ დაჯგუფება კონკურენტმა რუსულმა სამხედრო კომპანიამ „ჩაუშვა“ და ამერიკელებმა 200 „ვაგნერელი“ გაანადგურეს. რუსეთის ხელისუფლებამ ხმა ვერ ამოიღო, რადგან ის ხალხი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში არ ირიცხებოდნენ. მეტიც, ზოგმა ისიც თქვა, საერთოდ არ ვიცოდით მათი არსებობის შესახებ. მოკლედ, თავდაცვის სამინისტრო, „ემჩეესი“, „ფეესბე“, რუსეთის საგარეო დაზვერვა- ყველა ერთმანეთს ებრძვის და ვფიქრობ, უკრაინაში ომმა ეს დაპირისპირება ახალ, მწვავე ფაზაში გადაიყვანა. თქვენ ახლა ნახეთ მოსკოვსა და რუსეთის დიდ ქალაქებში ტერაქტები და მკვლელობები სხვა და სხვა მეთოდით. “დათა თუთაშხიაში“ მურმან თორიას კაციჭამია ვირთხები რომ გამოჰყავს კასრში, ამ დაჯგუფებათა ლიდერებიც ასე არიან, ოღონდ ისინი კასრში არ არიან გამომწყვდეულები, გარეთ ჭამენ ერთმანეთს.დიდი შანსია, რუსეთში დაიწყოს ექსტრემისტული ღია ომები. პირადად მე, მტრული დამოკიდებულება მაქვს ალექსანდრე დუგინთან, ერთხელ ჩემზე გამოიწია კიდეც.
– ეს სად, როდის და რის გამო მოხდა?
– 2003 წელს, მოსკოვში მოხდა ეს ამბავი. „კავკასიის გეოპოლიტიკური კონცეფცია“ გამოვაქვეყნე და დუგინმა ჩემი ეს ნაშრომი დადო საკუთარი ორგანიზაციის, „ევრაზიული გაერთიანების“ საიტზე და იქვე დაწერა, რომ ეს არის რუსეთის მიმართ მტრული კონცეფცია, კავკსიაში რუსეთის ინტერესების საწინაღმდეგოო. დევს კიდევ ეს ნაშრომი იმ საიტზე. მოსკოვში, კონფერენციაზე შევხვდით ერთმანეთს. მე სიტყვით გამოვედი, ამ კონცეფციის შესახებ ვისაუბრე და დუგინს არ მოეწონა. იქ მოხდა შეკამათება ჩვენს შორის, მერე შეხლა-შემოხლა და გამოიწია ჩემსკენ. მერე დაამშვიდეს და ამით დასრულდა ყველაფერი. დუგინი კლასიკური გეო-პოლიტიკური სკოლის წარმომადგენელია. დუგინის თეორიები ისწავლება ჩვენთან გეო-პოლიტიკის სკოლებსა და საგნებში. სერიოზული ფილოსოფოსი და მეცნიერია, დიდი წვილი შეიტანა გეო-პოლიტიკური აზროვნების განვითარებაში. ეს ფაქტია, და ამას გვერდს ვერ ავუვლით. ჰიტლერის მრჩეველი იყო კარლ ჰაუსჰოფერი, მაგრამ მისი თეორიები დღესაც ისწავლება ევროპის ქვეყნებსა და სხვა ქვეყნებშიც.
კომენტარები