ფსიქოლოგი, გუდუნა–იოანე დარბუაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“დღეს ექვსი ტაქსის მძღოლის ოჯახში, რომ მლანძღავენ და ორი ქუვეითელი ქალის ოჯახში მლოცავენ ზუსტად ვიცი…
იყო და არა იყო რა დღეს საბურთალოს სითი მოლში მე და გიორგი საშოპინგოდ წავედით…
გადავწყვიტეთ სიგარეტი მოგვეწია და ცენტრალურ შესასვლელთან გამოვბაჯბაჯდით. ის იყო სიგარეტი უნდა გამეფუილებინა, რას ვხედავ? ექვსი “ცალი” პითეკანთროპი შეესია ორ უსაყვარლეს ქუვეითელ ქალს და 150 ლარად ბილტმორთან გაყვანაზე დაითანხმეს.
ვერ მოვითმინე, ან რა გული გაუძლებდა, ეგრევე გველხოკერასავით დავიკლაკნე და ვანიშნე არ ჩასხდეთ, მაგარს გაბოლებენ ეს ტარტაროზები მეთქი.
მივსისინდი და შევთავაზე მე გამომეძახებინა მათთვის ტაქსი.
ატყდა მაგრამ რა ატყდა, ჯერ ერთმა მძღოლმა დაიწყო წივილი, მერე უკნიდან მწყევლიდა მეორე, მესამე დუჟებს ყრიდა ასაცრელი ციყვივით.
ნუ რაღაც ფენომენალური ჭინთვების მომსწრენი გავხდით.
ვცდილობდი არ ავყოლოდი მაგრამ ერთი ორი მეც შევუკურთხე ფილოსოფიურად. (რა თქმა უნდა ვერ გაიგეს და ამაზე უფრო გადმოყარეს დუჟები) ვერ ინელებდნენ, გემრიელი ლუკმის გაგდებას და ძალიან არავაჟკაცურად ხვდებოდნენ ამ მარცხს მაჯლაჯუნა მამაკაცები.
ამასობაში მოვიდა ეს გამოძახებული ტაქსიც, ჩავსვი ეს ქალბატონები და მშვიდობიანად გაუყვნენ თავის გზას. (7 ლარად).
დამშვიდობება იყო ძალიან გულწრფელი და თბილი, მადლიერებით და განსხვავებული სითბოთი გვიყურებდნენ თვალებში. ორი კანფეტიც შემოგვაჩეჩეს ხელში და ასე დასრულდა ჩვენი გაცნობის ამბავიც.
გამოვბაჯბაჯდით სახლისკენ, თან ვფიქრობდი, ვბრაზდებოდი, რაღაცნაირად ვჯუჯღუნებდი ჩემთვის. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოვედი სახლში და ძალაგამოცლილი დივანზე მივსვენდი.
რამდენიმე წუთში გიორგის ტელეფონზე მოდის მესიჯი 15 000 ათასი ფრანკი მოიგეთო. (ამ დროს მე იმ კანფეტს ვაკნატუნებდი, რომელიც იმ უსაყვარლესმა ქალმა მოგვცა).
ჩემი სევდაც გაქრა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამდენად კანონზომიერია სამყაროში ყველაფერი. როგორ გიბრუნდება უკან შენი საქციელი. ჩვენს ცხოვრებაში პირველად არ ხდება ასე, როცა უმნიშვნელოდ გაცემული სიკეთე ასმაგად დაგვბრუნებია უკან.
Karma is a Bitch “
კომენტარები