საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია:
“ეს წერილი ეკუთვნის ადამიანს, რომელმაც ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლე აჩუქა. ორი უნივერსიტეტის პროფესორმა, საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიური დეპარტამენტის უფროსმა, გერმანიაში ცნობილმა ნევროლოგმა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ცოტნესთვის არ ითაკილა ექთნის, სანიტრისა და ექიმის ფუნქციის ერთდროულად შესრულება, ხოლო შემდეგ სირბილით მისი საწოლის რეანიმაციაში საკუთარი ხელით შეგორება. იქაც თავზე ადგა. არ იყო მისთვის შაბათი და კვირა, დღე და ღამე – მუდმივად იდგა ცოტნეს სიცოცხლის სადარაჯოზე, სანამ სამშვიდობოს არ გაიყვანა იგი.
9 თვე გავიდა მას შემდეგ. დღესაც მისი მეთვალყურეობასა და მკურნალობის ქვეშაა ცოტნე ყოველგვარი სასყიდლის გარეშე. დიახ, პროფესორი ქრისტოფერ კელინგჰაუზი ის კაცია, ვინც ცოტნე დაღუპვისგან იხსნა.
სწორედ მისი კატეგორიული რჩევისა და რეკომენდაციის გამო გასული წლის ივნისში მოხდა ცოტნეს დაბრუნება თბილისში. “იცოდეთ, რომ რეაბილიტაციის პროცესს მინიმუმ 50 პროცენტით აფერხებთ მისი წლობით საავადმყოფოებში ყოფნითა და საკუთარი სახლისა და გარემოსგან ამდენი ხნით მოცილებით”, იყო მისი მოთხოვნა – ცოტნესთვის პოზიტიური, მშვიდი, მისთვის საყვარელი და ახლობელი გარემოა ახლა საჭირო, რომელშიც დადებითი მუხტის მიღების გარდა, მოხდება ემოციური და მხედველობითი მეხსიერების გააქტიურება, მოგონებების გამოწვევა, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ნეირონებს შორის კავშირის დამყარებას, აღდგენასა და მათ გააქტიურებას! ასეთი ადგილი კი მხოლოდ მისი სახლია, სადაც მან ბავშვობა და სიცოცხლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარა.
სამწუხაროდ უდიდესი ექიმისა და ადამიანის ეს რეკომენდაცია დღემდე შეუსრულებელია: ცოტნეს არ ეძლევა საშუალება საკუთარ სახლში დაბრუნებისა და სრულყოფილი რეაბილიტაციისა, რის გამოც გიორგი გამსახურდია იძულებული გახდა სასამართლოსთვის მიემართა. სასამართლომ დააკმაყოფილა გიორგის სარჩელი, თუმცა მეორე მხარე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პროცესი გაიწელოს და გაიწელოს ცოტნეს წარმატებული რეაბილიტაციაც.
,,ძაან გაიგებს ცოტნე, კოშკშია თუ სად არის. მისთვის რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნება’’ – ზუსტად ამ სიტყვებით ამბობს უარს ცოტნეს საკუთარ სახლში შეშვებაზე მისი ბიოლოგიურო დედა…
მაშ ასე, გაეცანით პროფესორ კელინგჰაუზის წერილს და დასკვნები იმის შესახებ, გაიგებს თუ არა ცოტნე ,,კოშკშია თუ სად არის’’, თქვენთვის მომინდვია.
ეს წერილი, რამდენიმე დღის წინ, სწორედ მაშინ მოგვწერა, როდესაც შეიტყო, რომ მისი მთავარი რეკომენდაცია ვერ შესრულდა. არც ისე იოლია, ცოტნეზე გადაყოლილ უცხო ადამიანს აუხსნა, თუ რატომ ხდება მისი მთავარი მოთხოვნის შესრულების შეფერხება …
ტექსტის ქართული თარგმანი:
“ძვირფასო ქალბატონო, ძვირფასო ბატონო
ბატონ გამსახურდიას აქვს ტვინის დაზიანება ტრავმის შედეგად, რომელსაც რამოდენიმე გართულება მოჰყვა.
მისი ყოფნისას ჩვენს საავადმყოფოში 2021 წლის აპრილიდან ივნისამდე შესაძლებელი გახდა მისი როგორც მოტორული ფუნქციების, ასევე კოგნიტიური და ფიზიკური უნარების გაუმჯობესება. თუმცა მისი აქ ყოფნის დასაწყისიდანვე ჩანდა, რომ ერთ წელზე მეტხანს უცხოეთის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში განუწყვეტელი ყოფნის შემდეგ, მისი ფუნქციების შემდგომი გაუმჯობესება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ თავის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში. როდესაც იგი სამშობლოში წაიყვანეს, მას უკვე შეეძლო კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, ვინც მასთან ემოციონალურად დაახლოებულნი იყვნენ.
ეს ემოციური სტიმული, რაც თავის თავში მოიცავს კონტაქტს მისთვის ახლობელ ადამიანებთან, როგორიცაა მისი მეუღლე და ძმები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეაბილიტაციის პროცესში.
ამიტომაც, ჩემი აზრით მისი ჯანმრთელობის აღდგენის პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუკი მას გადაიყვანენ თავის ყოფილ სახლში, სადაც დაიბადა და თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა. მეხსიერების ემოციური რეაგირება და აქედან გამომდინარე შესაძლო პროგრესის სიდიდე და მნიშვნელობა უგულებელყოფილი არ უნდა იქნეს.
საკუთარ სახლში მის დაბრუნებაზე უარის თქმა სერიოზული საფრთხეს შეუქმნის რეაბილიტაციის პროგრესის შედეგს, რომელიც აქამდეა მიღწეული.
საუკეთესო სურვილებით
დოქტორი ქრისტოფ კელინგჰაუზი”
კომენტარები