“საერთაშორისო აკადემია ლოგოსი”-ს დამფუძნებელი, გია მურღულია:
“თუ შეატყობ, რომ მთავრობა მოგწონს, სასწრაფოდ ფსიქიატრს მიაკითხე” – უინსტონ ჩერჩილი.
“ნუ სთხოვთ მთავრობას პრობლემების მოგვარებას – მთავარი პრობლემა თვითონ მთავრობაა” – რონალდ რეიგანი.
ამ ორმა ადამიანმა ბევრი იცის (ისინი ძალმოსილი ქვეყნების დიდი ლიდერები იყვნენ – ისტორიას ქმნიდნენ) და დაეჯერებათ – მცირე ხუმრობით ნათქვამიც კი.
სახელმწიფოში მთავარი ხელისუფლების დანაწილების დემოკრატიული სისტემაა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მოქმედებს.
თუ ის სიცოცხლისუნარიანია, კონკრეტული ლიდერები მთლად სათავისოდ ვეღარ იქცევიან.
თუმცა, შესაძლოა, ესეც ილუზიაა – ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური რომც არ იყოს.
როგორც იაპონელები ამბობენ, დრაკონს ვინც ამარცხებს, ერთხანს გმირია, შემდეგ კი თავად ხდება დრაკონი. როგორც ვხედავთ, ცოტა სხვაგვარად, მაგრამ ინგლისელები და ამერიკელებიც ამას ამბობენ.
ნებისმიერი მთავრობა ხალხის, საზოგადოების მსახურია და არა ბატონი.
ბატონები, წესით, მხოლოდ ძველ წიგნებში უნდა დარჩნენ – მათი ადგილი იქ არის.
თუ წიგნებში აჯანყდნენ და გარეთ გამოვიდნენ, ჩვეულებრივ ადამიანთა ცხოვრება მოსაწყენი, სახიფათო და უღირსებო ხდება.
ასე რომ არ მოხდეს, საზოგადოებამ განათლებისა და აღზრდის მაღალ ხარისხზე მუდმივად უნდა იფიქროს – ის, რაც დღეს სკოლაში ხდება, ხვალ პოლიტიკაში, ეკონომიკასა და კულტურაში მოხდება.”
კომენტარები