საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას დღეს სამხედრო მოსამსახურეებმა და ოჯახის წევრებმა პატივი მიაგეს. ანწუხელიძის მეუღლის ინფორმაციით, გიორგი ანწუხელიძის საფლავთან თანამებრძოლები, სერჟანტთა აკადემიის და მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები შეიკრიბნენ.
მოვედით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, რომ კიდევ ერთხელ მივულოცოთ 39-ე წელი. აქ არიან მოსულები გიორგის სახელობის კოჯორის სერჟანტთა აკადემია და მეოთხე ბრიგადიდან, ყველას მადლობას ვუხდი, ვინც მოდის და აფასებს. ძალიან ბევრი ხალხი მოდის ხოლმე გიორგის დაბადების დღეზე,“ – ამბობს ანწუხელიძის მეუღლე.
გიორგი არის მაგალითი თითოეული ჯარისკაცის, ვინც დღეს ფორმას ატარებს და ეს ფორმა გვაერთიანებს ყველას. მე მინდა, სიამაყით ვთქვა, რომ მე ვმსახურობ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში. ორმაგი პასუხისმგებლობაა ჩემთვის, ჯერ ვიყო ჯარისკაცი და ვიმსახურო გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში,“ – უფროსი სერჟანტი გალაქტიონ დავლაშვილი.
საქართველოს ეროვნული გმირი დღეს 39 წლის გახდებოდა. 18 აგვისტო გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ანწუხელიძე 2008 წლის ომში რუსებს ტყვედ ჩაუვარდა და სასტიკი წამების შემდეგ ცემით მოკლეს. მას ქვეყნის ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 15 აპრილს მიენიჭა, სიკვდილის შემდეგ ასევე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და “სამშობლოსათვის თავდადებულის” მედლით. ქართველი გმირის სახელს ატარებს საქართველოს სერჟანტთა აკადემიაც.
კომენტარები