საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლიკა ბასილაია–შავგულიძე:
ეს არის ძალიან რთული ასახსნელი, რას ვგრძნობ ახლაც ძაღლის მიმართ, რომელიც ამას წინათ შევიფარე და, რომელიც შემდგომ ერთ კვირაში გავასხვისე. ძალიან დიდი ხანია ისე მწარედ არ მიტირია, როგორც გუშინწინ, როდესაც მანქანა, რომლითაც ჩემი ბაქსი მიჰყავდათ და, საიდანაც ბაქსის გრძელ ყურებს კიდევ რამდენიმე წამი ბოლოჯერ ვხედავდი თანდათან ქრებოდა ოქროსფერი მინდვრების ჰორიზონტიდან.
მე და ბაქსიმ, რომელიც გერმანული ნაგაზი აღმოჩნდა, ერთმანეთი ვიპოვეთ ნაგავსაყრელზე. მეზობელს ვკითხე ვინაა ეს ძაღლი-თქო, გაძვალტყავებული, მაგრამ უცხოდ ლამაზი, არ ჰგავდა არც ერთ მოხეტიალე ძაღლს, რომლებიც ჯოგებად დაბოდიალობენ ასურეთის გზებზე და ყოველ ჯერზე გეშინია, ვინმემ არ გაიტანოს და ამის გამო სულ სტრესში ხარ. “ეს ძაღლი მანქანიდან გადმოაგდეს”, – მითხრა მეზობელმა. რას ვიგრძნობდი იმ წუთას, ხომ წარმოგიდგენიათ… ან რას ვუსურვებ იმ არაადამიანს, ვინც ეს გააკეთა…
სახლისკენ წავედი და წამომყვა.. ვაჭამე, არ მივფერებივარ, მაგრამ თვითონ მომელაქუცა ფეხზე და შიშით სავსე თაფლისფერი თვალებით მაჩერდებოდა, არ ვიცოდი ვინ იყო, რამე ხომ არ სჭირდა, რა შეიძლება მომხდარიყო… ჩემს ლაბრადორ ლოლკაზე მეორე დღიდანვე დაიწყო ეჭვიანობა. ერთად ვასეირნებდი ორივეს, ლოლი ჩემთან ოთახში იძინებდა, ეს კი – აივანზე. მოკლედ საბოლოოდ ეს ძაღლი, რასაც ჰქვია გულში ჩავიკარი მისი ისტერიულობის გამო, პირდაპირ მოითხოვდა ჩემგან და ნიკუშასგან შემიყვარეთო! ოღონდ ღრენაც იცის ვინმე თუ არ მოეწონება, ან რა გასაკვირია მისი ცხოვრების გამო რომ წინასწარ თავს იცავს და ადამიანებს არ ენდობა ადვილად. როცა ერთმა არაჩვეულებრივმა ბიჭმა, რომელმაც ინტერნეტით მომწერა, სწორედ ასეთ ძაღლზე ვოცნებობდი მთელი ცხოვრებაო, დამირეკა, მოვდივარ წასაყვანადო, წამომივიდა ცრემლები. რა იყო ეს ახლაც კარგად ვერ ვაცნობიერებ. რა, დაჩაგრულები მიყვარს და იმიტომ? თუ ამ ძაღლში იყო ისეთი რამ, რამაც ასე დამანგრია.. ბაქსი არ ჯდებოდა მანქანაში, რომლითაც უნდა წაეყვანათ… და ეს უნდა გამეთვალისწინებინა, ის ხომ მანქანიდან ჩამოაგდეს.. ბოლოს მე ჩავჯექი და მენდო, ამოვიდა, დამიჯდა გვერდით და წავედით… 500 მეტრში გავაჩერებინე, უცებ გადავედი, მოვაჯახუნე კარი და გული დამეფლითა. ვტიროდი იმაზე, რომ ძაღლები ასეთ დღეში არიან ამ ქვეყანაში, რომ ადამიანებს, ვისაც მანქანის და ბენზინის ფული აქვთ შეუძლიათ ცოცხალი არსებაასე დაუსჯელად მოისროლონ ნაგავსაყრელზე, რომ არ მაქვს საშუალება 3 ცხოველი ვარჩინო, რომ ეს ქვეყანა ვერა და ვერ დაემსგავსა ევროპას დაჩაგრულის მიმართ ემპათიით, მოკლედ ბევრი რამის გამო, მაგრამ ის ბიჭი, Beqa Werediani სულ სხვა ისტორიაა… იცოდა ყველაფერი ბაქსიზე სანამ ამოაკითხავდა. თავიდან ბექას საშიშად დაუყეფა, მაგრამ ეს ახალგაზრდა კაცი მოთმინებით ცდილობდა მასთან “კონტაქტზე გასვლას”, საჭმლის თითო თითო მარცვალს აძლევდა, ტკბილად და მშვიდად ელაპარაკებოდა და არ შეუშინდა სადღაც ქუჩაში ნაპოვნი ძაღლის სახლში ბავშვებთან წაყვანას, გარისკა სიყვარულის გამო. კიდევ უნდა ითქვას, რომ მწერდნენ ბათუმიდან, რუსთავიდან, თბილისიდან. ბაქსიზე დიდი კონკურენცია გაჩაღდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი არ იქნებოდა ისეთივე მომთმენი ამ საწყალი ძაღლის მიმართ, დანებდებოდნენ რომ დაეყეფა და შეეღრინა, ასე მგონია.
პ.ს. მანქანაში თურმე გული აერია, არ ვიცი სტრესის გამო, თუ მგზავრობა ვერ აიტანა. ახლა ვიცი რომ კარგადაა, მე ბექას ვწერ ყოველდღე, ნუ ნერვიულობო და ბაქსის ვიდეოებს მიგზავნის.
კომენტარები