“ძალიან მაწუხებს ის, რომ იუსტიციის სამინისტროში უფრო მაღალი ხელფასებია, ვიდრე კულტურის სამინისტროში”, – ამის შესახებ კულტურის ახლად დანიშნულმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გეგმავს, რომ სამინისტროში ხელფასები გაზარდოს, რადგან ვინმეს არ ეგონოს, რომ „მაჩანჩალა სისტემაა“.
„მე არ ვიცი, რამდენი უნდა იყოს ჩვენთან მინიმალური ხელფასი, მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვარ და მინდა დავასახელო, მაგრამ ამას არ ვიზამ, რადგან კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი წარუმატებელი სსიპ-ის ხელმძღვანელს ხელფასი აქვს 5000 ლარზე მეტი, ხოლო ჩუბინაშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს ხელფასი აქვს 700 ლარი. ჩვენ მას ვთხოვთ, რომ მეცნიერული კვლევითი საქმიანობა ფართოდ გაზარდოს. ეს აბსოლუტურად დაუშვებელია, როცა სსიპ-ებს შორის ასეთი განსხვავებაა“, – განაცხადა წულუკიანმა.
წყარო – bm.ge
წულუკიანის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, “ლელოს” წევრი, საბა ბუაძე და წერს:
“ამაშიც როგორი ფარისევლები არიან. შრომის ანაზღაურების შესახებ კანონში (რომელიც მთავრობის ინიციატივით მისი მინისტრობის დროს მომზადდა) არსებულ ზუსტად ამ ხარვეზზე ჯერ კიდევ 2018 წელს ვსაუბრობდით, მაგრამ სპეციალურად დატოვეს კანონი ისე, რომ იგივე რანგის მოხელეებისთვის განსხვავებული ხელფასები დაერიგებინათ საკუთარი შეხედულებების მიხედვით.”
კომენტარები