ამერიკულმა Moderna-ს ვაქცინამ წარმატებით გაიარა კვლევის მესამე ფაზა და დადგინდა, რომ იგი ვირუსის პრევენციას 94. 5 %-ით ეფექტურად შეძლებს. ინფორმაციას ბრიტანული BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კომპანიამ ვაქცინაცია 30 000-ზე მეტ ადამიანს 2-ჯერ ჩაუტარა და მას უკუჩვენება არ მოჰყოლია.
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი AMBEBI.GE -სთან აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში კიდევ არაერთი ეფექტური ვაქცინა შეიქმნება და მოსახლეობას არჩევანის შესაძლებლობა ექნება:
“MODERNA”-ს ვაქცინა, ისევე, როგორც BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის ერთობლივად შექმნილი, RNM ვაქცინებია. ორივემ დაასრულეს მესამე ფაზის კვლევა და შედეგებიც თითქმის იდენტურია. ახლა მარათონულად შეიქმნება ვაქცინები, კიდევ ბევრი კომპანია მუშაობს ვაქცინების კვლევებზე და შედეგების მოლოდინში ვართ. ეს ძალიან კარგი და სასიხარულო ამბავია, რომ გვექნება ვაქცინის არჩევანის საშუალება.
“MODERNA” -მ დააკონკრეტა, რომ იმ თითზე ჩამოსათვლელ პაციენტთა შორის, რომელიც აცრის მიუხედავად მაინც დაინფიცირდნენ, მძიმე მიმდინარეობა არცერთს ჰქონია. ალბათ, საბოლოო სტატია მალე გამოქვეყნდება. როგორ ჩატარდა კვლევა, რა მონაცემები იყო, რა ჯგუფის ადამიანები იყვნენ ჩართული მასში და ა.შ.
ფრთხილი ოპტიმიზმის გათვალისწინებით, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ჩვენს თანამოქალაქეებს ვაქცინის ჩატარება შეეძლებათ გვიან გაზაფხულზე. მანამდე მოსაწყობია ინფრასტრუქტურა, მინუს 80 გრადუსზე ინახება ეს ვაქცინა, როგორც იცით. გასათვალისწინებელია ტრანსპორტირების დეტალები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ეს ალბათ დაახლოებით შვიდი-რვა თვის შემდეგ გახდება ჩვენთვის ხელმისაწვდომი”, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.
შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის წამყვანმა ფარმაცევტულმა კომპანია და გერმანულმა კომპანია BioNTech-მა ასევე განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილმა ვაქცინამ 90% -იანი ეფექტი აჩვენა. Pfizer-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიწოდება, 2021 წლის ბოლოსთვის კი ამ რაოდენობის 1.3 მილიარდამდე გაზრდა იქნება შესაძლებელი.
კომენტარები