ანი დვალიშვილი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე, პრეზიდენტის გამოსვლას, შეიძლება თამამად ითქვას, რომ არამარტო საქართველოში, მსოფლიოშიც კი ანალოგი არ აქვს – ზურაბიშვილმა მთავრობა ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა და დაადანაშაულა ღიად, პირდაპირ, ქვეტექსტების გარეშე. მერე იყო შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც პრეზიდენტს მისთვის მიჩენილი ადგილი არ მოეწონა და მთავრობა პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულა. პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდა, წითელი ხაზებიც გადაკვეთა და ძნელად სავარაუდოა, მომავალში გაჩერდს. საქმე ის გახლავთ, რომ წინა კრიტიკის შემდეგ, ზურაბიშვილი გაჩუმდა და ამბობდნენ, რომ მას პირადად ბიძძინა ივანიშვილი ესაუბრა და მუხრუჭზე ფეხის დაჭერა ურჩიაო. მაშინ ქალბატონმა სალომემ რჩევა გაითვალისწინა, ახლა კი…
„ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისკენ მიდის და ამიტომ, მომავალზე ფიქრობს. მისთვის იდეალური ვარიანტი საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობა იქნება, მაგრამ ამას ვერ მოახერხებს, თუ დასავლეთის მესიჯებს არ გაახმოვანებს. ამიტომ, ის საკუთარი მომავლისთვის აკეთებს ყველაფერს და რაც მთავარია, დასავლეთის ინტერესები ამას ემთხვევა. თანაც, ზურაბიშვილი ერთადერთია ხელისუფლებაში, რომელსაც რუსეთუმეობას ვერ და არ დასწამებენ. „ქართული ოცნების“ ლიდერები უქმად არ სხედან და ძალიან მალე, ყველაზე დიდი, ათ დღეში, პრეზიდენტი საპასუხო დარტყმის მოლოდინში უნდა იყოს, თუმცა არა პოლიტიკური, არამედ პირადი და მისი ოჯახური საქმეები გამოვა სააშკარაოზე“, -გვეუბნება „ალიას“ წყარო.
უდიდესი ალბათობით, ივანიშვილი ზურაბიშვილს აღარ შეეხმიანება, რადგან პრეზიდენტს ისე აქვს „აკრეფილი“, შესაძლოა ტელევიზიით გამოვიდეს და პირდაპირ თქვას, ბიძინამ დამირეკა და ჭკუის დარიგება დამიწყოო.
სხვათა შორის, 26 მაისის აღლუმზე, ირაკლი კობახიძის არყოფნისგან სკანდალის შეიქმნა, თუმცა, ფაქტია, კობახიძე, აგერ უკვე მეოთხე წელია, აღლუმზე არ გამოჩენილა, არ დადის ამ ღონისძიებაზე. ისე, კობახიძეს ახლა სხვა, უფრო დიდი საფიქრალი აქვს, ვიდრე აღლუმზე თვითმფრინავების გადაფრენის ყურება. მან 2024 წლის საარჩევნო სიის მონახაზი შემოდგომამდე უნდა წარუდგინოს როგორც პარტიას, ისე ბიძინა ივანიშვილს და რაღა თქმა უნდა, მის მიერ ჩამოწერილ სიაში შესწორებები აუცილებლად შევა. კობახიძის გარდა, პარლამენტში საკუთარი გუნდი სურს ირაკლი ღარიბაშვილს და საკუთარი – კახა კალაძეს. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი კვოტა ამ მიმართულებით ივანიშვილს აქვს, მაგრამ ამბობენ, ღარიბაშვილისა და ივანიშვილის არჩევანი ერთმანეთს დაემთხვევაო, დანარჩენების კი…
ყველაფრის მიუხედავად, კობახიძე ვერ იქცა სახალხო ლიდერად. მართალია, მას გუნდში აღიარებენ, როგორც ინტელექტუალს, ის ძალიაან ბევრ რამეს წყვეტს, მაგრამ როგორც სახალხო ლიდერი, ბიძინას სამწუხაროდ, ვერა და ვერ შედგა. თითქოს მას ეს არც სჭირდება. უფრო კაბინეტის „მუშაა“, მაგრამ როცა სიის შედგენაზე მიდის საქმე, ღარიბაშვილი-კალაძის კანდიდატრებს უფრო მეტი „გასავალი“ აქვთ. ჰოდა, ამ სიაზე მუშაობა კობახიძისთვის დიდი ტვირთია, მან არც მწვადი უნდა დაწვას, არც შამფური და ზოგადად, ისეთი სია უნდა ჩამოწეროს, ივანიშვილმა არ იფიქროს, იმაზე მეტი ამბიცია გაუჩნდა ირაკლის, ვიდრე საჭიროაო…
კომენტარები