ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი:
“როდესაც საქართველოში დავბრუნდით მე და გია (და ეს ორჯერ მოხდა – 2000 წელს აშშ-დან მაგისგრატურის დამთავრების და 2008 წელს ისევ აშშ-დან, დოქტორანტურის დამთავრების შემდეგ – ორივემ ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრეთ), ხშირად გვეკითხებოდნენ, აქ რა გინდოდათ, რატომ ჩამოხვედითო.
როდესაც აქ აბსურდულ ბარიერებს გვიქმნიდნენ ზოგიერთი ოდიოზური, ბოღმით სავსე ჩინოვნიკები თუ “მეცნიერები”, როდესაც სრულიად დაუმსახურებლად გაგვიშვეს სამსახურიდან, როცა 2001 წელს ახალდაბრუნებულებს “კერასინკით” გამთბარ ოთახში გვიწევდა ასობით ექიმისთვის ტრეინინგის ჩატარება, როცა აქ ჩემს მაშინდელ 30 კვადრატულ ბინას და დანჯღრეულ მანქანას შევხედავდი და წარმოვიდგენდი ამერიკაში დარჩენის შემთხვევაში როგორ პირობებში ვიქნებოდით ჩვენ და ჩვენი ბავშვები (2008-ში უკვე ორი შვილით დავბრუნდით და ბავშვებმა აქ გააგრძელეს სწავლა), მეც მიფიქრია, რა მინდოდა, სად ჩამოვდიოდი-მეთქი.
მაგრამ ამ ფიქრების უკუგდება ძალიან ადვილი იყო იმ იდეით, რომ ჩვენს მიერ დაარსებულმა ორგანიზაციამ “ჯანმრთელობის კვლევის კავშირი” (დღევანდელი გადმოსახედიდან აგენტურული ორგანიზაცია) მაშინ უამრავ ადამიანს მისცა საშუალება ისეთი სერვისებით ესარგებლათ, რაც მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო, როდესაც ჩვენმა სამეცნიერო კვლევებმა არაერთი სტატია შემატა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეს (როგორც ვიცით, სამწუხაროდ, ქართველი ავტორების მიერ დაწერილი სტატიები საერთაშორისო ჟურნალებში არც ისე ბევრია), როდესაც ჩვენი სტუდენტების წარმატებას ვხედავთ, როდესაც ჩვენი და ბევრი სხვა ადამიანის ამდენი ძალისხმევის შედეგად საქართველოში პირველმა პაციენტმა C ჰეპატიტის წამალი დალია ნეოლაბში და ამ ფოტოს დღესაც ვხედავთ ჯანმოს და სხვა საიტებზე. რა ვიცი, რომელი ერთი მომენტი ჩამოვთვალო, რომელიც მარწმუნებს, რომ ზუსტად ამ ქვეყანაშია ჩემი ადგილი და ის უმცირესი წვლილიც, რაც ჩვენ შეგვაქვს, მნიშვნელოვანია.
ხოდა ეს ამხელა ამბავი რატომ მოვყევი – ძალიან მწყდება გული, რომ აგენტის სტატუსი მომენიჭება, არ მომწონს ეს სიტყვა, და არც ის კონტექსტი მომწონს, რომელშიც ახლა დასავლეთის დაფინანსების მქონე ადამიანებს და ორგანიზაციებს მოიხსენიებენ. ზოგიერთები გულუბრყვილოდ სვამენ შეკითხვას, რა მოხდა, იყოს გამჭვირვალე ეს ყველაფერი. გამჭვირვალეობაზე არ არის აქ ლაპარაკი. გამჭვირვალე ისედაც არის. ჯერ მარტო ბიუჯეტში რამდენი თანხა შედის, თუნდაც მხოლოდ საშემოსავლო გადასახადით. თანაც, აქვე გვაქვს რუსეთის მაგალითი, ასეთივე “უმტკივნეულო” კანონმა რა შედეგები მოიტანა. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის პროექტებიც კი დაიხურა საბოლოო ჯამში და რუსეთს, მაგალითად, სამარცხვინო ადგილი უჭირავს მსოფლიოში ტუბერკულოზის და სხვა ინფექციური დაავადებების გავრცელებით მსოფლიოში. თვითონ, დამოუკიდებლად, საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე არ აქვთ მათი მართვის უნარი.
კიდევ ერთი, ამერიკაშიც არის ასეთი კანონიო. კი ბატონო, და იქ მართლა მნიშვნელოვანია, რადგან ამერიკას ყველა სფეროში საკუთარი დაფინანსება აქვს. მაგალითად, აშშ ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტებს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს მილიარდობით ბიუჯეტი აქვს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯანდაცვის სფეროს პროექტების უმსხვილესი დამფინანსებელია. შესაბამისად, თუ იქ ვიღაცა სხვა ქვეყნის თანხას იღებს (ამის საჭიროება საერთოდ არ არსებობს), მართლა საინტერესოა, რატომ იღებს.
ჩვენთან, მაგალითად, მთელი ლუგარის ცენტრი (რომელსაც რეგიონში უპრეცედენტო დიაგნოსტიკური რესურსი აქვს) დიდი აგენტურული სტრუქტურა გამოდის. ეს დაწესებულება აშშ თავდაცვის სამინისტროს დაავადებათა საფრთხის შემცირების სააგენტოს მიერ დაარსდა და კვლევების უდიდესი ნაწილიც სწორედ მათი და აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დაფინანსებით მიმდინარეობს.
იმ ქვეყანაში, სადაც მართლაც რომ ხილული მტრის პირდაპირი თუ ირიბი დაფინანსება სრულიად შეუზღუდავია, ამხელა აქცენტები დასავლეთის ქვეყნების დაფინანსებაზე რას ემსახურება?”
კომენტარები