სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში 22 ათასამდე ვაკანსიაა რეგისტრირებული და მსურველების ნაწილი უკვე დასაქმდა.
ინფორმაციას „ბიზნეს ფორმულა“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების მონაცემებით, სოციალურად დაუცველებს ახლა დასაქმება მეეზოვის, დარაჯის, გამწვანებისა და კეთილმოწყობის თანამშრომლის, საბავშვო ბაღში ძიძის დამხმარის, კურიერის, საოფისე სამუშაოებზე დამხმარე პერსონალისა და დასუფთავების პოზიციებზე შეუძლიათ.
პროგრამის ფარგლებში ვაკანსიების უმეტესობა წარმოდგენილი აქვთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს, გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებს.
„11 აპრილის მდგომარეობით, 4 457 სოციალური ხელშეკრულებაა გაფორმებული. მოქალაქეების უმეტესი ნაწილი პირველი აპრილიდან შეუდგა საქმიანობას. გვაქვს ცალკეული შემთხვევები, სადაც საქმიანობა 18 მარტიდან დაიწყო.
სააგენტოს სულ 19 922-მა დაინტერესებულმა პირმა მომართა. ისინი პროგრამის შინაარსსა და შეთავაზებებს გაეცნენ. საზოგადოებრივ სამუშაოებზე ჩართვაში თანხმობა განაცხადა 7 451-მა პირმა“, – აღნიშნავენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.
ამ ეტაპზე ყველაზე მეტი დასაქმების მსურველი იმერეთშია – 3019 სოციალურად დაუცველი მოქალაქე. შემდეგ მოდის თბილისი -3026 მოქალაქე და გურია – 2400 მოქალაქე.
შეგახსენებთ, სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა პირველ მარტს დაიწყო. საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული მოქალაქის ხელფასი 300 ლარია.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტებსა და სამინისტროებში 50 ათასამდე ვაკანსიის მობილიზება მოხდება.
კომენტარები