“ირკვევა, რომ დავით გარეჯის სასაზღვრო ზოლის საკითხზე ძველი კომისიის მუშაობის დროს, ყველა გამოსარკვევი ხაზი საქართველოს საზიანოდ გაავლეს“, – საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი მამა ანდრია ჯაღმაიძე ეჭქვეშ აყენებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის ძველი სამთავრობო კომისიის საქმიანობას.
როგორც მამა ანდრიამ “2020NEWS“-თან საუბარისას განაცხადა, ძველმა კომისიამ საზღვარი ისე გაავლო, 1938 წელს საბჭოთა კავშირის მიერ დამტკიცებული რუკით არ იხელმძღვანელა..
“ძველი კომისია ადგენდა სასაზღვრო ზოლს, რომელიც შემდგომში სახელმწიფოს უნდა დაემტკიცებინა. ირკვევა, რომ ძველი კომისიის მუშაობის დროს, ყველა გამოსარკვევი ხაზი საქართველოს საზიანოდ გაავლეს. აღსანიშნავია, რომ იმ რუკით არ იხელმძღვანელეს, რომელიც 1938 წლის ხელშეკრულებით იყო დადგენილი. ეს იწვევს ძალიან დიდ ეჭვებს. ამ საკითხზე ადრეც ძალიან ხშირად ვსაუბრობდით, თითქმის ყველა კომენტარში დავით გარეჯზე.
ახალი კომისიის მუშაობის სპეციფიკის დეტალები ზუსტად არ ვიცი. რა თქმა უნდა, მთლად ინფორმაციის გარეშეც არ ვართ. ერთი რაღაცის თქმა კი შემიძლია, რომ განახლებული კომისია პრინციპულად სხვა ძალისხმევით შეუდგა მუშაობას და გაცილებით ეფექტურია მათი პოზიცია. ახალი კომისიის მუშაობის შედეგიანობის იმედი გვაქვს. საპატრიარქო კომისიის საქმიანობაში ჩართული არ არის. თუმცა, სხვა მხრივ ინფორმირებულები ვართ.”
“ალია” შეგახსენებთ, გენერალურ პროკურატურაში უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს.
რატომ სდუმდა ხელისუფლება და საპატრიარქო 8 წელი და რატომ მოახერხეს მხოლოდ 8 წლის მერე ძველი კომისიის წინააღმდეგ საუბარი, ამ თემაზე კომენტარი არ გაკეთებულა.
კომენტარები