მოგწონს ავეჯი, რომელიც გაქვს, მაგრამ დაძველდა? საღებავი აექერცლა? დაზიანდა? გენანება გადასაგდებად, იმიტომ, რომ ძვირადღირებულია?
პირველ რიგში, მოდი, ვთქვათ, როგორ უნდა მიხვდე, რომ ავეჯი ძვირადღირებულია ნამდვილად და მეტი არ გადაიხადე ყიდვისას. ლამაზი ზედაპირი ბევრს არაფერს ნიშნავს, გადმოაბრუნა, უკანა მხრიდან დააკვირდი, ნახე, ბაზა რისგანაა დამზადებული, შემთხვევით, იაფიანი მასალისგან, ხომ არა? მაგალითად, ყველაზე იაფიანი ე.წ. დეესპეს, ანუ, ქართულად რომ ვთქვათ, მერქანბურბუშელას ფილისგან? თუ ჩარჩოები, მთავარი საყრდენები ლითონისა და ხისგანაა დამზადებული, ავეჯი რამდენიმე ათეული წელი მაინც გაძლებს, შესაბამისად, ის მართლაც ძვირადღირებულია.
თუმცა, როცა საყვარელ ნივთებზე ვსაუბრობთ, ხშირად, ფასი სულაც არ არის გადამწყვეტი, ასე არაა? შეიძლება, ავეჯი არც ანტიკვარია, არც ძვირადღირებული, და მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. თუნდაც, ნოსტალგიურია, ვიღაცას, რაღაცას გაგონებს, ბედნიერ წუთებს ცხოვრებიდან, მაგალითად. ასეა, არაძვირფასი ნივთები, ხშირად ხდება ძვირფასი ადამიანებისთვის, მნიშვნელობის გამო.
მხოლოდ ანტიკვარული ავეჯის რესტავრაციაა შესაძლებელი?
არა, – ნებისმიერის. მერქანბურბუშელას ფილისგან დამზადებული ავეჯის ვინირირებაც შესაძლებელია, გალაქვაც და მისთვის საჭირო შეფერილობის მიცემაც. აი, ბუნებრივის ხის მასალას კი სრულად შეგვიძლია დავუბრუნოთ პირვანდელი სახე, თან ისე, რომ შეუნარჩუნდეს ტექსტურა.
ნებისმიერ ფერად შემიძლია გადავღებო?
ავეჯის შეღებვა მარტივია, მაგრამ ფერის სწორად დასმა, – რთული. კარგი თეთრი ფერის მიღება განსაკუთრებულად რთულია, რამდენიმე მიზეზის გამო. საღებავის არაერთი ფენა უნდა იქნეს გამოყენებული, რათა საჭირო ფერი მივიღოთ და ბუნებრივი ტექსტურაც შევინარჩუნოთ.
კიდევ ერთი სირთულე ავეჯის რეკონსტრუქციისას არის მისი რიგი დაზიანებული ნაწილების ხელახლა შექმნა. ზოგი ნაწილი მთლიანად გამოსაცვლელია, ზოგი – სულაც დაკარგული. თანაც, ძვირადღირებული, ანტიკვარული ავეჯის ნაწილები უმეტესად ძვირფასი, იშვიათი ხისგანაა შექმნილი, ან ლითონისგან. ჯერ იდენტური მასალებია მოსაძებნი, შემდეგ კი დასამზადებელია. ყველას როდი შეუძლია ხეზე და მეტალზე პროფესიონალურად მუშაობა, სიზუსტეს მოითხოვს, დელიკატურობას.
იქნებ, თავად შევძლო ავეჯის რესტავრირება?
კი, რატომაც არა, გეტყვი რა გჭირდება ამისათვის:
–უნდა ერკვეოდე მასალებში, რათა ზუსტად იცოდე, რა მასალაზე გიწევს მუშაობა. სხვადასხვა მასალისთვის სამუშაოც განსხვავებულია.
–უნდა შეისწავლო, რა მასალაზე რა ტიპის საღებავის, ლაქის გამოყენება შეიძლება.
–უნდა გაარკვიო რა მასალაზე რა ხელსაწყოებით უნდა იმუშაო.
–სავარაუდოდ, სჯობს, ხელსაწყოები ითხოვო მეგობრებისა და ახლობლებისგან, რადგან მათი ყიდვა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა და ხელსაწყოები ნამდვილად აუცილებელია ამ საქმისთვის.
–ავეჯი, რომლის რესტავრირებასაც გეგმავ, უნდა დაშალო ნაწილ–ნაწილ, ფრთხილად, არ უნდა დაგიზიანდეს, არ უნდა აგერიოს ნაწილები ერთმანეთში.
–ფრთხილად უნდა მოაშორო ლაქის, ან საღებავის ზედა საფარი ავეჯს. მთავარია საღებავის მოხსნისას ზედაპირი არ დაკაწრო.
–უნდა შეაკეთო, ან შეცვალო დაზიანებები.
–სანამ დაიწყებ რაიმე პროდუქტის გამოყენებას, განსაკუთრებით უცნობი პროდუქტის, ყურადღებით უნდა შეისწავლოთ მწარმოებლის ინსტრუქციები;
–უნდა შეისწავლო, როგორ დასვა ზუსტად ის ფერი, რომელიც გინდა, რომელი საღებავებით და რამდენი ფენით, თითოს ფენას რა დრო სჭირდება გასაშრობად, იგივეა – ლაქზე. ავეჯის ზედაპირზე დატანილი თითოეული ფენა კარგად და მთლიანად უნდა გაშრეს ისე, რომ საბოლოო შედეგი არ გააფუჭოს.
–ლაქი ხაზს უსვამს ხის ტექსტურას, ამიტომ მას ხშირად იყენებენ. ლაქის დასამუშავებლად დაგჭირდება: სპეციალური კონდიციონერი ხის ზედაპირებისთვის, სპეციალური ქაღალდი, რბილი ქსოვილი, ავეჯის ლაქი.
–საბოლოო ფენისთვის კიდევ ერთხელ, საბოლოოდ უნდა მოამზადო ნაწილები.
–თუ ავეჯის შეღებვას ფერადი საღებავებით გადაწყვეტ, ნათელ ფერებში შესაღებად უმჯობესია გამოიყენო ლატექსის ან ზეთის საღებავები. ლატექსზე დაფუძნებული საღებავი ადვილად ირეცხება წყლით და არ აქვს მძაფრი სუნი. ზეთის საღებავით სწრაფად შრება, ზეთის საღებავით მუშაობა სჯობს ღია ცის ქვეშ. ფერადი საღებავის გამოყენების შემთხვევაში, არ მოერიდო კონტრასტებს, პირიქით, უკეთსიცაა, შეგიძლია გამოიყენო ორიგინალური ნახატები და სტენცილები.
–აუცილებლად აღმოჩნდება სამეგობროში ვინმე, ვინც გეტყვის, რომ სპრეით შეღებვა ყველაზე ადვილია – ასე არ არის, რეალურად, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტ სპრეის გამოყენებას, გაითვალისწინე, რომ დაგჭირდება სპეციალური პირობები, სასურველია ღია ცის ქვეშ, ან ოთახში იატაკსა და კედლებზე გააკარი პოლიეთილენის პარკები, დააფინე ქაღალდები. აქვე გეტყვი, რომ ერთი ფენა ძალიან თხელი იქნება და სასურველ ფერს ვერ მიიღებ, რამდენიმეჯერ მაინც უნდა გაიმეორო პროცედურა. ისიც უნდა იცოდე, რომ არც ისე გამძლეა, როგორ ჩვეულებრივი საღებავი და ბევრად ნაკლებ დროს ძლებს დაუზიანებლად.
–მატერიის გამოცვლა – აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო ახლის გადაკვრისას. ჯერ ძველი მოაცილე ფრთხილად, მაგრამ სრულად. ახალი მატერიის ყიდვისას, დარწმუნდი, რომ სწორად გაზომე ავეჯი და კუთხეები გაითვალისწინე.
–დაზიანებული მინა შეგიძლია შეცვალო, ან თუ დაკაწრულია – შეიძლება განახლდეს საღებავის გამოყენებით, ყინვაგამძლე ნიმუშების ეფექტით. ეს საუკეთესო გზაა დეფექტების დასამალად.
–ბინაში თუ სახლში რესტავრაციის ჩასატარებლად უნდა გამოყოთ ცალკე ოთახი – ეს მნიშვნელოვანია და ამ წესს აგდებულად არ მოეკიდო.
–ოთახის, სადაც ავეჯის რესტავრაციას დაიწყებ, იატაკის საფარი უნდა იყოს დაფარული გამჭვირვალე სქელი საფენით.
–საღებავის მოშორებისა, ან წასმისას, გამოიყენე დამცავი ხელთათმანები, დამცავი სათვალე, რესპირატორი.
–სამუშაო უნდა ჩატარდეს ვენტილირებად ადგილას.
ეს მხოლოდ მცირე, ზოგადი ჩამონათვალია, კიდევ მრავალია დეტალია გასათვალისწინებელი და როგორც იტყვიან, „ეშმაკი სწორედ დეტალებშია“. გამოუცდელმა ადამიანმა შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს ავეჯს. და თუ მაინც გადაწყვეტ თავად დაიწყო რესტავრაცია, ეცადე, კონსულტაციისთვის მაინც მიმართო ოსტატს.
თუმცა, ჩამონათვალმა, ალბათ, უკვე მიგახვედრა, რომ კონსულტაცია ვერ იქნება საკმარისი და ეს ის საქმეა, რომელიც სრულად უნდა ანდო პროფესიონალს.
მართალია, კარგი ავეჯის შეკეთება, გაახლება და ინტერიერზე მორგება ბევრად უფრო სასიამოვნო, ეკონომიური და გონივრულია, ვიდრე მისი გადაყრა და ახლის ყიდვა, მაგრამ საკმაოდ რთული, დამღლელი პროცესია, მოითხოვს ბევრ დროს და სიზუსტეს, დიდ გამოცდილებას და ცოდნას.
რა ღირს ავეჯის რესტავრაცია?
გააჩნია ავეჯს, გააჩნია სამუშაოს, რამდენად რთული დასაშლელ–ასაწყობია, რა ნაწილებია დაზიანებული და როგორ, როგორი გვინდა რომ ჰქონდეს საბოლოო სახე, რა მასალებით უნდა იმუშაოს ოსტატმა, ავეჯის რომელი ელემენტებია შესაცვლელი, თავიდან ჩამოსასხმელი, ან გამოსათლელი. ფასი, სამუშაოს სირთულეზეა დამოკიდებული, ინდივიდუალურია და კონკრეტულ ავეჯზე უნდა იქნეს დაანგარიშებული.
როგორ ვიპოვო პროფესიონალი ოსტატი?
პროფესიონალი ოსტატის პოვნა უკვე ნახევარი საქმის უკან ჩამოტოვების ტოლფასია.
ცხადია, ოსტატი უნდა ეძებო იქ, სადაც მაღალი კონკურენციაა, სადაც ათობით განცხადებაა განთავსებული, სადაც შეგიძლია ფასის, გამოცდილების მიხედვით შეარჩიო საჭირო კადრი.
არ დაგავიწყდეს, აუცილებლად გაეცანი კომენტარებს თითოეული განცხადების ბოლოს, ადამიანები, რომლებმაც უკვე ისარგებლეს ამ ოსტატის მომსახურებით, საკუთარ გამოცდილებაზე წერენ და აუცილებლად გამოგადგება.
ნუ გადაიხდი ორმაგს!
არ ვიტყვი, რომ ძუნწი იხდის ორმაგს, ხშირად, ორმაგს ის იხდის, ვინც თვლის, რომ პროფესიონალი და ოსტატი არაფერში სჭირდება, ვინც ნებისმიერ, მისთვის უცხო საქმეს მარტივად აღიქვამს, და ფიქრობს: – ამის გაკეთებას რა უნდა, ამაში ფული რატომ გადავიხადო, ამას ხომ მეც გავაკეთებ? – და ამ დროს, ერთი პატარა შეცდომა და შეიძლება ისე დააზიანოს ავეჯი, ან დაიზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა, რომ მინიმუმ ორჯერ და ზოგჯერ, სამჯერ და მეტიც დაუჯდეს ამ შეცდომის გამოსწორება. ნუ იქნები მომდევნო, ვინც ორმაგს იხდის, – ანდე პროფესიონალს, იცხოვრე ჩვეული რეჟიმით, დაისვენე სამსახურის მერე, გაერთე და დაელოდე განახლებულ ავეჯს, რათა დატკბე შედეგით.
მე უახლოეს მომავალში სავარძლის რესტავრაციას ვფიქრობ და სწორედ იმიტომ, რომ კარგად ვიცი, რა შრომას მოითხოვს, რა ენერგიას, როგორ სიზუსტეს, რამდენი დეტალია გასათვალისწინებელი, რამდენი ხელსაწყო მჭირდება – არასდიდებით შევეჭიდები თავად, აუცილებლად ოსტატს ჩავაბარებ.
და შენ რას ფიქრობ, რომელი ავეჯს გაახლებდი, რომელს აქვს დეფექტი? რომელს ვერ შეელევი გადასაგდებად, რომლის რესტავრაცია გინდა, რათა, კიდევ რამდენიმე ათეული წელი მოგემსახუროს?
(R)
კომენტარები