ოკუპირებულ აფხაზეთში არეულობაა, სოხუმი პარალიზებულია. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადგილმდებარეობა ამ მომენტისთვის უცნობია. მის რეზიდენციას, კი უკვე მეორე დღეა დე ფაქტო ოპოზიციური ძალა იკავებს. ასლან ბჟანია, გასული ღამის განმავლობაში ორჯერ გამოჩნდა, ღამით მხარდამჭერებს მიმართა. განმარტა, რომ გადადგომას არ გეგმავს და ყველასთვის საკადრისი პასუხის გაცემას აპირებს. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა მეორე ვიდეოც. ამ შემთხვევაში ბჟანია თავის მშობლიურ სოფელ ტამიშში იმყოფება. მისმა პრესსამსახურმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, ე.წ-მა პრეზიდენტმა რუსეთის სამხედრო ბაზას შეაფარა თავი.
ასლან ბჟანიამ სოხუმი გუშინ იძულებით დატოვა. ეს მას შემდეგ, რაც აფხაზები ქუჩებში გამოვიდა და მისი გადადგომა მოითხოვეს. ე.წ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ბჟანია მოსკოვს დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის, თითქოს ოკუპირებულ აფხაზეთში გადატრიალება განხორციელდა პროთურქული და პროდასავლური ძალების მიერ. დე ფაქტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ “გაქცეული“ ბჟანია დღეს ისევ შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას, თუმცა ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ ის პოსტზე აღარ უნდა დარჩეს.
არეულობა ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ დაიწყო. თუმცა პროტესტმა მწვავე ფორმა გუშინ მიიღო. მოვლენები სწრაფად განვითარდა. დილით, ე.წ. პარლამენტის ის სხდომა ჩაიშალა, სადაც სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირება იყო დაგეგმილი, თუმცა დემონსტრანტები ხელშეკრულების საბოლოოდ ჩაგდებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა ჯერ ე.წ. პარლამენტის რკინის ჭიშკარი ავტომობილით გაანგრიეს, შემდეგ კი, უკვე ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს.
კომენტარები