მწერალი, ალეკო შუღლაძე:
“ბინის პატრონმა ქალმა კორესპონდენტი შეიპატიჟა: შემოდით, შემოდითო!
მისაღებში შევიდნენ, უფრო სწორად, იმ სივრცეში, რაც მისაღებისგან იყო დარჩენილი. თავიდან მეგონა, ოპერატორი ადრე გაი რიჩისთან მუშაობდა, მაგრამ მერე მივხვდი, რაღაც ნანგრევებს ეჯახებოდა.
– მაინც რით ხართ უკმაყოფილო, უფრო დაწვრილებით ვერ გვეტყვითო? – საქართველოში ეს შეიძლება რესპონდენტსაც ეკითხა ჟურნალისტისთვის, მაგრამ აქ სტანდარტულ პროტოკოლს მისდევდნენ.
პატრონმა პასუხად ჭერში აიხედა, ყველამ ჭერში ავიხედეთ…
ნაპრალი და დამსკდარი ბიაზი კი არა, ბინას ჭერი არ ჰქონდა: რაღაც არმატურები და ბალკები ჩანდა, ოპერატორმა დაზუმა და ზემოთა მეზობლის ოთახი გამოჩნდა, თვითონ მეზობელი ქალი, რომელიც წვრილ არმატურებზე იდგა ფეხებშეტყუპებული და ზემოდან დაგვცქეროდა… ეგრევე ჩამოგვძახა: დიდხანს გადაიღებთ კიდევ, კაბაში შემცივდაო.
ამ დროს გვერდითა მეზობლის ხმა გაისმა:
– როზა, ძვირფასო, ერთი წამით აქ მოდიო.
როზა მივიდა, კედლის ნაპრალში ხელი გაყო და იქ ჭიქა გამოართვა მეზობელს, შემოიტანა, ცხელი ესხა რაღაც, ორთქლი ასდიოდა, ალბათ ყავა.
– ჰკითხე ერთი, მაგასაც ხომ არ უნდაო? – გამოსძახა მეზობელმა.
ახლა კი მოისმინეთ, რა იკითხა კორესპონდენტმა:
– ან ბინაში რემონტის გაკეთება არ გიცდიათო?
და აი, როზას პასუხი, რომელიც ჩემს საყვარელ ფრთიან ფრაზად იქცა:
– ეგ იგივე იქნება, მკვდარს მაკიაჟი რომ გავუკეთეთო.
სიურრეალიზმის აჩრდილი დადის თბილისის მასივებში.”
კომენტარები