ჟურნალისტი ლაშა ბერულავა 3 ივნისის აქციის ორგანიზატორების მისამართით წერს:
“შევეცდები, ბოლოჯერ ავხსნა ჩემი და არამარტო ჩემი დამოკიდებულება და რჩევები “შინ ევროპისკენ” აქციის ორგანიზატორებისადმი, მერე ისევ უკრაინას მივუბრუნდები:
რჩევა: მე მგონია, რომ ეგო ცოტა უნდა დაარეგულიროთ და კრიტიკისადმი მიმღებლობა გამოავლინოთ, რადგან უმრავლეს შემთხვევაში, გუშინდლისთვის ის ხალხი გაკრიტიკებთ, ვისაც კარგის დანახვაც შეუძლია და 20 ივნისს გულწრფელ მადლობას გიხდიდათ კარგად ორგანიზებული აქციისთვის. ასე რომ დასხედით და განიხილეთ, რა შეიცვალა და რა შეგეშალათ 24 ივნისიდან 3 ივლისამდე.
“მოდით და თქვენ მართეთ”, “თქვენ დააორგანიზეთ უკეთესად”, “რუსთაველი სხვა დღეებშიც თავისუფალია, მიდით…” – ასეთი მიდგომა არასწორია: მე ელარჯის მომზადებაც არ ვიცი, მაგრამ კარგმა მზარეულმა გააკეთა თუ არა, ამის გასარკვევად ორი წუთი დამჭირდება.
ასეთი მიდგომით მხოლოდ აფრთხობთ იმ ადამიანებს, ვინც ყველაფერი გადადო და სამჯერ მოვიდა, როცა დაუძახეთ, რადგან ყალიბდება დამოკიდებულება: ესენი ახლა თუ ასე იღებენ კრიტიკას, მერე რას იზამენ, თუ ხელისუფლებაში მოვლენ (თქვენ გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა თუ არა, მაგას არ განვიხილავ, აღქმაზე ვწერ).
კონკრეტიკას ვერ ხედავთ კრიტიკაში? გგონიათ, მხოლოდ პოლიტპატიმრების არხსენებაა კრიტიკის მიზეზი? ასე არ არის: როცა აქციის ორგანიზატორებიდან ერთი ხალხს მიმართავს, რომ აი, ამაღამ არასადაც არ წავალთ, აქ უნდა გავათიოთ ღამე, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურა გვაქვს მოწყობილი, დილით კი მთავრობის სახლისკენ დავიძრათ (დიღმელაშვილი), ცოტა ხნის მერე კი მეორე ორგანიზატორი მიკროფონში ხალხს მოუწოდებს, წავედით ამაღამვე კანცელარიასთანო (რუხაძე), ხოლო პირველი მოწოდების ავტორი იხვეწება, ვინც წავიდა, დაურეკეთ და უთხარით, უკან მობრუნდნენო – ეს, მინიმუმ, იმის აღქმას ტოვებს, რომ აქციის ორგანიზატორებს შორისაც კი არ არსებობს შეთანხმებული, აუცილებლად საჭირო მოკლევადიანი (გრძელვადიანზე არაფერს ვამბობ) გეგმა და რომ ყველაფერი სპონტანურად ხდება, რაც იმედგაცრუების საფუძველია.
მორჩით ხალხის დამუნათებას და მოწოდებას, რომ “უკეთესი თავად გააკეთეთ”. ამ ხალხს რომ აქციის მართვაზე არ აქვს პრეტენზია, რომ მხოლოდ მზაობას გამოხატავს აქციაში მონაწილეობისთვის, აქციის წარმართვას კი თქვენგან ელოდება, მაგიტომ დგანან ისინი ქუჩაში და თქვენ “ოდნავ მათზე მაღლა”, ანუ სცენაზე.
ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ, ყველაფერი გადადონ და მივიდნენ აქციაზე დანიშნულ დროს, რაც სამჯერ უკვე გააკეთეს (მანამდე რამდენჯერ, ეგ ცალკე საკითხია).
ასე რომ, გადაახვიეთ და გაანალიზეთ, სად რა შეგეშალათ და სად რა გაქვთ გამოსასწორებელი, ეს არის პირველი, რაც უნდა გააკეთოთ.
P.S. მე მოვალ შემდგომ აქციაზეც და ჩემს ირგვლივ ბევრი ფიქრობს ასე, მაგრამ ისეთიც ბევრია, ვინც ამბობს, რომ აღარ მოვა – დაინახეთ მათი თვალითაც და იმუშავეთ, პირველ რიგში, საკუთარ თავზე და ერთმანეთთან.
კეთილი სურვილებით, აქციების რიგითი მონაწილე.”
კომენტარები