მთავრდება თუ არა მასწავლებლის, კლასის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა სკოლის კართან. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბავშვებს შორის კონფლიქტი ამოიწურა და პირიქით – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა საუბრობს და ამბობს:
იყო შემთხვევა, როცა ერთი ბავშვი აწერდა მერხებს უშვერ სიტყვებს და მეორე მოსწავლე ეუბნებოდა, რომ ნუ წერ, რადგან ამ მერხზე ჩემი დაც ჯდებაო. შეწყვეტის ნაცვლად, მეორემ გააძლიერა წარწერების კეთება და ორ ბავშვს შორის ძალიან დაიძაბა ურთიერთობა.
მე ეს კონფლიქტი არ მივატოვე შუა გზაზე და მათ მივეცი ამ კონფლიქტზე საუბრის საშუალება. თუმცა ერთი კვირა დაგვჭირდა პრობლემის მოსაგვარებლად. ერთი კვირის შემდეგ ეს ორი ბავშვი ახალი ინიციატივით გამოვიდა და გააკეთეს პროექტი სახელწოდებით – „მერხს ტატუ არ სჭირდება“ და კონფლიქტიც გადაიჭრა.
ყველაზე კარგი შედეგი მაინც იმან მოიტანა, როცა კონფლიქტში მყოფი ბავშვები შევიყვანე ცალკე ოთახში და ორივეს მივეცი ამაზე საუბრის შესაძლებლობა. შევეცადე, არც ერთი მოსწავლის მხარე არ დამეჭირა და კონფლიქტის ორივე მხარეს თავისი ორთქლი გამოეშვა.
როცა მასწავლებელი ხედავს კონფლიქტს, შეცდომაა იმის თქმა – „აბა, ჩამოართვი ხელი“ , „გადაეხვიეთ“, „რა გაქვთ კაცო საჩხუბარი“, კი, ეს შეიძლება კარგი სიტყვებია, მაგრამ ამაზე მეტად საჭიროა მედიაციის კურსები ჩაუტარო ან რაღაც შეხვედრა მოუწყო ბავშვებს და ორივე მხარეს მისცე სალაპარაკო. მიიყვანო შეთანხმებამდე.
ჩემი აზრით, რაც უფრო მეტ ადამიანს ჩართავ საქმეში, მით უფრო შეიძლება გამწვავდეს კონფლიქტი. ამიტომ, სჯობს, რომ ეს საკითხი ერთმა მასწავლებელმა გადაწყვიტოს კლასში ან მიჰყვეს ამბავს ბოლომდე.
ჩვენს სკოლაში ჩავატარეთ ასეთი ექსპერიმენტი. მოსწავლეებსა და დაწყებითი კლასის მასწავლებლებს მივაწოდეთ ჭიკარტი და ვუთხარით, რომ ამ ჭიკარტისთვის რამდენიმე ფუნქცია უნდა მიენიჭებინათ.
ბავშვებმა ამ ჭიკარტს მიანიჭეს 37 ფუნქცია, გამოიყენეს სხვადასხვა სახით, მასწავლებლები კი 7 ფუნქციას ვერ გასცდნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივხვდით, რომ მოსწავლეებს გაცილებით დიდი ფანტაზიები აქვთ დაწყებით კლასებში და შემდეგ. ამ მასწავლებლებს ბავშვების ინიციატივებზე, გამოთქმულ იდეებზე ნერვები ეშლებათ და ამიტომ ეუბნებიან ხოლმე – „გაჩერდი, ტვინი ნუ მატკინე“. აი, ამ დროს ბავშვი თრგუნავს ფანტაზიებს და შემდეგ უფრო ცუდ რამეებში ავლენს.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დაწყებით კლასებში ბავშვები ვათამაშოთ, მხიარულება შევძინოთ გაკვეთილს, დავამეგობროთ ბავშვები ერთმანეთთან, რომ შემდეგ, უფროს კლასებში, მათ ჰქონდეთ ისეთი ღირებულებები, რომ შესაძლოა პატარა შენიშვნებით შემოვიფარგლოთ მათთან.
არც ერთ მასწავლებელს, არც ერთ დირექტორს არ აქვს კონსტიტუციის დარღვევის უფლება, ანუ ყველა ბავშვს აქვს უფლება განათლების. მე, პირადად, არ მქონია ასეთი შემთხვევა, ისე შემძულებოდეს ბავშვი, რომ მისი სკოლიდან გასვლა მდომოდა, მაგრამ თუ ეს ოდესმე მომინდება, მაშინ მირჩევნია მე წამოვიდე სკოლიდან.
ზოგიერთ დირექტორს უნდა, რომ არ ჰყავდეს მოსწავლეები, რომლებიც რაღაც ტიპის პრობლემებს ქმნიან, რადგან არ სცალიათ ამ პრობლემების მოსაგვარებლად, არ აქვთ უნარი, დამოკიდებულებები შეუცვალონ ბავშვს და ურჩევნიათ, რომ გარიცხონ.
მინახია მოსწავლე, რომელიც გარიცხეს სკოლიდან ცელქობის გამო, ჩვენთანაც გადმოვიდა ასეთი გარიცხული ბავშვი, მაგრამ შემდეგ ისეთი კარგი შედეგები აჩვენა და ისეთი კარგი ადამიანი დადგა, რომ არ ვიცი.
მე კლასის ხელმძღვანელი არ ვარ, მაგრამ მყავს ისეთი კოლეგები, რომლებიც სახლამდეც კი მიჰყვებიან საჭიროების დროს ბავშვებს. შესაძლოა, სოფელში ეს ადვილია, მაგრამ თუ კლასის ხელმძღვანელი ატყობს, რომ დაძაბულია ბავშვებს შორის ურთიერთობა, სჯობს, რომ სკოლიდან გასვლის შემდეგ გაჰყვეს, ან მშობელი ჩააყენოს საქმის კურსში.
თუ კლასის ხელმძღვანელი ვარ, მაშინ ჩემი ზრუნვა ბავშვზე არ მთავრდება მხოლოდ სკოლის კართან. უნდა გავარკვიო მიზეზი, რატომ აცდენს გაკვეთილს ეს ბავშვი და მშობელთან ვითანამშრომლო. თუ მშობელი ინფორმირებულია, მაგრამ ის ვერ უზრუნველყოფს შვილის უსაფრთხოებას, უნდა ჩაერიოს სოციალური სამსახური, თუმცა მშობლები ხშირად ამაზეც ბრაზდებიან.
მე მქონდა შემთხვევა, როცა მშობელს ავუხსენი, თუ რა პრობლემები ჰქონდა მის შვილს, რომ არ იყო კარგ წრეში და გვეთანამშრომლა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ გამიბრაზდა და შემდეგ როცა დადგა ცუდი შედეგი, მერე მიხვდა, რომ მართალს ვეუბნებოდი.
სკოლა არის პატარა სახელმწიფო და რაც სახელმწიფოში ხდება, იგივე ხდება სკოლაშიც. როცა ბავშვები გარეთ ხედავენ, როგორ დასცხებენ ხოლმე პოლიტიკოსები ერთმანეთს, როგორ აყენებენ შეურაცხყოფას ერთმანეთს, ბავშვებიც ფიქრობენ, რომ ეს არის ნორმა, რომ თუ გავბრაზდები, უნდა დავარტყა ხელი, თუ მე ვარ მართალი, უნდა „გავეჭიმო“ და ასე შემდეგ.
მოკლედ, ნურაფერი ნუღარ გვიკვირს, რადგან სკოლა არის სახელმწიფოს პატარა მოდელი და რაც გარეთ ხდება, იგივე ხდება ყველა სკოლაში.
კომენტარები