„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარე ზვიად ტომარაძე:
–სინოდის განჩინებას ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით, მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ითქვა, ისიც რომ სინოდი ვაქცინაციის, მედიცინის წინააღმდეგ წავიდა.
– სინოდის განჩინებაში ვაქცინაციასთან დაკავშირებით არაფერი არ იყო არც მოუწონარი, და არც მედიცინის საწინააღმდეგო, ანუ სინოდს პასუხისმგებლობა უნდა აეღო იმაზე, რაზეც თვითონ ვაქცინის მწარმოებელი კომპანია არ იღებს? კერძოდ, ევროკომისიის გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტმა (ევროკავშირის ქვეყნებმაც) მიმდინარე წლის იანვარში ცვლილებები შეიტანა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში, რომ ვაქცინაციის შედეგად, შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელი იქნება სახელმწიფო და არა ვაქცინის მწარმოებელი კომპანია! ანუ როდესაც რესტორანში შევალთ და დავუშვათ კუპატზე დავეჭვდებით, რომ შეიძლება გვაწყინოს და ამის გამო არ მივირთმევთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგადად კვების წინააღმდეგი ვართ? სინოდმა ადამიანებს არჩევანის საშუალება მისცა და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, არ შეიძლება ვაქცინაცია სავალდებულო იყოს, ვისაც სურს აიცრას და ვისაც არ სურს, მასზე იძულება დაუშვებელია! ის კიდევ ცალკე საკითხია, რომ ვაქცინასთან ავ-კარგიანობასთან დაკავშირებით, თურმე იმ ჯანმოს რეკომენდაციას უნდა ვენდოთ, რომელმაც 1992 წელს ჰომოსექსუალიზმი დაავადებათა სიიდან ამოიღო, ხოლო შარშან 2020 წელს სექსუალური განათლების სახელმძღვანელოთი რეკომენდაციას რომ უწევდა 4 წლამდე ასაკის ბავშვებს მასტურბაციისა და მათი გენდერული იდენტობების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ.
– თქვენი აზრით, რატომ გააკრიტიკეს სინოდის განჩინება?
– ეკლესია ბოლო წლების მანძილზე გლობალისტებისა და ულტრალიბერალური ძალების მთავარი სამიზნეა! რატომ? იმიტომ, რომ ეკლესია უკანასკნელი ციხესიმაგრეა, რომელიც ვერ აიღეს და რომელიც ხელს უშლის მათ იდეოლოგიას, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა იქნება ეს, ნარკოტიკების თემა, აბორტის თემა, მულტიკულტურალიზმი, ოჯახში იერარქია თუ სხვა. ამიტომ მათი მიზანია ეკლესიის დაკნინება, დასუსტება, გამარგინალება და საბოლოოდ მისი განადგურებაა! ძალიან სამწუხაროა, როდესაც ამ ყველაფერში ზოგიერთი სასულიერო პირებიც მონაწილეობენ. ისინი ეკლესიის წიაღში არსებულ ნაკლოვანებებთან ბრძოლას დიდი ხანია გასცდნენ და ფეისბუკ სტატუსებითა თუ ინტერვიუებით, ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლთა გულებს ახარებენ, სწორედ ეკლესიის მტრების წისქვილზე ასხამენ წყალს! დღეს ეკლესიის წიაღში არსებობს პრობლემები და რა თქმა უნდა, გამოსასწორებელია, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა სასულიერო იერარქი ლანძღონ და სინოდს სინედრიონი უწოდონ? განა ვერ ხედავენ რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში? ან რა ხდება საქართველოში? თუ რა იერიშია მიტანილი ზოგადად ეკლესიაზე? განა ამის დანახვა ასე რთულია? სწორედ მათ მიერ „შეჩვენებული“ სასულიერო იერარქები აკავებენ ძალიან ბევრ უკეთურებას, მაგალითად მარიხუანას კულტივაციას, ელგებეტე პრაიდს და სხვას. კონკრეტულ სასულიერო იერარქებს რომ ამხელდნენ (ამასაც თავის წესი აქვს), კონკრეტულ საქმეებზე, რა პრობლემაა? მაგრამ მთლიანად ინსტიტუტს ლანძღავენ! იმ ინსტიტუტს, რომლის წევრიც ჯერჯერობით თვითონაც არიან და რომელზეც მასირებული იერიში მიმდინარეობს, პოლიტიკური ჯგუფების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის მიერ.
ნანა სულავა, ალია
კომენტარები