„ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრას ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავებითა და აქტიური დანერგვით ცდილობს. სოციალური პასუხისმგებლობისა და გლობალური გარემოსდაცვითი გამოწვევების პროგრამის ფარგლებში, ეკომეგობრული კონცეფციის გატარება: CO2-ის ნულოვანი ემისია – როგორც ახალი თაობის ავტომობილებში, ასევე მთლიანად საწარმოო პროცესში, ნარჩენების მართვა, წყლის რესურსების ოპტიმიზაცია და საერთო ჯამში, გარემოსთან ჰარმონიაში მყოფი საზოგადოებისა და წარმოების ჩამოყალიბება – „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ უმთავსესი საზრუნავი და პრიორიტეტია.
რამდენად უბამს მხარს ავტომწარმოებლის გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, აცნობს თუ არა მომხმარებელს ინფორმაციას ახალი ტექნოლოგიების შესახებ, ზრუნავს თუ არა თანამშრომელთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე და როგორ ახდენს სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენების მართვას – ამ თემებზე „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გარემოსდაცვითი მმართველი თინათინ მაკარიძე საუბრობს.
–„ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ გლობალური გარემოსდაცვითი პროგრამის თანახმად, ტოიოტა 2050 წლამდე 6 გარემოსდაცვითი გამოწვევის დაძლევას გეგმავს, მათ შორისაა CO2-ის ემისიის მაქსიმალურად შემცირება, როგორც ავტომობილის წარმოების პროცესში, ასევე უშუალოდ მისი ექსპლუატაციის დროსაც. სწორედ ამიტომ, ტოიოტას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი ყველა სამოდელო ხაზის ჰიბრიდებით შევსებაა, რადგან ამ ტიპის ავტომობილები გარემოსთვის მინიმალური ზიანის მომტანია. ტოიოტას ფილოსოფიიდან გამომდინარე, კომპანია წლებია აქტიურად მუშაობს ჰიბრიდულძრავიანი სერიული წარმოების მძლავრი ავტომობილების შექმნაზე და ჯერ კიდევ 1997 წელს გამოუშვა პირველი თაობის ტოიოტა „პრიუსი“. ამჟამადაც, დილერების მეშვეობით, ყველა უახლესი ჰიბრიდულძრავიანი მოდელი საქართველოშიც ხელმისაწვდომია. მსგავსი მიდგომა არც სამომავლოდ შეიცვლება. „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ჩვენს მომხმარებელს ყოველთვის ეძლევა ფართო არჩევანი, შეარჩიოს და შეიძინოს სასურველი მოდელის ჰიბრიდი.
პირველ რიგში, დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ საქართველოში ჰიბრიდებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე ძალიან იზრდება. ჩვენი მომხმარელის დაინტერესება არ მომხდარა ერთბაშად და ამ პროცესში „ტოიოტა ცენტრ თბილისსაც“ მიუძღვის სოლიდური წვლილი. ჩვენ ამ მიმართულებით რამდენიმე წელია ვმუშაობთ „ტოიოტა კავკასიასთან“ ერთად. შედეგად, ერთი მხრივ, ქართველ მომხმარებელს ჩამოუყალიბდა სოციალური პასუხისმგებლობა, ფიქრობს გარემოზე მავნე ზემოქმედებისა და ნახშირორჟანგის გაფრქვევის შემცირებაზე. მეორე მხრივ კი, სწორი ექსპლუატაციის პირობებში, ჰიბრიდები ძალიან ეკონომიურია სტანდარტულძრავიან ავტომობილთან შედარებით და მისი შენახვა გაცილებით იაფი ჯდება. რაც მთავარია, ქართველმა მომხმარებელმა უკვე იცის, რომ ჰიბრიდული ტექნოლოგიები მძლავრი, უსაფრთხო და ძალიან სანდოა. რეალურად, ჰიბრიდით დაინტერესებული მომხმარებელი ორმხრივად კარგ პოზიციაშია: ჰიბრიდის ეკონომიურობის გამო საგრძნობლად მცირდება ხარჯები და ამ სწორი არჩევანით ნაკლები ზიანი ადგება გარემოს. ტოიოტას ფილოსოფიაც სწორედ ამ კონცეფციას ეფუძნება – ყველა პირობა შეუქმნას მომხმარებელს, რომ ის უფრო ეკომეგობრული გახდეს და მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პროცესებში ტოიოტასთან ერთად ჩაერთოს.
–ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ მთლიანად იზიარებთ, არამედ საქმიანობის პროცესში რეალურად ატარებთ ეკომეგობრულ კონცეფციას?
-ტოიოტას ეკომეგობრულობის კონცეფცია თანამშრომლების ცნობიერების გაღრმავებით იწყება. „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სისტემატურად ხდება თანამშრომლებთან კომუნიკაცია, ტარდება ტრენინგები გარემოს დაცვის, ეკომეგობრულობის, სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენების მართვის, ელექტროენერგიის, წყლისა და სხვა რესურსების ეფექტიანად გამოყენების შესახებ. კომპანიის ეფექტიანი მართვა ვერ შედგება თანამშრომლების ჩართულობის გარეშე. გარდა ამისა, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ცდილობს რაციონალურად მოიხმაროს ელექტროენერგია და სასმელი წყლის რესურსი, მაქსიმალურად შეამციროს სახიფათო ნარჩენების წარმოქმნა. დანერგილი გვაქვს სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენების სწორად მართვისა და მათი რეციკლირების მიდგომები. მაგალითისთვის, კომპანია ხელახლა მოიხმარს ავტომანქანის გამოყენებულ ზეთებს, რომელიც ყოველდღიურად გროვდება ნარჩენის სახით სერვის-ცენტრში. მისი რეციკლირება ხდება ამერიკული წარმოების გათბობის სისტემაში, რომელიც სპეციალურად, მეორად ზეთზე სამუშაოდაა გათვლილი.
–ჰიბრიდული ტექნოლოგიები ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს – ეს ფაქტია, მაგრამ აქვს თუ არა ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს სახიფათო ნარჩენები?
-რაც შეეხება ჰიბრიდულ სისტემებს, თვისობრივად ის ეკომეგობრულია და გარემოზე მინიმალურ გავლენას ახდენს, მაგრამ ჰიბრიდული ელემენტი, რომელსაც საკმაოდ ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა აქვს, სპეციფიკური ნარჩენია და ის სპეციალიზებურ მართვას მოითხოვს. თუკი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მომხმარებლის მხრიდან ძველი ჰიბრიდული ელემენტის ჩაბარების საჭიროება დადგება, ცენტრი, კონტრაქტორი კომპანიის დახმარებით, უზრუნველყოფს მის უსაფრთხო გატანას ტერიტორიიდან. თუმცა ასეთი შემთხვევა ჯერ არ გვქონია.
–კონტრაქტორი კომპანია ახსენეთ, რამდენად სავალდებულოა მასთან თანამშრომლობა?
-ეს ერთ-ერთი სავალდებულო რეგულაციაა სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ვასრულებთ. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ხელშეკრულების საფუძველზე თანამშრომლობს კონტრაქტორ სპეციალიზირებულ კომპანიასთან, რომელიც კვირაში ერთხელ „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ტერიტორიიდან სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენების გატანას და მის უტილიზაციას უზრუნველყოფს. სამწუხაროდ, ავტოინდუსტრია ერთ-ერთი მაღალრისკიანი სფეროა, რომლის საქმიანობის შედეგად ბევრი სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენი გროვდება. რეგულაციების თანახმად, სპეციფიკური ნარჩენები საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ცალკე უნდა მოთავსდეს. სწორედ ამ მიზნით, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ტერიტორიაზე გამოყოფილია სპეციალური ადგილი, სადაც სახიფათო ნარჩენები გროვდება.
-ერთია ტოიოტას გარემოსდაცვითი გამოწვევები, რომელსაც „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ იზიარებს და ითვალისწინებს, მაგრამ როგორ ასრულებს სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენების მართვაზე საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულ რეგულაციებს?
-„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ერთ-ერთი პირველი იყო ავტოინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის საქართველოში, რომელმაც ნარჩენების მართვა სახელმწიფო რეგულაციების შესაბამისად დაიწყო და თავიდანვე აქტიურად ჩაერთო გარემოსდაცვითი საკითხების მართვის პროცესში. „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ გაცნობიერებული აქვს თავისი სოციალური პასუხისმგებლობა – მუდმივ კავშირშია სახელმწიფო უწყებებთან, რეგულარულად ვმონაწილეობთ კონსულტაციებსა და ტრენინგებში, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დონორი ორგანიზაციები ატარებენ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ნარჩენების მართვის მხრივ კანონმდებლობის დახვეწას და გარემოსდაცვითი სტანდარტების ამაღლებას. ვფიქრობთ, ძალიან მალე ჩვენს ქვეყანაშიც სრულად ამოქმედდება ყველა ის გარემოსდაცვითი მექანიზმი, რომლის არსებობაც აუცილებელია გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად.
კომენტარები