რომელი ბიზნესი იზარალებს საქართველოში ყველაზე მეტად და რომელს აქვს შანსი, 2-3 წელში დიდი მოგება ნახოს?
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ემზარ ჯგერენაია.
– ბატონო ემზარ, კორონავირუსის პანდემიაა და ფაქტობრივად, ფორს–მაჟორულ ვითარებაში ვიმყოფებით, საქართველოს ეკონომიკა რამდენად მდგრადი და საიმედო აღმოჩნდა?
– არა მარტო საქართველოს ეკონომიკისთვის, ეს პანდემია მსოფლიოს ეკონომიკისთვის იყო შოკის მომგვრელი. ჩვენ კი არა, ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები, რომლებიც ათეულ და ასეულ მილიარდობით დოლარს ხარჯავენ, რომ ჰქონდეთ ყველა აუცილებელი პროდუქტის მარაგი, სურსათის, მედიკამენტების, საწვავისა და სხვა, მაინც ვერ გაითვალისწინეს ბოლომდე ყველაფერი და რა დღეში არიან ახლა განვითარებული ქვეყნები, კი ხედავთ ამას. როდესაც საფონდო ბირჟა 25%–ით ეცემა, ეს არის საშინელება. 1928–1929 წლებში, დიდი დეპრესია რომ იყო, მეტი კი არ იყო ვარდნა. ბაზარი გაგიჟდა. ვერ გაიგო ბაზარმა, თავად რა უნდა, საით უნდა წავიდეს, რა გააკეთოს. ასეთი გაურკვევლობა და ბუნდოვანება მსოფლიო ბაზარზე ჯერ არ ყოფილა. ვეღარ გაუგიათ ბიზნესმენებს, ტრამპის სიტყვები გაუხარდეთ, რომ ახლა იწყება ყველაფერიო, თუ ჩინელებისა, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ კორონავირუსის მთავარი საფრთხე გავლილია და მალე დაიწყება სტაბილურობაო. ბიზნესმენებს ვერ გაუთვლიათ შესაძლო რისკები და საფრთხეები, რადგან ბიზნესს რომ სჭირდება, იმგვარად ამ რისკების გათვლა, ამ ეტაპზე, შეუძლებელია. ურთულესი სიტუაციაა. აღმოჩნდა, რომ მთელი მსოფლიოს ეკონომიკა დამოკიდებული ყოფილა ჩინეთზე. ჩვენ გვეგონა, თურქეთზე ვიყავით დამოკიდებული და თურმე, ჩინეთზე ვართ დამოკიდებული. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გარდა, ქვეყანაში ყველაფერი შემოდის ჩინეთიდან. მსოფლიოში, მგონი, არ დარჩა რაღაცის მწარმოებელი ბიზნესი, რომელსაც ერთი კი არა, რამდენიმე ქარხანა და ფაბრიკა არ ჰქონდეს ჩინეთში. ყველა გაჩერდა და მერე დაითვლიან, რამხელა ზარალი ნახეს ამ კომპანიებმა. წარმოება ხომ გაჩერდა და მზა პროდუქცია დარჩა ჩინეთში და ვერ გაიტანეს ბაზარზე. რომ გაიტანონ, არც არავის უნდა ამ პროდუქციის უდიდესი ნაწილი. ჭინჭებიც კი ჩინეთიდან შემოდის ჩვენთან, ვაგონებით. ახლა ეს პროცესი გაჩერდა და როდემდე, კაცმა არ იცის. თუ იმპორტი არ იქნება, არც ვალუტა იქნება და შესაბამისად, ლარის კურსიც დავარდება. ასეთ დღეში არ ვიქნებოდით, ცხადია, საკუთარი წარმოება რომ გვქონდეს, ჩინეთის წარმოებაზე რომ არ ვიყოთ დამოკიდებულები.
– პრემიერ–მინისტრი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ პრემიერი და ხალხი დააიმედეს, რომ სურსათის, სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების მარაგი არის ქვეყანაში, 3–დან 6 თვემდე ვადის. ეს კარგია, მაგრამ რატომ უნდა იყოს სახელმწიფო ბიზნესის იმედად? თავად რატომ არ უნდა ჰქონდეს ხელუხლებელი მარაგი, თუნდაც სურსათის, წყლის, მედიკამენტებისა და საწვავის? და დღეს არ შეიძლება ამის გაკეთება? ჯერ ხომ არ ვიცით, როდემდე გაგრძელდება ეს მდგომარეობა? სახელმწიფოს ხომ შეუძლია, გამოყოს ბიუჯეტიდან ფული და იყიდოს ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტები და რამდენიმე თვიანი მარაგი მაინც შექმნას?
– ე.წ. ენ–ზე–ს, ხელუხლებელი მარაგების საწყობი დიდუბეში, ავიღეთ და კაპიკებში გავყიდეთ. ჩავთვალეთ, რომ არ გვჭირდებოდა და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფოს არ ვაშენებთ. დღეს ამის გაკეთება უკვე წარმოუდგენელია. მილიარდები სჭირდება ამის გაკეთებას, ჩვენი ბიუჯეტი კი ამის საშუალებას არ იძლევა. მერე, თუნდაც გამონახო თანხა და იყიდო პროდუქტი, სპეციალური საწყობებია ასაშენებელი. ყველა პროდუქტი მისთვის აუცილებელ სპეციფიკურ პირობებში უნდა შეინახო. მაგალითად, როგორ წარმოგიდგენია, რამდენიმე ასეული ტონა ხორბლის შესანახი საცავის ასე სწრაფად აშენება? გარდა მაგისა, ეს მარაგები გროვდება ეტაპობრივად, ერთ დღეში – არა. მერე კიდევ, ახლა რომც მოინდომო, იმდენ ხორბალს, საქართველოს მოსახლეობას, დავუშვათ, ერთი წელიწადი რომ გასწვდეს, ვერც იყიდი. არც ერთი ქვეყანა არ მოგყიდის, რადგან ყველგან ფორს–მაჟორია და სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტები თავად სჭირდებათ. მარტო ხორბალს არა, სხვა პროდუქტებსაც ეხება ეს. ამ ეტაპზე ამის გაკეთება შეუძლებელია, ამაზე ადრე უნდა ეფიქრათ. სხვა გზა არ არის, ამ ეტაპზე ისევ ბიზნესის მარაგის იმედად ვრჩებით, რაც, ცხადია, არ არის ნორმალური. ეს ჩვენი ხელისუფლებების უთაობის ბრალია, წინ არც ერთი არ იყურებოდა და არც ესენი იყურებიან.
– იმის იმედი მაინც უნდა გვქონდეს, რომ ეს ჭკუის სასწავლებელი იქნება ამ თუ მომავალი ხელისუფლებისთვის და „ენ–ზე“–ს, ხელუხლებელი მარაგის შექმნაზე იზრუნებენ მომავალში.
– ვნახოთ, წესით სამომავლოდ უნდა იზრუნონ ამაზე. მით უმეტეს, რომ ძალიან ცუდი პროგნოზებია და კორონავირუსზე უარესი ვირუსების გავრცელებისგან არ ვართ დაზღვეულნი.
– ბატონო ემზარ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასტუმროებსა და რესტორნებს, ტურისტულ სააგენტოებს, სატრანსპორტო კომპანიებსა და საექსკურსიო კომპანიებს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადი 4 თვით გადაუვადდებათ. ეს შეეხება 18 000-მდე კომპანიასა და 50 000-მდე დასაქმებულ პირს. ასევე, 4 ნომრიდან 50 ნომრამდე სასტუმროებისთვის 6 თვის განმავლობაში, მათ საბანკო კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო დაფარავს. რამდენად საკმარისია ხელისუფლების ეს თანადგომა ბიზნესისთვის? ლაპარაკია მხოლოდ ტურიზმზე, მასზე მიბმულ ბიზნესებზე, თუმცა ზარალს ნახავს ყველა ბიზნესი და მათზე არც არის საუბარი.
– რასაკვირველია, ეს არ არის საკმარისი. ეს დიდი უსამართლობაა. ეს მისცემს ერთგვარ უპირატესობას ტურიზმს, მაგრამ ჩავარდება სხვა სახის წვრილი და საშუალო ბიზნესი. საგადასახადო და სხვა სახის შეღავათები სჭირდება თითქმის ყველა სახის ბიზნესს… ჩვენ უნდა შევისწავლოთ, რა ხდება ბაზარზე, რომელი ბიზნეს–სფეროები რამდენად დაზარალდნენ, ვის რა სახის დახმარება სჭირდება. ერთიანი მიდგომა უნდა ჰქონდეს ბაზრის მიმართ ხელისუფლებას და როდესაც მორჩებიან ბაზრის შესწავლას, მერე გამოჩნდება, ვის რა დახმარება და შეღავათი სჭირდება და უნდა დაეხმარონ კიდეც.
– ტურიზმი წინა ხელისუფლებამ აქცია ქართული ეკონომიკის ღერძად, შემდეგ დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს ღერძის უფრო გააფართოვა და გაამყარა. გამოჩნდა, რომ ეს დიდი შეცდომა იყო. თუმცა, ამ შეცდომაზე ჩვენ დღემდეც ბევრი გვისაუბრია. ეკონომიკის სხვა ექსპერტებიც ეუბნებოდნენ ამას წინა და დღევანდელ ხელისუფლებებს, მაგრამ არც ერთს არ ესმოდა. სხვა თუ არაფერი, ხომ ვნახეთ, 2008 წელს მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა რა დღეში ჩააგდო ტურიზმზე დამოკიდებული საბერძნეთი და ესპანეთი. აი, ეს მაგალითები როგორ არ უნდა გაეთვალისწინებინათ?
– ოჯახში, გარეთ, ქვეყანაში ნებისმიერ ერთ რამეზე დამოკიდებულება, არადივერსიფიცირებული მიდგომა წამგებიანია. არ შეიძლება ასე ცალსახა დამოკიდებულება, რომ ტურიზმი უნდა იყოს ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ამაზე სერიოზული მსჯელობაც უკვე არ შეიძლება, ეს არის დილეტანტიზმი. უკვე ეკონომიკაში ჩაუხედავი ადამიანიც ხვდება ამას. ქვეყანა კი არა, ადამიანი გარკვეულ კაპიტალს რომ დააგროვებს, ცდილობს, რამდენიმე სხვა და სხვა სახის ბიზნესში დააბანდოს ფული. თუ ერთი ბიზნესი გაჩერდა, მეორე და მესამე ბიზნესიდან ჰქონდეს შემოსავალი, რომ არ გაკოტრდეს. დიდი სახელმწიფოებრივი აზროვნება არ სჭირდება იმას, რომ ქვეყნის ეკონომიკა ერთ ბიზნესზე არ უნდა იყოს ჩამოკიდებული. გახსოვს, რომ გავიძახოდით, „ბორჯომი“ გადაარჩენს საქართველოსო? მარტო „ბორჯომით“ შევინახავთ თავსო? „ბორჯომი“ დღეს ჩაანაცვლა ტურიზმმა და ეს არის მცდარი მიდგომა. კომპლექსური მიდგომაა საჭირო ყველა კუთხით. ყველა ის დარგი უნდა განვითარდეს, რომლის განვითარებაც შეგვიძლია. კი, ბატონო, იყოს ტურიზმი პრიორიტეტული, მაგრამ სხვა დარგებსაც უნდა ჰქონდეთ ეს პრიორიტეტი. სათანადო დონეზე არაპრიორიტეტული დარგები უნდა განვითარდეს. წარმოება ყველგან პრიორიტეტულია და რაღა ჩვენთან არის ასე მიგდებული? არ შეიძლება, ქვეყანა ყველაფერს ყიდულობდეს და ფაქტიურად, არაფერს აწარმოებდეს.
– პანდემია თუ გაგრძელდა დიდხანს, რამდენიმე თვე მაინც, შიმშილობის საფრთხე ხომ არ გვემუქრება?
– ჩემი ანალიზით, გარდატეხა მოხდა გუშინ. გუშინდლამდე ვიყავით ფსკერზე, ჭაობში და წესით უნდა დავიწყოთ იქიდან ამოსვლა (ინტერვიუ ჩაწერილია 15 მარტს, კვირას. ლ.ჯ.). ჩინეთში დაამარცხეს კორონავირუსი, უკეთესობა შეინიშნება სამხრეთ კორეაში, იტალიაში ბევრად გამოსწორდა სიტუაცია. ჩვენთან უკვე 2 პაციენტი განიკურნა და ეს ძალიან დამაიმედებელია. უკვე გამოსწორებისკენ მოდის სიტუაცია და ვფიქრობ, აპრილის შუა რიცხვებში დასტაბილურდება ვითარება. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება და არანაირი შიმშილის საფრთხე არ მოგველის.
– ამ პანდემიამ კიდევ ერთი რამ გვიჩვენა, რომ სოფლის მეურნეობის იგნორირება იყო მიუტევებელი დანაშული. ეს ხელისუფლებებს ხომ ეხება და ნაწილობრივ, ხალხსაც.
– რასაკვირველია, ეს კიდევ ერთხელ დავინახეთ და ახლა ძალიან თვალნათლივ. „ნიკორას“ და „აგროჰაბის“ ბიზნესი გადამწყვეტიაო, ამათ იმედზე უნდა იყოს ქვეყანა ამ ფორს–მაჟორშიო, როგორ შეიძლება ამის თქმა? საქართველოს სოფლის მეურნეობამ უნდა აწარმოოს თავისი სამყოფი პროდუქცია. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების თემა. უნდა მოვიშოროთ ეს ფსევდო ლიბერალური იდეები, რომ საქართველის არ სჭირდება სოფლის მეურნეობა, რომ უცხოეთში უფრო იაფად ვიყიდით რაღაცას და აქ იგივე ძვირი დაგვიჯდება და მივხედოთ სოფლის მეურნეობას.
– საზღვრების გარეშე ევროპამ და მსოფლიომ და ზოგადად, ამ გლობალისტურმა და ლიბერალურმა იდეამ მარცხი განიცადა?
– არა, ამაში ვერ დაგეთანხმებით. კი, ევროკავშირის ქვეყნებს საზღვრები ღია კი იყო, როდესაც ეპიდემია დაიწყო, მაგრამ როდესაც საფრთხემ მოიმატა, მოინდომეს და მყისიერად ჩაკეტეს საზღვრები. ჩვენი წარმოდგენა საზღვრებს გარეშე ევროპაზე იყო მცდარი. ბოლომდე არ ვიცით ჩვენ, ევროპა რა არის. ბევრი გვაქვს კიდევ სასწავლი.
– ჩვენი ეკონომიკა ფეხზე როდის დაგება? ჯერ არ ვიცით, რამდენი ვიზარალეთ, მაგრამ ზარალი რომ დიდია, ამის თქმა ახლავე შეიძლება.
– კი, დიდია ზარალი. ეს ზარალი ვიდრე არ დაითვლება, პროგნოზის გაკეთება ძნელია. ერთის თქმა შეიძლება. წლის ბოლომდე ქართული ეკონომიკა ფეხზე ვერ დადგება. ამაში არ ვგულისხმობ, კრიზისიდან გამოსვლას. ამას ალბათ, მინიმუმ, 2 წელზე მეტი დასჭირდება. 2022 წლისთვის, იმედია, კრიზისს დავძლევთ.
– უცხოეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური და სხვა სახის დახმარების გარეშე, ალბათ, ვერ დავაღწევთ თავს კრიზისს. საგარეო ვალების აღება მოგვიწევს.
– კი, სამწუხაროდ, ასე იქნება, მაგას ვერ გავექცევით. კრიზისი რომ დასრულდება, ახალი სიტუაცია იქნება ბაზარზე, ახალი მოთამაშეები იქნებიან. განსაკუთრებული ეპოქა დაიწყება, ახალი და უპრეცენდენტო ტექნოლოგიებისა. ჩვენც ახალი ტექნოლოგიები უნდა შევიძინოთ, რომ ნორმალური ეკონომიკა გვქონდეს.
– ცნობილია, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისების დროს, ადამიანთა გარკვეული ჯგუფები მდიდრდებიან. სხვები კოტრდებიან, მათ შორის მულტიმილიონერები, მაგრამ ზოგიერთები მცირე კაპიტალით დიდ ფულს შოულობენ. დღეს ვისაც ფული აქვს შენახული, მათ რას ურჩევთ, სად და რაში უნდა დააბანდონ ეს ფული, რომ მერე კაპიტალი მომგებიანად გაყიდონ და დიდი მოგება ნახონ?
_ ლიკვიდური ქონება უნდა იყიდონ. ფული უნდა გეჭიროს ხელში და უძრავი ქონება უნდა იყიდო, რომელიც გაიაფდა ძალიან. იმ კომპანიების აქციები და წილები უნდა იყიდონ, რომლებიც დღეს წამგებიანია, გაიაფდა და მომავალში ისევ მომგებიანი გახდება. თუ ფულის დაბანდება 2-3 წლიანი ლოდინი შეუძლიათ, მომავალში სოლიდურ მოგებას ნახავენ. ოქრო იყიდონ, რომელიც ასევე, 25%–ით გაიაფდა და სამომავლოდ აუცილებად გაძვირდება.
ლევან ჯავახიშვილი
ალია №10
კომენტარები