ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ინა ასანიძე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში დაბრუნებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავონ:
,,ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, ჩემო საყვარელო ემიგრანტო ქართველებო! დარწმუნებული ვარ, ცოტა ხნის წინ ერთი ჩვენგანიც კი ვერ წარმოიდგენდა, ამგვარი განსაცდელის წინაშე თუ დავდგებოდით, თანაც – მთელი სამყარო არადა, უფალმა იცის, მეც – წლების განმავლობაში ამერიკაში ემიგრირებულს და თქვენც, სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტულებს, რამდენი განსაცდელი გვაქვს გამოვლილი, ჩვენი ოჯახები რომ გადაგვერჩინა. რამდენს გავუძელით, რომ ემიგრაციიდან დავხმარებოდით ჩვენს პატარა და ლამაზ ქვეყანას და იქ დარჩენილ ადამიანებს. ფაქტი კი ის არის, რომ როგორც მთელი სამყარო, დღეს ჩვენც, საქართველოში დარჩენილი ჩვენი ოჯახებიც და ახლობლებიც ყველა განსაცდელზე უდიდეს განსაცდელს შევესწარით.
კორონავირუსი დედამიწას მართლაც შავი ჭირივით შეეყარა და წარმოუდგენელი საშიშროების წინაშე დაგვაყენა. ჩემს ემიგრანტ მეგობრებთან ერთად, შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ყველას მოგწვდეთ, ამ გასაჭირში გვერდით დაგიდგეთ, უცხოეთში ცხოვრება შეგიმსუბუქოთ… მაგრამ, მეც, ისევე როგორც თქვენ, ძალიან მეშინია ხვალინდელი დღის; მეშინია საქართველოში დატოვებული ჩემი ერთადერთი შვილისა და ოჯახის წევრების, ახლობლების გამო; მეშინია, ჩვენი პატარა ერის მომავლის გამო; მეშინია და ვღელავ თითეულ თქვენგანზე.
ბოლო ორ დღეში უკვე ამერიკის შეერთებული შტატები იქცა ყველაზე ცხელი წერტილად. ელვისუსწრაფესად გაიზარდა ინფიცირებულების რიცხვი. მაგრამ ამერიკა მაინც დიდი ქვეყანაა, ევროპის ქვეყნებიც – თუნდაც ტერიტორიით ბევრად უსწრებენ ჩვენს ერთ ბეწო საქართველოს! ამ დღეებში დღესა და ღამეს ვასწორებთ აქ, ამერიკაში და, ასევე, ევროპაში მცხოვრები გულანთებული ემიგრანტი ქართველები, როგორმე ერთმანეთს ამოვუდგეთ მხარში და გაჭირვებაში მყოფ ჩვენს ემიგრანტებს დავეხმაროთ თუ დაბინავებაში, თუ საკვები პროდუქტებით ან მედიკამენტებით… ვისაც რა სჭირდება – იმით. კრიზის-ცენტრებს ვქმნით ევროპის ქვეყნებში, რომ უფრო იოლად მოვძებნოთ ჩვენებურები, უფრო კოორდინირებულად ვიმოქმედოთ, მაგრამ… ძალიან ბევრს ვფიქრობ ერთ უდიდეს და საშიშ, სარისკო ამბავზე, მაგრამ მარტო ჩემი ფიქრი არაფერია, მინდა ეს ნაფიქრი თქვენ გაგიზიაროთ და იქნებ ერთად უკეთ ვიფიქროთ და რაღაც გამოსავალი ვიპოვოთ…”
კომენტარები