ჟურნალისტი, გამოცემა “თაიმერის” დამფუძნებელი, ბერდია კალანდია:
“ენაჭარტალებო, ეს წერილი აუცილებლად წაიკითხეთ – რატომ დასცინიან უსაქმურები გალში მცხოვრებ ქართველ პედაგოგს.
მართალია, გავიძახით, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართო, მაგრამ სინამდვილეში, იმდენი ცუდი თვისება გვაქვს, რომ ჩამოსათვლელად ხელის თითებიც არ გვეყოფა.
ერთ-ერთი ასეთი ცუდი თვისება კი სხვისი დაცინვა, გაჭორვა და ქილიკია, თან ჭორაობას და განკითხვას ისე ვიწყებთ, რომ რეალურად არ ვიცით, კონკრეტული ადამიანი კონკრეტულ ვითარებაში კონკრეტულად ისე რატომ მოიქცა, როგორც მოიქცა.
ჰაერზე საუბარი რომ არ გამოვიდეს, კონკრეტული ვიდეო განვიხილოთ, რომელიც რამდენიმე დღეა, სოცქსელების ჰიტად იქცა და ვისაც არ ეზარება, ასაკოვან ქართველ ქალბატონს დასცინის, ამუნათებს, ჭკუას არიგებს…
ვიდეოს შინაარსი ასეთია: გალში მცხოვრები ქართველი ქალბატონი, რომელიც გერმანულის მასწავლებელია, ბავშვებს, სავარაუდოდ, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, გერმანულში ახალ გაკვეთილს უხსნის. ბავშვები გერმანულს ვერ იგებენ და… თან პედაგოგს ვიდეოს უღებენ. ქალბატონი იძულებულია, ბავშვებს რამე რომ გააგებინოს, გერმანული მასალის ასახსნელად რუსულ-მეგრულად ილაპარაკოს.
ჰოდა, სწორედ ეს რუსულ-მეგრული გახდა ქილიკის და განსჯის საგანი, რატომ არ საუბრობს ქართულადო.
ქალბატონებო და ბატონებო, გასაგებია, რომ ენას ძვალი არ აქვს, მაგრამ ვიდრე პედაგოგს დასცინებთ, ჯობდა, ცოტა ჭკუა გეხმარათ და გაგეხსენებინათ, რომ რუსებისგან ოკუპირებულ გალში ქართულად ლაპარაკი დასჯადია, ანუ უფრო კონკრეტულად: კარგა ხანია, ოკუპირებული გალის სკოლებში ქართულად სწავლა აკრძალულია და ყველა, ვინც ქართულად დაილაპარაკებს, ისჯება.
შესაბმისად, მასწავლებელმა, რომელმაც იცის, რომ ბავშვები ვიდეოს იღებენ, თუ ქართულად იტყვის რამეს, მხოლოდ თვითონ კი არა, მოსწავლეებიც დაისჯებიან.
ამიტომ, იძულებულია, ახალი გერმანული მასალა ბავშვებს ხან მეგრულად აუხსნას და ხან – რუსულად.
ამიტომ, ასაკოვანი პედაგოგი მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, ბავშვებსაც იცავს საოკუპაციო რეჟიმის ტერორისგან.
მოკლედ, ძმანო და დანო, ვისაც ენა გეფხანებათ და სოციალურ ქსელში წერის მეტს არაფერს აკეთებთ, სანამ ვინმეს დააცხრებით, ჯერ კარგად დაფიქრდით, თავი იმ ადმიანის ადგილას წარმოიდგინეთ და „ყეფა“ მერე დაიწყეთ!
აბსოლუტური უსაქმურები, უხერხემლო და უვიცები ხართ ვინც ამ ქალბატონზე “ღადაობთ”.
ჩემი მხარდაჭერა ჩემთვის უცნობ, მაგრამ გმირ პედაგაგოს!!!
ვიდეომასალას შეგნებულად არ ვდებ.”
კომენტარები